მზეზე დამწვრობის თავიდან ასაცილებლად საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა მზეზე დამწვრობის თავიდან ასაცილებლად საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
გარუჯვის პერიოდი 07:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-ის შემდგომ. 11:00-დან 17:00 საათამდე მზე ყველაზე მწველია, ამიტომ დამწვრობის მისაღებად სულ მცირე დროც საკმარისია.
არსებობს ასეთი გამოცდილი საშუალებაც - თუ თქვენი ჩრდილი თქვენს სიმაღლეზე ნაკლებია, კვლავ ჩრდილში უნდა დარჩეთ, ჯერ მზეზე გასვლა ადრეა.
შუადღისას მზის გამოსხივება მაქსიმალურია, ამიტომ დახურული სამოსით, თავსაბურავითა და მზისგან დამცავი სათვალით უნდა იაროთ.
სასურველია, თუ მზისგან დამცავი სათვალე შუშის იქნება და არა პლასტიკური, რადგან მზიან ამინდში პლასტიკური სათვალე თვალებს აზიანებს.
მზისგან დამცავი მალამოებისა და კრემების გამოყენებისას გაითვალისწინეთ:
თუ ღია ფერის კანი გაქვთ, რეკომენდებულია სპეციალური კრემისა და ზეთის გამოყენება დამცავი ინდექსით - 20. თუ მუქი ფერის კანი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საშუალებები დამცავი ინდექსით 15 და ნაკლები. თუ ქერა ბრძანდებით, უმჯობესია, გამოიყენოთ დამცავი საშუალებები დამცავი ინდექსით 30. მზისგან დამცავი კრემები უნდა წაისვათ მშრალ და სუფთა კანზე, სასურველია, მზეზე გასვლამდე 1 საათით ადრე. ცურვის შემდგომ ასევე აუცილებელია კრემის წასმა. გაითვალისწინეთ! მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია მოღრუბლულ ამინდშიც - მზის სხივები მშვენივრად ატანენ ღრუბლებს შორის, ასე რომ, ნუ მოგატყუებთ ამინდი!
თუ მაინც დაიწვით!
1. დაუყოვნებლივ უნდა შეხვიდეთ დახურულ შენობაში, ჩაიცვით მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი მსუბუქი ტანსაცმელი.
2. მიიღეთ ცივი შხაპი და კანი არ გაიმშრალოთ.
3. ყურადღებით დაათვალიერეთ დამწვრობა. თუ ძლიერი ტკივილი გაქვთ, მოიმატა სხეულის ტემპერატურამ და დაზიანებულ ადგილზე გაჩნდა მტევანზე დიდი თხევადი ბუშტუკები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ასეთი ხარისხის დამწვრობა შესაძლოა გართულდეს.
4. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სახისა და კისრის დამწვრობა, რადგან ზოგჯერ შესაძლებელია მას შედეგად მოჰყვეს შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. ასეთ შემთხვევაში მზად იყავით, რათა დროულად მიმართოთ ექიმს, მით უფრო, თუ დამწვარი ბავშვია.
5. ქავილისა და წვის დასაამებლად შეგიძლიათ გადაივლოთ წყალი, რომელშიც გაზავებული იქნება 3-4 სადილის კოვზი საჭმლის სოდა ან მსუბუქი ვაშლის ძმარი.
6. შემოიხვიეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი.
7. აუცილებელია მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, გამორიცხულია ალკოჰოლური სასმელები.
8. ტკივილის შესამცირებლად შეგიძლიათ მიიღოთ ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი აბები.
9. ანტიჰისტამინური პრეპარატები შეგიმცირებთ კანზე ალერგიული რეაქციების ხარისხს.
10. მზისგან დამწვრობის შემდეგ კანს ინტენსიური დატენიანება სჭირდება, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ მალამოები ან ლოსიონები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის პანტენოლი, კალამინი, ალოეს ექსტრაქტი. უმჯობესია, ტრავმულობის შესამცირებლად ისინი სპრეის სახით გამოიყენოთ.
11. შეგიძლიათ გამოიყენოთ მენთოლის შემცველი საშუალებები - გაგრილებას უწყობენ ხელს.
12. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დამწვარ ადგილებზე კარაქის ან ნებისმიერი მცენარეული ზეთის წასმა.
13. დაუშვებელია ბუშტუკების ხელით გახეთქვა და კანის აძრობა - ასე შეიძლება, ინფექციის გავრცელებას შეუწყოთ ხელი.
14. დამწვრობის შემდგომ სასურველია, თუ მზეზე არ გახვალთ პრობლემის სრულ მოგვარებამდე.
15. დამწვრობის საწინააღმდეგო გელი უნდა წაისვათ კანზე სქელ ფენად, ნუ ეცდებით მის კანში შეზელვას, მიეცით საშუალება, თავად შეიწოვოს კანმა. გაიჩერეთ 30 წუთი.
16. დამწვრობის საწინააღმდეგო გელების გამოყენება რეკომენდებულია 2 წლის ასაკიდან.
ხალხური საშუალებები
მაწონი - შეუცვლელია მზის დამწვრობის შემდგომ მტკივნეული შეგრძნებების შესამცირებლად. წაისვით დაზიანებულ კანზე, გაიჩერეთ საათი, ნუ დაელოდებით გაშრობას, ისე ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
კარტოფილი - გამოიყენეთ კარტოფილის წვენი და მისი პიურე. უმი კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი. წაისვით დამწვარ ადგილებზე ან თავად ფაფა დაიდეთ სქელი კომპრესების სახით. კარტოფილი განსაკუთრებით უხდება სახეს. მოხარშეთ კანიანად, გაფცქვენით და გახეხეთ, პიურეში აურიეთ მცირე რაოდენობით არაჟანი და თბილი დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი.
მცენარეული ნაყენები - ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ გვირილის ნახარში. 1 სადილის კოვზ მშრალ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. დაასველეთ დოლბანდი და დაიდეთ დამწვარ ადგილებზე. დაზიანებული კანის ჩამოსაბანად და გასაწმენდად სასარგებლოა კრაზანა. 1 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 15 წუთი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ფრთხილად ჩამოიწმინდეთ დაზიანებული ადგილები.