”იქს-ფაქტორის” მოცეკვავე თამუნა, რომელიც 6 ადგილას მუშაობს (!), ცხოვრებისა და საქმის სიყვარულზე თამუნა აბესაძე ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც უნახავს ტელევიზორში და სავარაუდოდ, აღფრთოვანებულა კიდეც მისი ცეკვითა და გარეგნობით. თუმცა ალბათ უმეტესობამ არც სახელი იცოდით მისი და არც გვარი. 28 წლის თამუნა წარმატებული ქართული პროექტების მოცეკვავეა, მონაწილეობა მიუღია ფილმებში, სერიალებში, სარეკლამო რგოლებში, კლიპებში. შოუბიზნესის სფეროში მას ყველა იცნობს, ისევე, როგორც იცნობენ მუსიკალური ბავშვების მშობლები - თამუნა ხომ ბავშვებსაც ასწავლის ცეკვას. და ვინც იცნობს, ყველა გაოგნებულია ამ გოგონას უზომო შრომისმოყვარეობით, გადამდები სიცოცხლის სიყვარულით და საოცარი დისციპლინით. ჭიათურიდან თბილისში წლების წინ ჩამოსული გოგონა ცეკვის სიყვარულმა ცნობილ დასამდე - ”ვერნისაჟამდე” მიიყვანა, მერე კი დაიწყო და დაიწყო, პროექტები, ინიციატივები, შოუები. ყველას უყვარს მასთან მუშაობა, რადგან არასდროს არაფერი ეზარება, ყველაფერს ასწრებს და სულ ფორმაშია.
ეს მცირე ექსკურსი თამუნას წარსადგენად დაგვჭირდა მათთვის, ვინც არ იცნობს, ვისაც ახალი თაობის იმედი არ აქვს და ასევე მისი თანატოლებისთვის, რომელთათვისაც თამუნასნაირი შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები უნდა იქცნენ სამაგალითოდ და არა ისინი, რომლებიც მხოლოდ სკანდალებითა და სხვა ”იოლი” ხერხებით ცდილობენ პოპულარობის მიღწევას და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას.
- თამუნა, დავიწყოთ თავიდან. გვიამბე, როგორ და სად დაავადდი ცეკვით?
- დავიბადე და გავიზარდე ჭიათურაში. ცეკვის სიყვარული ჩემთან ერთად იზრდებოდა ჩემში და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა ყოველთვის. ბავშვობიდან მიყვარდა შრომა და დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებებს აუცილებლად მივაღწევდი. ძალიან ფერადი, მრავალფეროვანი და ტკბილი ბავშვობა მქონდა.
- ამჟამად რას აკეთებ? ვიცი, რომ ბევრ ადგილას ხარ დაკავებული და ყველგან ახერხებ შენი სიტყვის თქმას...
- ამჟამად ვარ ერთ-ერთი კერძო სკოლის ქორეოგრაფი, ორი საბავშვო სტუდიის ქორეოგრაფი, ვმუშაობ "რუსთავი 2"-ში, პროექტ ”X-ფაქტორის” მოცეკცავედ, ვცეკვავ "ვერნისაჟში" და ასევე მაქვს ჩემი სტუდია ცეკვის მოყვარულთათვის - ვაკეთებ ქორწილებისთვის შოუებს და ინდივიდუალურად ვასწავლი ცეკვის ყველა სტილს.- როგორია შენი ერთი დღე? ალბათ რთულია ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა... ამ ასაკში, როცა მეტად უნდა ერთობოდე და პირადი ცხოვრების აწყობაზე ფიქრობდე თითქოს, შენ მთელ დროს მუშაობას უთმობ...
- ჩემი ერთი დღე ძალიან დატვირთულია და ყოველი დღე განსხვავებულია. დილით ადრე ვიღვიძებ, ვემზადები და მივდივარ "რუსთავი 2"-ში. 6-საათიანი ვარჯიშის შემდეგ, მივდივარ სტუდიაში ან სკოლაში მოსწავლეებთან, ვატარებ გაკვეთილებს... "ვერნისაჟში" რეპეტიციები გვიან გვეწყება, თეა (თეა გობეჯიშვილი, "ვერნისაჟის" ხელმძღვანელი – ავტ.) ძალიან გვეხმარება და უწყობს ჩვენ გრაფიკს დროს. იქიდან სახლში მივდივარ და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებ საღამოს. კვირის ბოლო დღეს ხშირად ვტოვებ ქალაქს და განტვირთვას ვაკეთებ.
მართალი გითხრათ, დროის უკმარისობა ყოველთვის მაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერს ვასწრებ, იმიტომ, რომ წინა დღით ვგეგმავ და განსაზღვრული მაქვს ყველაფერი. პროექტის პერიოდში ძალიან რთულია სტუდიებში მუშაობა, მუდამ გადარბენებზე ვარ, ამიტომ მყავს დამხმარე, რომელიც სტუდიებში ჩემ დადგმულ პროგრამას ამუშავებს.- სად გრძნობ თავს ყველაზე კარგად?
