სად და რისთვის ინახება ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედი ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ახალშობილის ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები უამრავ დაავადებას კურნავს. სწორედ ამიტომ, მშობლების სურვილისა და მატერიალური შესაძლებლობების საშუალებით, ჭიპლარის სისხლის ბანკში, ახალშობილის ჭიპლარის სისხლს წლების განმავლობაში ინახავენ.
სად და რისთვის ინახება ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედი, რა ღირს მისი შენახვა და რომელ დაავადებებს კურნავს, ამ საკითხებზე ALLNEWS.GE ჭიპლარის სისხლის ბანკის, "ჯეოქორდის" სამედიცინო დირექტორს, გოჩა შათირიშვილს ესაუბრა.
- ჭიპლარის სისხლი ეს არის სისხლი, რომელიც რჩება პლაცენტაში, მას შემდეგ, რაც ჩვილი დაიბადება და ჭიპლარი გადაიკვანძება. დიდი ხნის განმავლობაში, პლაცენტა და მასში დარჩენილი სისხლი ითვლებოდა ბიოლოგიურ ნაშთად, მას არ იყენებდნენ და დღესაც ალბათ, 99% შემთხვევაში იშორებენ. თუმცა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლში, რომელიც პლაცენტაში რჩება არის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის უჯრედები.
ყველას სმენია მოზრდილის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შესახებ თუ რაოდენ მძიმე დაავადებებს ებრძვიან ამით, მათ შორის ლეიკემიას, ლიმფომას, სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს, სულ 80-მდე დაავადებას. აღმოჩნდა, რომ ჭიპლარის სისხლს, ისევე როგორც ძვლის ტვინს, შეუძლია ანალოგიური დაავადებების მორჩენა. მითუმეტეს, ჭიპლარის სისხლის ასაღებად მტკივნეული პროცედურების ჩატარება საჭირო არ არის, საჭიროა მხოლოდ მშობიარობის შემდგომ პლაცენტიდან შეგროვდეს ჭიპლარის სისხლი, სპეციალურ პაკეტებში მოთავსდეს.
თუმცა მხოლოდ მისი აღება საქმეს არ შველის, საჭიროა დამუშავება - ღეროვანი უჯრედების გამოთავისუფლება და შედგომ შენახვა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თეორიულად მათი შენახვა ათასობით წლის განმავლობაში შეიძლება, თუმცა ჩვენ ამდენი ხნის ისტორია არ გვაქვს.