"როცა ოჯახში ჩნდება ბავშვი, "მერე რა მოხდა, არ შემიძლია ასე ცხოვრება და მივდივარ", არ არის გამართლებული. გაუფასურდა დღეს დედისა და მამის როლი" ქალბატონი ეკა მჟავანაძის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში ინტერესი ხშირად ჩნდება. თითქმის ყველა პოპულარულ სერიალში გამოჩნდა ან რაიმენაირად იყო მასთან დაკავშირებული. ექიმი დედისა და მსახიობი მამის ოჯაში გაიზარდა. ფართო აუდიტორიამ ის "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო, შემდეგ იყო "ჩემი ცოლის დაქალები", ახლახან - "ხელოვნური სუნთქვა". ცოტამ თუ იცის, რომ ქალბატონი ეკა ქართულ ბაზარზე არსებული არაერთი სერიალის თუ ფილმის კასტინგების მენეჯერიც არის, ანუ სერიალების მსახიობების შერჩევაში უდიდეს როლს ასრუილებს.
მის მიმართ ინტერესი დღეს განსაკუთრებით მაღალია, ამიტომ ამონარიდს გთავაზობთ მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "რეიტინგს" მისცა.
- დედაჩემი, ეთერ დადიანი, ექიმი გახლავთ და საკმაოდ კარგი ექიმი. მის პროფესიონალიზმს მისი დაკავებულობიდან გამომდინარე ვსაზღვრავ. შაბათ-კვირასაც კი სულ ავადმყოფებთან იყო. რთულად ნახავდით სახლში. მე ძირითადად ბებიასთან ვიზრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ხშირად ლაპარაკობდნენ ამ პროფესიაზე, ექიმობა მაინც არ ავირჩიე. დედაჩემი ტრადიციული ქალი იყო და არის დღესაც. 84 წლისაა და ასე მგონია, მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცია, თავისი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე, ყველაფერს მას ვეკითხები. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ თანამედროვედ აზროვნებს. ყველანაირად ინფორმირებულია და საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს. რამეს რომ ვითამაშებ და ნახავს, ზუსტად მეუბნება, სად შემეშალა და რა მოეწონა. მამაჩემი, კუკური მჟავანაძე, წლების განმავლობაში. მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ. ჰქონდა სახალხო თეატრი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. შეიძლება ითქვას, რომ მე თეატრში ვიზრდებოდი. ფაქტობრივად, მამის პროფესიას გავყევი. 18 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მარტონი ვიყავით მე და მამა სახლში, დედა არ იყო თბილისში.M მარტი იყო, მამას თავისი თეატრი ჰყავდა წაყვანილი გასტროლებზე ლიტვაში - ვილნიუსში. მეც მათთან ერთად ვიყავი. რომ ჩამოვფრინდით, მეორე დილით სისხლის ჩაქცევა დაემართა. 1-2 საათი იცოცხლა. გონზე იყო. გვერდით ვეჯექი და ვტიროდი. ის კი მარიგებდა. მესამე შვილი ვიყავი, ნაბოლარა და მასთან ვცხოვრობდი. ჩემი დები გათხოვილები იყვნენ უკვე. ყველას, ვინც მომაკვდავ მამასთან შედიოდა, ეუბნებოდა, ეკას მიმიხედეთო. მაშინ უკვე პირველ კურსზე ვიყავი. ჩემი მეგობარი იყო მამა, ერთ საქმეს ვემსახურებოდით და ძალიან ადრე გამომეცალა ხელიდან, ძალიან დამაკლდა.
- როგორც უმცროს შვილს, გათამამებდნენ ოჯახში?
- ძალიან. მამაჩემისგან უფრო მახსოვს გათამამება, დედა ცოტა მკაცრი იყო. დამოუკიდებელი ვიყავი ბავშვობიდან და დღესაც ასეთი ვარ.
