"დავამზადეთ ხელნაკეთი ნივთები, ასევე შევაგროვეთ ჩვენი სათამაშოები. დავაწერეთ ფასები და ეზოში გამოვიტანეთ გასაყიდად..." ზაფხულის არდადეგები ბევრი ბავშვისთვის ინსპირაციის წყაროა. ამ თავისუფალ დროს ისინი სხვადასხვანაირად იყენებენ. დღეს, სრულად შემთხვევით ძველი თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში, სოლოლაკში, ეზოს კართან ასეთი წარწერა შევნიშნე: "მობრძანდით და შეიძინეთ ხელნაკეთი ნივთები - საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა". რა თქმა უნდა, დავინტერესდი, რამდენიმე ნივთი შევიძინე და გოგონებსაც გავესაუბრე.
"ეს იდეა გუშინ დაგვებადა. დავამზადეთ ხელნაკეთი ნივთები, ასევე შევაგროვეთ ჩვენი სათამაშოები. დავაწერეთ ფასები და ეზოში გამოვიტანეთ გასაყიდად. დღის ბოლოს შეგროვებული თანხა (7ლარი და 50 თეთრი) ჩავყარეთ ყუთში, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს, სუპერმარკეტში დევს. ამით ჩვენ ვეხმარებით დაავადებულ ბავშვებს, გვინდა, რომ მათ გამოიყენონ ეს ფული და ცოტათი მაინც გახალისდნენ", - თეკლა ბუნაძე, 10 წლის - გამოფენა-გაყიდვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც თავის დასთან - სალისა და მეგობართან ერთად აკეთებს ამ სასიკეთო საქმეს.
"ჩვენ დავამზადეთ სპეციალური მოსაწვევი ბარათები, გარეთ გავდივართ და გამვლელებს ეზოში ვეპატიჟებით. დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე გვქონდა, თანხა 9,40 შევაგროვეთ, თუმცა ჯერ დღე არ დასრულებულა და იმედი გვაქვს, კიდევ ბევრი ადამიანი შეიძენს ჩვენს ნამუშევრებს. ვფქრობთ, რომ თუ სხვა ეზოს ბავშვებიც ასე მოიქცევიან, ჩვენ დაავადებული ბავშვების უფრო მეტად დახმარებას შევძლებთ. ვგეგმავთ ასევე საქველმოქმედო კონცერტებს და გამოფენებს. მობრძანდით, ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება" - ლიზი გორგოშიძე, 9 წლის, გამოფენა-გაყიდვის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
"ძალიან საყვარელი გოგონები არიან, როგორც კი წარწერა შევნიშნე, მაშინვე შემოვედი ეზოში. შევიძინე ხელთნაკეთი სამაჯური. კარგია, რომ თვითონ ქმნიან ამ პატარა ნამუშევრებს და ასევე სხვა ბავშვებს ეხმარებიან. ასეთ ასაკში ნამდვილად მისასალმებელია მათი სურვილი და წამოწყება, დაეხმარონ სხვა ბავშვებს. წარმატებები მინდა ვუსურვო გოგონებს და იმედი მაქვს, როდესაც გაიზრდებიან, მათ ნამდვილად ექნებათ თავიანი ბიზნესი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს სხვა ბავშვების დახმარების საქმეში. მოვუწოდებ ყველა გამვლელს, ვინც ასეთ წარწერას შენიშნავს, გულგრილად ნუ ჩაუვლიან მას", - ნინო მგელაძე.
დაგვეთანხმებით, რომ ნამდვილად სასიამოვნოა პატარების საქციელი. სიკეთე გადამდებია...
სალომე გორგოშიძე