ამ წესების დაცვის შემდეგ ბავშვს სასარგებლო საკვების მიმართ დადებითი ემოციები უჩნდება ბავშვები ყველაზე პრეტენზიული გურმანები არიან. ერთს პური არ უყვარს, მეორე წვნიანს არ ჭამს, მესამე ფაფას ვერ იტანს, მეოთხეს კი ბოსტნეულის გასინჯვა არ სურს. ეს პრობლემები ყველა ბავშვიანი ოჯახისთვის ნაცნობია. მიუხედავად იმისა, რომ დედა მთელი რუდუნებით ამზადებს შვილებისთვის საუზმეს, სადილსა და ვახშამს, ბავშვებს მაინც ერთი ნაჭერი ძეხვი ურჩევნიათ ყველაზე სასარგებლო სადილს.
რატომ ხდება ასე?
არაჯანსაღი საკვებისადმი ლტოლვა შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული.
1. დედას ხანდახან დრო არ რჩება სრულფასოვანი სადილის გასაკეთებლად და ხშირად ნახევარფაბრიკატებით კვებავს შვილს. ასეთი საკვები კი მიჩვევას იწვევს და ერთ მშვენიერ დღესაც დიდი მონდომებით გაკეთებულ სადილზე ბავშვი უარს იტყვის - თავისი ძეხვი და სოსისი ურჩევნია.
2. მიზეზი შეიძლება ზოგიერთი პროდუქტის აუტანლობა გახდეს, მაგალითად, ვერ იტანს რძის პროდუქტს და ამის გამო ყველა საკვები, რომელიც დედამ მოამზადა მუდმივად უარყოფით ასოციაციებს უჩენს.
3. შეიძლება, ბავშვს უბრალოდ მობეზრდეს, სასარგებლო და გემრიელი, მაგრამ მაინც ერთფეროვანი საკვები.
4. ლამაზად გაფორმებული რეკლამები, რომლებიც მავნე საკვების მიმართ ლტოლვას უჩენს ბავშვს. ცნობილია, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში მსოფლიოს საუკეთესო ტვინები იღწვიან, რომლებმაც ნამდვილად იციან თავიანთი საქმე - პატარების ემოციების მართვა.
როგორ მივაჩვით ბავშვი ჯანსაღ და სასარგებლო საკვებს
რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, თუ როგორ შეადგინოთ ბავშვის რაციონი და როგორ დაეხმაროთ მას სასარგებლო საკვების შეყვარებაში.
1. ეცადეთ და მისი საყვარელი ნუგბარი სახლში თავის ხელით დაამზადებინეთ. თუ მარმელადი უყვარს, შეგიძლიათ ხილის წვენისა და ჟელატინისგან სახლში დაამზადოთ ეს ტკბილეული. შეიძინეთ სპეციალური ფორმები, ფერებად კი სხვადასხვა კენკრის წვენები გამოიყენეთ. სანამ სამზადისში იქნებით, გზადაგზა შთააგონეთ, რომ შინ დამზადებულ კერძებში ყოველთვის ვიცით, რა ურევია, ხოლო მაღაზიაში ნაყიდისას ვერასდროს ვერაფერს გავიგებთ. საერთოდაც, თუ უფრო ხშირად დაიხმარიებთ თქვენ ან ბებო ბავშვს კერძის მომზადებისას, თან აუხსნით და აჩვენებთ, - ეს სტაფილოა, ეს ჭარხალია! სტაფილოს თუ ბევრს შეჭამ, ძაააალიან მაღალი გაიზრდები... და ა.შ. შეაყვარეთ ის პროდუქტები, რომლებისგანაც უმზადებთ კერძებს.
