ზედმეტმა სტერილიზაციამ შეიძლება ბავშვის იმუნური სისტემის სწორად ჩამოყალიბება შეაფერხოს მითი 1: ახალშობილს ძალიან სუსტი იმუნიტეტი აქვს და ამიტომ სტერილურ გარემოში უნდა გვყავდეს
სისუფთავე და ჰიგიენა კარგია, მაგრამ მეტისმეტი არ უნდა მოგივიდეთ. ზედმეტმა სტერილიზაციამ შეიძლება ბავშვის იმუნური სისტემის სწორად ჩამოყალიბება შეაფერხოს.
იმუნიტეტის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში იწყება. დაბადებისას ბავშვს აქვს დედისგან გადაცემული ანტისხეულები. სწორედ ეს ანტისხეულები იცავენ ბავშვს პირველი 3 თვის განმავლობაში.
დღენაკლული ბავშვები ვერ ასწრებენ სრულყოფილად ანტისხეულების მიღებას, ამიტომ მათ მართლაც სტერილური გარემო სჭირდებათ. დანარჩენ ახალშობილებს სტერილურობა არ სჭირდებათ. ბავშვის ორგანიზმმა ანტიგენური დატვირთვა აუცილებლად უნდა მიიღოს, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში მყარი "იმუნური მეხსიერება" ჩამოუყალიბდეს. ამიტომ თამამად აიყვანეთ ხელში ახალშობილი, მის ჭურჭელზე კი მდუღარის გადავლება საკმარისია.
მითი 2: ბავშვის ზოგადი მდგომარეობა სისხლის საერთო ანალიზით უნდა შემოწმდეს
ადრე მიიჩნეოდა, რომ დაავადები გამომწვევ ანტიგენებს სისხლის სპეციალური უჯრედები ანადგურებენ. ამ პროცესს ფაგოციტოზი ეწოდება.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სისხლში დაავადების გამომწვევი ანტიგენის შეჭრა სპეციფიური ცილების, იმუნოგლობულინის გამომუშავებას იწვევს. სწორედ ეს ნივთიერება ანეიტრალებს ანტიგენებს. სისხლის საერთო ანალიზი ამ ინფორმაციას არ იძლევა.
მითი 3: თუ ბავშვი ავადმყოფობს, ესე იგი იმუნიტეტი დაუსუსტდა
ინფექციას ორგანიზმში შეჭრამდე რამდენიმე ბარიერი აკავებს: კანი, ლორწოვანი გარსი და "მეგობარი ბაქტერიები". ავად გახდომა ყოველთვის სუსტი იმუნიტეტის ბრალი არ არის. ხშირად ეს იმის მანიშნებელია, რომ ბავშვის ორგანიზმი ახალ ინფექციას "გადაეყარა". ზოგჯერ კი იმის დასტურია, რომ ზემოხსენებული ბარიერები ვერ გაუმკლავდნენ მრავალრიცხოვან აგენტებს ვირუსების სეზონის "შემოტევისას".
სათავსოს ხშირმა განიავებამ შეიძლება მდგომარეობა ოდნავ შეამსუბუქოს. სუსტ იმუნიტეტეზე მეტყველებს ხშირი (წელიწადში 6-ზე მეტად) და გახანგრძლივებული ავადობა (2 კვირაზე მეტ ხანს).
მითი 4: დედის რძეში არსებული ბაქტერიები ბავშვის იმუნიტეტისთვის საზიანოა
დედის რძე მართლაც შეიცავს გარკვეული ოდენობის ბაქტერიებს. ეს ორგანიზმები დედის მკერდზეც გროვდება. მათი არ უნდა გეშინოდეთ.
კვების წინ დედამ საკმარისია უბრალოდ სველი პირსახოცით მოიწმინდოს ძუძუსთავები. თანამედროვე მედიცინა საშუალებას აძლევს დედას, არ დაანებებინოს ბავშვს ძუძუთი კვება, თუნდაც რძეში პათოგენური მიკრობები აღმოჩნდეს.
დედის რძე თავად თამაშობს უდიდეს როლს ბავშვის იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში, რადგან ნაწლავის მიკროფლორის ფორმირებაში მონაწილეობს. შეიცავს დიდი რაოდენობით ანტისხეულებს.
მითი 5: გაკაჟება იმუნიტეტს ამაღლებს
ხშირად გამაკაჟებელ პროცედურებს სხეული ძლიერ სტრესად აღიქვამს და პასუხად ყველა ორგანოს გააქტიურებულ მუშაობას იწყებს. ბევრი ექიმი მიიჩნევს, რომ უშუალოდ იმუნურ სისტემაზე გაკაჟება არ მოქმედებს.
ეს პროცედურები სისხლძარღვებს უფრო ეფექტურ მუშაობას აიძულებს. შესაბამისად ხელსაყრელ გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ვირუსის შეჭრის ადგილას უფრო სწრაფად მოხვდეს იმუნური სისტემის უჯრედები და უმუნოგლობულინი. ამიტომ უფრო სწორია გამოთქმა "გაკაჟება აძლიერებს ორგანიზმს".
შიშველი ბავშვების გაკაჟება თოვლში და ცივ წყალში - გამაოგნებელი ვიდეო