როცა ჩემი ვაჟი გაიზრდება, აუცილებლად ვუამბობ, როგორ მიხსნა "ჩემმა შვილმა, რომელიც ჯერ არც იყო გაჩენილი, გადამარჩინა", _ ამბობს აღტაცებული დედა, ბრიტანელი ნიკოლა ველერი. ქალს საშვილოსნოში აღმოუჩინეს სიმსივნე. გადიოდა მკურნალობის კურსს და უკვე საოპერაციოდ ემზადებოდა, რომელიც საკმაოდ სარისკო გახლდათ. როდესაც საავადმყოფოში მივიდა, გაირკვა, რომ ორსულობის მეშვიდე კვირაში იყო. არადა, ნიკოლა არ აპირებდა კიდევ ბავშვის ყოლას და თავს იცავდა, კონტრაცეპტივებსაც კი სვამდა, თუმცა მაინც დაორსულდა. შედეგად, იმ ჰორმონების წყალობით, რომლებსაც ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს ორსულობის დროს, სიმსივნე განადგურდა. ესეც გამოკვლევის დროს აღმოაჩინეს გაოცებულმა ექიმებმა.
"ეს ნამდვილი საოცრებაა. თავად ორსულობაც საოცრება იყო, მე ხომ არ ვაპირებდი შვილის გაჩენას. მაგრამ ჩემმა ჯერ არ გაჩენილმა შვილმა რომ განმკურნა, ეს ნამდვილი სასწაულია", - ამბობს ნიკოლა.
როდესაც სიმსივნე აღმოუჩინეს, ექიმებმა მაშინვე ამცნეს ქალს, რომ საოპერაციო იყო. მაშინ მისი ქალიშვილი ოთხი წლის გახლდათ და ნიკოლა ძალიან ღელავდა, რომ შეიძლებოდა, პატარა ობლად დაეტოვებინა. ამდენი დარდის მერე კი უცებ აღმოჩნდა, რომ მისმა მოულოდნელმა სიხარულმა – პატარა ბიჭუნამ გადაარჩინა დედიკო.
ნიკოლამ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, რომელსაც ბრენდონი დაარქვეს. ქალმა აღნიშნა, რომ პატარას დაბადებისას მაღლა აწეული ჰქონდა ხელი და ექიმებმა იქვე შეარქვეს სუპერმენი.
"მართლა სუპერმენია ჩემი შვილი... მას მერე სიმსივნის ზრდის არანაირი სიმპტომი არ მქონია. როცა ბრენდონი გაიზრდება, აუცილებლად ვუამბობ, როგორ გადამარჩინა. უფროს გოგონას ყველაფერი ესმის და ძალიან მადლიერია ძმის ამის გამო".