თვითმკვლელობა ჯოჯოხეთს უდრის ბოლო დროს თვითმკვლელობებმა არაერთი ოჯახი და პიროვნება გაანადგურა. დეპრესიამ, ვალებმა თუ მძიმე ცხოვრების პირობებმამ უამრავ ადამიანს ათქმევინა სიცოცხლეზე უარი. მათ შორის უამრავი ახალგაზრდაცაა. თვითმკვლელ ადამიანებს გულშეძრული და გამწარებული ოჯახის წევრები რჩებათ, რომლებმაც არ იციან, როგორ შეუმსუბუქონ გარდაცვლილის სულს მძიმე ხვედრი.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- რატომ მიდის ადამიანი თვითმკვლელობამდე?
- მრავალი მიზეზი აქვს უიმედობაში ჩავარდნილ ადამიანს. ეშმაკი უმწიფებს აზრებს, აჩვენებს რომ მისი დამხმარე ამქვეყნად არავინაა, არავის არ სჭირდება, ყველასგან მიტოვებული და მარტოსულია. ფიქრობს, რომ თვითმკვლელობით შვებას იგრძნობს და ამ აზრთა უსიყვარულო ტყვეობისგან განთავისუფლდება.
- ეკლესია რა შეფასებას აძლევს თვითმკვლელობის ფაქტს?
- ღვთის გმობა, ღვთის გამომსყიდველი აქტის უარყოფა. ადამიანი მთელმა სოფელმა რომც ჩაქოლოს და სოფლის სირცხვილს ვერ გაუძლოს საკუთარი შეცდომების გამო, თავი მაინც არ უნდა მოიკლას. თვითმკვლელობა ჯოჯოხეთს უდრის, სინანული კი სასუფეველს. ადრე თვითმკვლელს საერთო სასაფლაოზეც არ ასაფლავებდნენ.
- თუ შეიძლება ამ შემთხვევაში წესის აგება, თუ არადა რატომ?
- დაბადებიდან ფსიქიკური პრობლემა თუ ჰქონდა ადამიანს, ამ შემთხვევაში წესის აგება და მოხსენიება პრობლემა არ არის. მაგრამ, ღვთისგან ბოძებულ სიცოცხლეს სიძულვილად ვინც აღიქვამს და სინანულის სურვილის ნაცვლად თვითგანადგურებით ასრულებს სიცოცხლეს, მას ღმერთი შემწედ არ ესახება. ვინც ამქვეყნად უკუაგდო ღმერთი, იმქვეყნადაც შვებას ვერ იგრძნობს. ლოცვა არის წყალობა, თვითმკვლელი კი ამ წყალობაზე აქვე ამბობს შეგნებულად უარს.
- ოჯახის წევრებმა რა უნდა გააკეთონ იმისათვის რომ გარდაცვლილის სული იხსნას?
- ხსნა უცხო სიტყვაა თვითმკვლელისთვის, უფრო სწორი იქნება ხვედრის შემსუბუქება გვეთქვა. ოჯახის წევრებმა მის სახელზე მოწყალება გაიღონ, გაჭირვებულ ხალხს ფიზიკურად დაეხმარონ.
- თვითმკვლელობის ცოდვა თუ გადადის მემკვიდრეობაზე?
- არ გადადის, პიროვნული გადაწყვეტილების შედეგია. აზრი ყველას გადმოგვადო თვითმკვლელობის დამფუძნებელმა ეშმაკმა შთამომავლობით, მაგრამ ჩვენი ნება სიცოცხლისადმი ერთგულებაა.
- მოსახსენიებელში შეიძლება თუ არა მისი სახელის ჩაწერა?
- პირად ლოცვებშიც არ შეიძლება მოხსენიება.
თეა ცაგურიშვილი