2. სცადეთ კერძების ლამაზად გაფორმება. ყვავილებად და ვარსკვლავებად დაჭრილ სტაფილოს უფრო გემრიელად შეჭამს ბავშვი, ვიდრე ჩვეულებრივ გახეხილს. ფაფა უფრო სახალისო საჭმელი გახდება, თუ მურაბის წვენით ზემოდან სასაცილო "სმაილს" დაახატავთ. იგივე შეგიძლიათ არაჟნით ბორშსაც დაახატოთ. სახალისოდ გაფორმებული კერძები საკვების მიღებას თამაშის ფორმას აძლევს და ბავშვს შინ მომზადებული საჭმელი მოსაწყენად აღარ ეჩვენება.
სასარგებლო საკვები აუცილებლად ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს, ბავშვსაც უფრო მოუნდება მისი გასინჯვა.
3. ზღაპრული კერძები. შეგიძლიათ, თითოეულ კერძზე ზღაპარი მოიგონოთ, სადაც სიუჟეტი ჯანმრთელ საკვებზეა. ამის მერე "ჯადოსნურ ქვაბში" ფაფის მომზადება დაიწყეთ, მოიგონეთ თქვენთვი სასურველი ინგრედიენტებისგან შემდგარი "რაპუნცელის სალათი", რატატუის ბოსტნეული წვნიანი... ბავშვი აუცილებლად დაინტერესდება თქვენი შედევრებით.
4. სასარგებლო სასუსნავები. მაგიდაზე ხშირად დადგით ხილით, ჩირითა და თხილით ან კაკლით სავსე ლარნაკი. თვალსაჩინო ადგილას განთავსებული საჭმელი ყოველთვის იზიდავს ბავშვს. დაე, სასარგებლო სასუსნავი მიიღოს და არა კანფეტ-შოკოლადები.
5. არაჯანსაღი საკვები დღესასწაულის გასაფორმებლად არ გამოიყენოთ. მშობლებს უყვართ საბავშვო თავყრილობებზე ლიმონათის, ჩიპსებისა და ათასგვარი უსარგებლო საკვების გამოყენება. არგუმენტი, რომ "ხანდახან შეიძლება", ან "დღესასწაულზე შეიძლება" საამისოდ არ გამოგადგებათ. ეს საკვები ბავშვს სადღესასწაულო ასოციაციას უღვიძებს და მის ფონზე ჯანსაღი საკვები ძალიან უსახური ჩანს. გაზიანი სასმელები ნატურალური წვენებით შეცვალეთ, მისაყოლებლად კი ბუტერბროდები მოუმზადეთ.
6. სწორად შეარჩიეთ ტკბილეული. თაფლი, ქიშმიში, შემწვარი ვაშლი, გათქვეფილი ბანანისა და ვაშლის კოქტეილი რძით. გამოაცხვეთ სხვადასხვა ფორმის ბლინები და მურაბით მორთეთ.
7. მოაწყვეთ სიურპრიზები. მაგალითად მოამზადეთ ხაჭოს "ვარენიკები" და რამდენიმე მათგანში თხილი ან ქიშმიში ჩადეთ. ბავშვს კი უთხარით, რომ ერთ "ვარენიკში" სიურპრიზია.
8. არ დააჯილდოვოთ მავნე საკვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკვები მისთვის დადებითი ემოციების წყარო გახდება და უფრო სასურველიც, ვიდრე ჯანსაღი საკვები.
9. საუკეთესო მაგალით თქვენ ხართ. მშობლები მავნე სასუსნავს ბავშვებს უკრძალავენ, თავად კი მათ თვალწინ გემრიელად მიირთმევენ. ბავშვი გაურკვევლობაში ვარდება. ამისგან თქვენ უნდა იხსნათ - თავადაც გადაერთეთ ჯანსაღ საკვებზე.
10. ხარისხიანი ჭურჭელი გამოიყენეთ, რომელიც ვიტამინებსაც ინარჩუნებს და მადისაღმძვრელადაც გამოიყურება. ბავშვზე ეს კარგად "მუშაობს".
ამ წესების დაცვის შემდეგ ბავშვს სასარგებლო საკვების მიმართ დადებითი ემოციები უჩნდება, ეს კი ჯანსაღი ცხოვრების წესის კარგი დასაწყისია.