- სცენასა და სახლში კველაზე კარგად ვგრძნობ თავს, ოჯახური იდილია ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა.
- შენი პირადი გამოცდილებით, რა არის მთავარი საქმეში წარმატებისთვის - შრომისუნარიანობა, მონდომება, საქმის სიყვარული თუ კიდევ რამე სხვა?
- წარმატების მთავარ განმსაზღვრელად მიმაჩნია შრომისმოყვარეობა, მონდომება, საქმის სიყვარული, საქმისადმი პასუხისმგებლობა და დროის სწორად განაწილება. ის დრო, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტული საქმისათვის, არ შეიძლება მოახმარო სხვა რამეს.
- როგორია სცენაზე დგომა და ცეკვა ლაივში, როცა ასეთი დაძაბულია გარემო და მართლა უცხელესი ტემპერატურაა?
- სცენაზე დგომა და ცეკვა ლაივში ყველაზე დიდი სიამოვნებაა, პასუხისმგებლობა და ნერვიულობა. გასვლის წინ ჩემი განცდები მაქვს, გული სხვანაირად ძგერს და სცენაზე გასვლის შემდეგ სხვა ადამიანი ვხდები, მთელ ენერგიას, ემოციას სცენაზე ვტოვებ...
- თუ გულშემატკივრობ ხოლმე ვინმეს განსაკუთრებულად ასეთ პროექტებში და როგორ გამოხატავ ამას?
- პროექტში, განსაკუთრებულად ამ სეზონზე არავის ვგულშემატკივრობ. ჩვენთვის მთავარია, ყველა მონაწილეს კარგი და მაღალი დონის შოუ დავუდგათ. ხშირად მითქვამს მომღერლისთვის, იმ ხარისხით იმღერე, როგორც ჩვენ ვცეკვავთ-მეთქი (იცინის).
- ალბათ თქვენც იძაბებით, მოცეკვავეები, როცა მომღერალი ცუდად მღერის, რაღაც ეშლება ან რამე სხვა ლაფსუსია სცენაზე. რას აკეთებთ ამ დროს?
- მომღერალი როცა ცუდად მღერის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი კვირა ორიგინალურ ვერსიაზე ვმუშაობთ. ყურს ცუდად ხვდება, მაგრამ რასაკვირველია, არ ვიმჩნევთ და ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ ცეკვას.
- ძალიან თამამი კოსტიუმები გაცვიათ ხშირად. ადვილად თანხმდებით ამ კოსტიუმებზე თუ ეს საკითხი არც განიხილება?
- კოსტიუმები კარგად შერჩეულია და ამ შოუს უხდება. არის ხოლმე შემთხვევები, რომ არ მოგვწონს და ცვლილებები შეგვაქვს. საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორი კოსტიუმი მაცვია, გემოვნებიანი და დახვეწილი უნდა იყოს. როცა დახვეწილი და კარგად გაკეთებულია, მის სითამამეს აღარ აქცევს მაყურებელი ყურადღებას.
- ვიცი, რომ ბავშვებთან მუშაობ. საინტერესოა, რა განცდაა მათთან მუშაობა?
- ბავშვებთან მუშაობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და პასუხისმგებლობით სავსე საქმეა. მხოლოდ ცეკვის სწავლა არაა ჩემი საქმე. დისციპლინა, გაკვეთილზე მოქცევის წესები და ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი სიყვარულია მთავარი. ყველას არ შეუძლია ცეკვა და ამით ბავშვი არ უნდა დაძაბო, თამაშ-თამაშით ვაყვარებ ცეკვას.
- რამდენად სწრაფად ითვისებენ პატარები ცეკვებს და რა სირთულეები გხვდება ხოლმე მათთან?
- ყველა ბავშვი სხვადასხვანაირად ითვისებს ცეკვებს, ამ დროს ვცდილობ ბევრი ვიმუშავო მათთან, ვინც რთულად სწავლობს და ერთობლიობაში აღარ შეიმჩნევა. ნახაზებსაც ისე ვალაგებ, რომ ყველა თანაბრად მოძრაობს სცენაზე.
- რას ურჩევ მშობლებს, როგორ შეუწყონ ხელი ბავშვების აქტივობას, ატარონ ცეკვაზე...
- მშობლებს ვურჩევ, გოგონა ჯერ მხატვრულ ტანვარჯიშზე ატარონ, ბიჭი - სპორტულ ტანვარჯიშზე, 4 წლის მერე კი ცეკვაზეც დაიწყონ. ამ დროს ბავშვი უკვე კარგად გამართული და გახსნილია, მარტივია მისთვის ცეკვის მოძრაობების გაკეთება. ზოგადად, მშობლების მოთხოვნით ცეკვაზე სიარული ბავშვისთვის, რომელსაც არ უყვარს ცეკვა, ძალიან ცუდია. ამით მის ფსიქიკას ვანგრევთ. ბევრი შემთხვევა მქონია, დედა თვეობით ატარებს შვილს და ატირებს საათობით, რომ ცეკვაზე იაროს. 2 კვირა შესაძლებელია ცდა, მეც ვცდილობ, რომ იცეკვოს, მაგრამ თუ არ მოინდომა ბავშვმა და არ აგყვა, გამორიცხულია შედეგის მიღწევა.
