"8 წლის არის ჩემი შვილი, დიდი ბიჭია..." - გულახდილი ინტერვიუ 21 აგვისტოს ნინო ქათამაძის გულშემატკივრები ბათუმის კორტებზე რამდენიმე მიზეზის გამო შეიკრიბებიან: "სიგიჟისა და თავისუფლების" მუსიკალური ალბომის - "ყვითელის" მოსასმენად, ჰოსპისის მშენებლობაში საკუთარი წვლილის შესატანად და მომღერლისთვის იუბილეს მისალოცად.
- ჩემს მშობლიურ მხარეს აჭარას, ქობულეთს, ბათუმს, ყოველთვის ვუბრუნდები იმ გრძნობით, რაც ნამდვილია და საწყისია. იმდენად ნამდვილია ყველაფერი, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს რაღაცეები მოვიგონო და ფერები შევუცვალო. დღემდე არ შეცვლია ტემპერატურა, სითბო, მნიშვნელობა და შინაარსი, პირიქით, გაღრმავდა და უფრო ფესვები გაიდგა ისე, რომ თავისი გაგრძელება ჰქონდეს. არაფერი არ დამიტოვებია, შინაგანად არსად არ წავსულვარ. თუ საშუალება მაქვს ყოველთვის ვუბრუნდები, სოფელსაც, ქალაქსაც, მეგობრებსაც. ამ ეტაპზე ჩემი მუსიკალური ცხოვრების გრაფიკი არის აჩქარებულ რეჟიმში და ხშირად არ ხდება მათთან ურთიერთობა, თუმცა სოციალური ქსელებით მიწევს რაღაცეების გახსენება. ჩემი ემოციური სამუშაო რაც არის, სრულიად სხვა განზომილებაში იმყოფება, ვიდრე დავუშვათ ჩემი სოციალური საქართველო. აქ ოჯახი, მეგობრები და ნათესავები მყავს, ამიტომ რაღაცეების გახსენებაც და უკან დაბრუნებაც მიწევს. ხშირად ვერ ჩამოვდივარ, მთელი დღეა მინდა დედაჩემს ჩავეხუტო და ჯერ ვერ მივედი. ვერც ჩემი შვილი ვნახე.
8 წლის არის ჩემი შვილი, დიდი ბიჭია. თავისთავად თავის ზღაპრულ სამყაროსა და ფერებში ცხოვრობს, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც არის ჩემი მასწავლებელი, რომელიც ყოველთვის მაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ღირს ისეთი ნაბიჯები გადავდგა, რომელიც ან მალე დამთავრდება ან უნდა იყოს რაღაც ისეთი... ჩვენი ცხოვრების გზა არის ისეთი, რომ სადაც გაივლი, განათებული გზა დატოვო იმიტომ, რომ მერე რომ გაივლის შენი შვილი, სიბნელე არ დახვდეს. ამიტომ, ის ჩემი მასწავლებელია ამ მხრივ და ყოველთვის ვცდილობ სინათლესთან ახლოს მივიდე.
ჩემს მეუღლესთან არ მრჩება ურთიერთობის დრო. მასაც თავისი პროფესია აქვს ისეთი, რომელიც ასევე დიდ დროს, ზრუნვას, ფიქრს, ემოციასა და ფიზიკურ შრომას მოითხოვს. დათუნაც ძალიან, ძალიან დატვირთულია და ასეთ რეჟიმში ვცხოვრობთ. სიყვარული ხომ ერთმანეთისგან გათავისუფლებაა და ამიტომ ეს საჩუქარია - როცა ერთმანეთს მოიპოვებ და მერე ერთმანეთს მისცემ ფრენის საშუალებას. იხილეთ სრულად