ბევრმა არ იცის, რომ თორნიკეს ქალიშვილი მისი პარტნიორია სერიალში არც ისე დიდი ხანია, სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" დაიწყო და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. რეალისტურმა გარემომ, ოჯახურმა ამბებმა და საკმაოდ კარგი გუნდის კარგმა ნამუშევარმა საზოგადოება მალე აალაპარაკა. რასაკვირველია, აქტუალური გახდნენ მთავარი როლების შემსრულებლებიც. პირველ რიგში, სერიალის ძირითადი ხაზის სათავეში მდგომი თორნიკე გოგრიჭიანი.
მსახიობს მანამდეც იცნობდა, განსაკუთრებით თეატრის მაყურებელი, და ბევრი აღიარებს მის ნიჭიერებას და პროფესიონალიზმს. "ხელოვნურ სუნთქვაში" სრული ასპარეზი აქვს, სამსახიობო ნიჭი კიდევ უკეთ წარმოაჩინოს. დაქვრივებული კაცის, მარტოხელა მამის როლი შესანიშნავად მოირგო და დამაჯერებლადაც თამაშობს. სინამდვილეში როგორი მამაა თორნიკე და როგორია მისი რეალური ოჯახი?
სინამდვილეში თორნიკეს ულამაზესი ცოლი ჰყავს - მსახიობი ნინო ქორიძე. ნინო "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის კახა ქორიძის ქალიშვილია. პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი - 24 წლის ირაკლი კვირიკაძე ჰყავს.
წყვილის ქორწილმა თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ თორნიკე 24 წლის იყო, ხოლო ნინო - 37-ის. გაცილებით დიდი ეფექტი ულამაზესი წყვილის ფოტოებმა მოახდინა საზოგადოებაზე. ყველამ აღნიშნა, რომ სიძე-პატარძალი ერთმანეთს არ ჩამოუვარდებოდა გარეგნობით.
წყვილმა ერთმანეთი სერიალის "გოგონა გარეუბნიდან" გადაღებებზე გაიცნო და მათი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა. მოგვიანებით ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა ამ პერიოდს:
"როცა ჩემს ცხოვრებაში თორნიკე გამოჩნდა, სიყვარულის ან ოჯახის მოლოდინი საერთოდ არ მქონდა. როგორც წესი, ასეთ რაღაცებს ვერ დაგეგმავ. ჩვენი სიყვარული ძალიან სწრაფად განვითარდა, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შორის რაღაც აფეთქება მოხდა... გამორიცხულია, სიყვარულს მტერი არ ჰყავდეს და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. დღემდე არ ვიცი, ვიღაცებს ჩვენი ერთად ყოფნა რატომ არ უნდოდათ. ყველაფერი გადავლახეთ, დღეს კი ოჯახური ცხოვრება ძალიან ჰარმონიულია...
წაიკითხეთ: ცნობილი ქართველები, რომლებსაც ბევრად უმცროსი მეუღლეები ჰყავთ - ქორწინება და ასაკი
როცა ვთხოვდებოდი, ამბობდნენ, ძალიან ცუდია, როდესაც ქალი კაცზე უფროსიაო. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ამის პლუს–მინუსები. ამის შემჩნევა ალბათ გვერდიდან უფრო შეიძლება. თორნიკე ჩემზე პატარა იქნება, დიდი თუ ჩემი ასაკის, რა მნიშვნელობა აქვს? ეს მთავარი არ არის. ჩვენ შორის ურთიერთობა შედგა, აღმოჩნდა, რომ თანამოაზრები ვართ და თანხვედრა მოხდა.
ჩემთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, ირაკლი როგორ მიიღებდა თორნიკეს, მეტი არაფერი. თორნიკე და ირაკლი კარგად უგებენ ერთმანეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
ბედნიერი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, ესაა ყველაფრის თავი და თავი. ვინ როგორ აღიქვამს სიყვარულს და რას დაარქმევს, ეს უკვე ინდივიდუალურია. ყველას თავისი სიყვარული ყველაზე მაგარი ჰგონია".
ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო ასევე იხსენებს თავის ადრეულ ასაკში გათხოვებას:
"16 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და იმდენად წავედი პირადულისკენ, რომ ხატვას, პრაქტიკულად, თავი დავანებე. მაშინ ხშირი იყო მოტაცებები და მეც ერთ-ერთი მოტაცებული აღმოვჩნდი (იცინის). მართალია, მანქანაში ძალით არავის ჩავუტენივარ, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მოტყუებით აღმოვჩნდი ქალაქგარეთ. გარდატეხის ასაკის მერე, როდესაც უკვე აღარ ვთამაშობდი ბიჭებთან ფეხბურთს, დავსერიოზულდი და პრანჭვა დავიწყე, გავთხოვდი კიდეც. ჩემს დას, რომელიც ახლა 21 წლისაა, თექვსმეტის რომ გახდა და გავიაზრე, ზუსტად იმხელა ვიყავი, რომ გავთხოვდი, შოკში ჩავვარდი, გადავირიე – თურმე მთლად ბავშვი ვიყავი. ჩემი მეუღლე კი 18-ის იყო. ორ წელიწადში ერთმანეთს დავშორდით... პირველი ქმარი იყო დათო კვირიკაძე, „ბათურას“ ეძახდნენ. გვყავს ერთი შვილი, ირაკლი კვირიკაძე... ალბათ, ადრე გათხოვების ერთადერთი პლუსი სწორედ შვილია. თან ირაკლი მაღალი ბიჭია და, ვინც არ იცის, ყველას ჩემი ერთ-ერთი ძმა ჰგონია..."
ნინო მოგვიანებით კიდევ ერთხელ გათხოვდა და მისი ქმარი კოტე გოგელია გახლდათ, რომელიც ამჟამად მაკა ასათიანის ქმარია. წლების შემდეგ კი მსახიობმა ნამდვილი სიყვარული თავისივე კოლეგებს შორის იპოვა და დღემდე ბედნიერია.
წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - ნატალია, რომელიც, ბევრმა არ იცის, რომ სერიალში თორნიკეს ქალიშვილის როლს ასრულებს, წარსულის მოგონებების კადრებში.
ნატაშკა მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და მამას კარგ პარტნიორობას უწევს. როგორც ოჯახური ფოტოებიდან ჩანს, თორნიკე კარგი მამაა და გაცილებით მეტ დროს უთმობს ოჯახს, ვიდრე მისი პერსონაჟი "ხელოვნურ სუნთქვაში".