- რას გვეტყვი ოჯახის წევრებზე? თუ გიდგანან გვერდით და რას ფიქრობენ შენს ასეთ დატვირთულ რეჟიმზე?
- ჩემი ოჯახის წევრები თავიდანვე ჩემ გვერდით იდგნენ. დატვირთული რეჟიმის გამო, ოჯახის თითოეული წევრი მეხმარებოდა თავისებურად. დედა ყველაზე მეტად ზრუნავდა იმაზე, რომ ჩემთვის შეექმნა შესაფერისი გარემო და მეხმარებოდა ყველაფერში, ხოლო მას შემდეგ, რაც თბილისში გადმოვედი, ჩემი და იყო ჩემი დამხმარე და დღემდე გვერდით მიდგას.
- მახსოვს, შენი ძმაც ცეკვავდა შენთან ერთად. აღარ ცეკვავთ ერთად?
- ჩემი ძმა ცეკვავდა ჩემთან ერთად და კონცერტებიც ხშირად გვქონდა. სამწუხაროდ, ახლა აღარაა ასე აქტიური შოუბიზნესი და სტაბილური სამსახური აირჩია, თუმცა კვლავ ხელოვნებას ემსახურება. დიდი სცენის გარდა ყოველთვის ვცეკვავთ და ვდგამთ ცეკვებს ჩვენთვის.
- როგორ უვლი თავს, როგორ ახერხებ ფორმაში ყოფნას ამ რეჟიმის პირობებში? რამე დიეტები გაქვთ მოცეკვავეებს, თუ მხოლოდ ვარჯიშის შედეგია?
- თავის მოვლის მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს ვიყენებ. მაკიაჟი და ქუსლებზე დგომა ყოველდღიურად არ მიყვარს და არც მაქვს ამის დრო. რამდენადაც სპორტულია ჩემი ცხოვრების სტილი, იმდენადვე სპორტული ვარ. საკონცერტო მაკიაჟის ფონზე კი სახის კანი კარგ მდგომარეობაში მაქვს ხილის ნიღბების წყალობით. დიეტას ვერ ვახერხებ, იმდენად დიდ ენერგიას ვხარჯავ, თუ არ ვჭამე, ძალა არ მაქვს. თუმცა სულ ვაკონტროლებ, რომ არ მოვიმატო, ძალიან ბევრ ხილს მივირთმევ, საღამოობით ვცდილობ, მსუბუქად ვიკვებო. დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს, ვცდილობ მოწესრიგებული მქონდეს, რომ დღე ენერგიულად გავაგრძელო.
- რა სამომავლო გეგმები გაქვს და საერთოდ რაზე ოცნებობ? რას ფიქრობ მომავალში?
- სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მიყვარს. რა თქმა უნდა, მაქვს და მჯერა, რომ ასრულდება. ჩემი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი ხელოვნების სკოლა, სადაც ბავშვები ცეკვის გარდა ხელოვნების ყველა სფეროში მიიღებენ განათლებას. მომავალი, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო აქტიური, ფერადი და მრავალფეროვანი მექნება.
- ალბათ ახლო მომავალში პირადი ცხოვრების აწყობაზეც ფიქრობ, თუ არის ეს ახლო გეგმებში და საინტერესოა, თუ დათმობ ცეკვას პირადი ცხოვრების გამო?
- პირადი ცხოვრების აწყობაზე ვფიქრობ, მაგრამ ეს ახლო მომავლის გეგმები არ არის. ცეკვას პირადი ცხოვრების გამო არ დავთმობ... თანაბრად გავანაწილებ დროს და ორივე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდება. პირადი ბედნიერება მეტ ენერგიას და სტიმულს მომცემს, ცხოვრების მთავარი აზრიც ესაა.
- რას ურჩევ ახალგაზრდებს? ალბათ ჯობს, ცხოვრების ასეთი ჯანსაღი წესით, თუნდაც ცეკვით დაკავდნენ და ასე მოიხსნან პრობლემები, მოდუნდნენ, გაიხალისონ ცხოვრება?
- ახალგაზრდებს ვურჩევდი, იპოვონ ის, რაც მათშია და აკეთონ ის საქმე, რომელიც დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ. ადამიანი ყველაზე დიდ დროს სამსახურში ატარებს და ეს არ უნდა იყოს იძულებითი საქმე, თორემ მათი ცხოვრება უინტერესო და უაზრო გახდება. ფიტნესი, ცეკვა, ცურვა, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისთვის, ასე ცხოვრება მეტად ხალისიანი და ლამაზი გახდება. მშობლებს ვურჩევდი, რომ ასწავლონ შვილებს პროფესიის სიყვარული, ხელი შეუწყონ სასურველი და საყვარელი საქმის პოვნაში და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებებს.
ლელა ზურებიანი