რამდენად გამართლებულია თილისმის ტარება ძალიან ბევრ ადამიანი ატარებს თილისმას. ფიქრობენ, რომ ეს ნივთები ბოროტი თვალისგან იცავენ და წარმატების მოტანაში ეხმარებიან. ბოლო დროს ერთგვარ მოდადად იქცა თილისმის სახით წითელი ძაფის ხელზე შებმა. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გამოჩნდა ამ თილისმით საზოგადოების წინაშე. რამდენად გამართლებულია თილისმის ტარება, არსებობს თუ არა ავი თვალისგან დამცავი ნივთები და მოაქვს თუ არა თილიმას წარმატება.
გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- არსებობს ავი თვალი?
- ავი თვალი არსებობს, თუმცა ქრისტიანულად მცხოვრებ ადამიანს ვერ ერევა. შესაძლოა ნებისმიერი სახის ცოდვაში ჩავარდეს, თუმცა სწორედ იქ გარდაემატება მადლი, სადაც მეტად სცოდავს ადამიანი. შეწევნა ეძლევა ღვთისგან თუ ზურგი არ აქცია უფალს. ეშმაკია ყველაზე ბოროტი ავი თვალი, მასთან გამკლავებას მხოლოდ უფალი შეგვაძლებინებს.
- ტრადიციულად, ავი თვალისაგან დასაცავად ზოგი გიშერს იყენებს, ზოგიც კიდევ რას, რამდენად მისაღებია ეს ეკლესიისთვის?
- ეკლესია წინააღმდეგია გათვალვის, ჯადოს და სხვა ამგვარი მნიშვნელობისთვის ქვების გამოყენებისა. ქრისტიანს საუკეთესო იარაღი აქვს - ჯვარი. ნივთი შესაძლოა გახდეს სიწმინდე თუ რომელიმე წმინდანს ეკუთვნოდა. ეკლესია ქვისგან და ხისგანაც შენდება, თუმცა იგი იკურთხება და ქრისტიანები ვემთხვევით არა ქვას, ქვისგან აღშენებულ ტაძარს. ქვა თავისთავად არც სიწმინდეა და არც უწმინდურება. ქვისგან ჯვარიც კეთდება, არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვა იქნება. სამოქალაქო ცნობიერებაში გიშერს ,,ტვირთავენ" ავი თვალის საწინააღმდეგოდ. გიშერმა როგორ უნდა შთანთქას ბოროტი? გეგონება, ქვა აშინებს ეშმაკს. ეშმაკს ეშინია მხოლოდ უფლისა და წმინდად მცხოვრები, მლოცველი, თავმდაბალი ადამიანის. ჯვარი დაგვიცავს და გვაცხოვნებს.
- ბევრი ადამიანისგან გვსმენია, თითქოს რომელიმე ქვა მისი პირადი თილისმაა და ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ეს მისთვის ბედნიერების მომტანია...
- ქვაზე მოიმედე ადამიანი კერპთაყვანისმცემელს ჰგავს, რომელსაც ნივთიერი ღმერთის გარდა არ ესმის. ქვის, ხის, ძროხის, გველის ენის და მგლის კბილის გაიდეალება ადამიანს მხოლოდ ბოროტებას მოუტანს. ღმრთის ძლიერების ქვით ჩანაცვლება ბოროტებაა.
- თუ არის ისეთი ქვა, რომელიც ადამიანებისთვის დადებითის ან უარყოფითის მომტანი იყოს?
- მაცხოვრის საფლავი მთლიანად ქვაა და მას ვემთხვევით, ნიშნად იმისა, რომ იქ ესვენა მაცხოვრის სხეული. ქრისტიანს სწამს, რომ ესა თუ ის ნივთი განსულიერდება მხოლოდ წმინდანთა მეშვეობით. მაგალითად, მოსემ კვერთხით ზღვა გააპო შუაზე. კვერთხი ნივთია, თუმცა ძალმოსილება შეძენილი. მოსე წინასწარმეტყველი ავიდა მთაზე და უფალმა უთხრა გაეხადა ფეხზე, რადგან ადგილი სადაც იგი დგას წმინდაა (გამ. 3. 5). ასევე საინტერესო ცნობა გვაქვს საქმე მოციქულთაში, როდესაც ავადმყოფებს სამოსელს შეახებდნენ და იკურნებოდნენ ბოროტი სულისგან (საქ. 19. 12), ელია წინასწარმეტყველის ნეშტთან შეხებამ განკურნა მიცვალებული (4 მეფ. 13. 20- 21).ტერმინი თილისმა არასწორია. ჩვენი ,,თილისმა" უფლის შეწევნაა.
- ბოლო დროს მომრავლდა ხელზე წითელი ძაფების - კაბალისტური თილისმის (ამულეტი) შებმა, ამით ზოგიერთი ფიქრობს, რომ მეტად დაცული იქნება შურისგან და ავი თვალისგან, ამას როგორ ახსნით და რა მიმდინარეობას ეკუთვნის კაბალისტური თილისმა?
- ადრე ეგვიპტელებს ჰქონდათ ჩვეულება, წითელ ძაფებს ხელზე უკეთებდნენ ნიშნად იმისა, რომ საკუთარ სისხლს სწირავდნენ დემონებს. ქრისტიანი საგნის მოიმედე არასდროსაა, იგი უფალზე ამყარებს საკუთარ სიცოცხლეს და მისით ელის გადარჩენას.
თეა ცაგურიშვილი