- ის ერთი და მთავარი, ოჯახი რომ ჰქვია, როდის მოვიდა?
- 23 წლის ვიყავი. ინსტიტუტი დამთავრებული მქონდა. ერთი იყო მართლაც და მთავარი. შევაბერდით ერთმანეთს. ჩემი პროფესიის არ არის ჩემი მეუღლე. ახლა არ არის ქალაქში, მაგრამ ჩემი ქმარია, ერთად ვართ და ორი შვილი მყავს მისგან. მიყვარდა და დღემდე მიყვარს. ერთხელ ვთქვი, მიყვარდა-მეთქი და მისაყვედურა, რას ჰქვია გიყვარდიო (იცინის).
- თქვენი პროფესიისადმი პროტესტი არასდროს გასჩენია?
- როგორ არ გასჩენია. მაგაზე დიდი რომანი დაიწერება. ამას მერე მოვყვები, შემდეგ წლებში თუ მოხვალთ ჩემთან ინტერვიუზე. დიდი ისტორიაა, რომელსაც ჯერჯერობით არ ვამხელ.
- სიყვარული ხუნდებაო, რომ ამბობენ, მართალია?
- ჩემთვის არ გახუნებულა. ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად მე და ჩემმა ქმარმა და მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე გვიყვარს ერთმანეთი. ეტყობა, მე მხოლოდ ერთხელ სიყვარული შემიძლია. დიდი ბიჭები გვყავს, 22 წლის და 15-ის. საერთოდ, ვგიჟდები ოჯახზე. სიტყვა ოჯახი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, არის დიდი და მოსიყვარულე ოჯახი. ყველაფერი გაუბრალოვდა რატომღაც. წინასწარ არავინ იცის, რა და როგორ მოხდება. ამიტომ ყველას ვეუბნები, როცა ოჯახში ჩნდება ბავშვი, "მერე რა მოხდა, არ შემიძლია ასე ცხოვრება და მივდივარ", არ არის გამართლებული. გაუფასურდა დღეს დედისა და მამის როლი. არავის განვსჯი, უბრალოდ, ვამბობ, რომ მე ასე ვერასდროს ვიცხოვრებდი. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვი იჩაგრება. ოჯახის გამო კარიერაში დათმობებზეც წავსულვარ. ერთხელ, როცა დავიწუწუნე, ერთმა მსახიობმა მითხრა, შენ კარგი დედაც გინდა იყო, კარგი ცოლიც და კარგი მსახიობიც, ეგ ძალიან რთულიაო. მართლაც რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი არ არის აზიატი და ბევრ რამეში ხელს მიწყობდა კიდეც, თვითონ მითქვამს უარი ისეთ რამეზე, რაც ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს არ შეეფერებოდა.
- თვითონ რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს. რამეს უკრძალავდით?
- მათთან ვმეგობრობ, მაგრამ ზღვარი ყოველთვის არის ჩემსა და შვილებს შორის. პატივს მცემენ, მაფასებენ, იზიარებენ ჩემს აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დამოუკიდებლები არიან, უფროსი განსაკუთრებით. მათ ცხოვრებაში არასდროს ვერევი, არასდროს არაფერი ამიკრძალავს მათთვის. უბრალოდ, მივანიშნებდი, რა იყო კარგი, და რა - ცუდი.
- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავთ, საბედისწერო შეცდომა თუ დაგიშვიათ ცხოვრებაში?
- ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვდგამ ნაბიჯებს. არ ვარ რისკიანი. ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ალბათ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი, რომ მთელი ცხოვრება სანანებლად მქონდეს, არ მახსენდება. ვუფრთხილდები ადამიანებს. მირჩევნია მე მეწყინოს, ვიდრე მე ვაწყენინო სხვას. თუ ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი და გამოასწორე, კარგია. მთავარია, იგივე შეცდომა მეორედ და მესამედ აღარ დაუშვა, თორემ ადამიანები ვართ, საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ.