"არაა საჭირო ისტერიკულად ექიმთან სიარული, ბავშვის ჩათბუნება..." გელა მეცხვარიშვილი ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ნეონატოლოგი, კლინიკური დირექტორი, კლინიკის პროფესორი. ნეონატალური პერიოდი ჭიპლარზე მომჭერის დადებიდან იწყება და 28 დღე გრძელდება. ეს ალბათ ყველაზე რთული პერიოდია როგორც დედის, ასევე ბავშვის ცხოვრებაში, როცა ხდება სიახლეებთან და თუნდაც ერთმანეთთან ხილულად შეგუება. სწორედ ამ თემის ირგვლივ გთავაზობთ საჭირო რჩევებით გაჯერებულ ინტერვიუს ბატონ გელასთან.
- ბავშვის ნერვული სისტემა მუცლადყოფნის დროიდან ყალიბდება, რა უნდა გააკეთოს დედამ, რომ გართულებები თავიდან აიცილოს?
- პირველ რიგში ქალთა კონსულტაციაში უნდა დადგეს აღრიცხვაზე და ჩაიტაროს ის აუცილებელი კვლევები, რომელსაც შესთავაზებენ და შემდეგ მუდმივად იყოს მონიტორინგზე. უცილებელია აქტიური ცხოვრების წესი, სუფთა ჰაერი, დადებითი გარემო, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა.
- ხშირად დედები ზედმეტი მზრუნველობით შვილებს ზიანს აყენებენ... იქნებ გვითხრათ ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელთაც მშობლები ვუშვებთ...
- ყველაზე ხშირი და გამოკვეთილი შეცდომა გახლავთ ჩვილის ზომაზე მეტად ჩათბუნება, თბილად ჩაცმა იმ მიზნით რომ არ გაცივდეს, არადა, ამ დროს შესაძლოა, ახალშობილი გაოფლიანდეს და ზუსტად იმ არასასურველი შედეგის წინაშე აღმოვჩნდეთ, რისგანაც დაცვას ვცდილობდით. გარდა ამისა, ვხვდებით შემთხვევებს, როცა ახალშობილი ჩაკეტილი ჰყავთ ოთახში ისევ სითბოს შენარჩუნების მიზნით და არ გაჰყავთ ჰაერზე, არც ესაა სწორი, უნდა მიაჩვიონ ჰაერს, დაიწყონ მცირე დროით, მაგალითად, 5-10 წუთით ბავშვის ჰაერზე გაყვანა და ნელ-ნელა გაზარდონ ხანგრძლივობა. განსაკუთრებით მზიან ამინდში არ უნდა მოვარიდოთ მზეს ახალშობილი. ასევე არაა საჭირო ისტერიკულად ექიმებთან სიარული. ექიმიც ადამიანია, ყველა ექიმს თავისი კონცეფცია და შეხედულებები აქვს და ზემდეტად ხშირი ვიზიტები დედის დაბნევას იწვევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ საერთოდ არ უნდა მიხვიდეთ. ბავშვის ზოგადი მდგომარეობის გადასამოწმებლად აუცილებლად უნდა აჩვენოთ ის ექიმს, რათა გაუწიოს მონიტორინგი მის ზრდა-განვითარებას.
გარდა ამისა, მეძუძური დედის კვებითი შეზღუდვებიც გადამეტებულია, ჩემი აზრით. იკრძალავენ ყველაფრის ჭამას, რაც მიზანშეწონილი არაა. ზომიერებაა ყველაფერში საჭირო და არა ის, რომ პურიტანული ცხოვრება დაიწყო და აიკრძალო ყველაფერი. რადიკალურ მიდგომებს ვხვდებით ხოლმე სამწუხაროდ და სწორედ, ესაა შეცდომა.
- ხშირად წუხან დედები კვების გამო, ჰგონიათ, რომ არასაკმარის ულუფას იღებს პატარა...
- ყველა დედა მოწოდებულია იმისკენ, რომ მას უნდა ჰქონდეს რძე და ექნება, თუ სწორად მოუვლის თავს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ, ყოველთვის ვურჩევთ, რომ ახალშობილი გაზარდონ ბუნებრივი კვებით, რადგან დედის რძე შეუცვლელია.
თუ ახალშობილი ბუნებრივ კვებაზეა, მას არანაირი გასამხედროებული რეჟიმი და დაძალება არ სჭრიდება, ჩვილს უნდა მოაწოვონ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოუნდება და იმდენი, რამდენიც მოუნდება, შემდეგ და შემდეგ ბავშვი თავისით დაარეგულერებს საკვების რაოდენობას, ჯერადობას და ა.შ. თავიდან მოსავლელად ცოტა რთულია არეულ გრაფიკში ყოფნა, მოსახერხებელია, როცა იცი ზუსტად, რომელ საათებში კვებო ბავშვი და ეგუები რეჟიმს. მაგრამ ეს ყველაფერი თავისით დარეგულირდება და ამიტომ არანაირი დაძალება საჭირო არაა. ასევე არაა სწორი მძინარე ბავშვის გაღვიძება იმის გამო, რომ "ჭამის დრო მოუვიდა", ამისთვის გაღვიძებული ბავშვი აღარც კარგად შეჭამს და თან ამავდროულად იქნება გაღიზიანებული და აღგზნებული. ბავშვის გაღვიძება ამ მიზნით, თუ ეს არ ეხება აუცილებლად მისაღებ პრეპარატს ან რაიმე მსგავს განსაკუთრებულ შემთხვევას, გამართლებული არ არის.
- 2-3-4 წლის ასაკში, როცა მშობელი ბავშვის უმადობას უჩივის, ერთადერთ გამოსავლად ტექნიკის - კომპიუტერის, აიპადის, პლანშეტის დახმარებით კვება "ევლინებათ" ხოლმე მშობლებს...
- არც ეს არაა სწორი. ჯანმრთელი ბავშვი იმდენს ჭამს, რამდენიც მის ორგანიზმს სჭირდება და რამდენიც უნდა, ზედმეტი დაძალება, სხვადასხვა საშუალების დახმარებით ჭამა არაა საჭირო, კიდევ ვამბობ, მკაცრი რეჟიმი არ სჭირდება ბავშვს, ისიც პატარა ადამიანია და თავისი სურვილის და მოთხოვენების შესაბამისად უნდა შევუწყოთ ხელი მის განვითარებას და არა ჩვენი შეხედულებისამებრ.
- თქვენ, როგორც პროფესიონალმა იქნება კიდევ ერთხელ განგვიმარტოთ, რას აზიანებს მოჭარბებული დოზით ინტერნეტთან კონტაქტი და როგორ გადავაჩვიოთ კომპიუტერულ ტექნიკასთან ხშირ ურთიერთობას ბავშვი, ისე, რომ არ დაისტრესოს...
- გადაჩვევის ყველაზე კარგი რეცეპტი არის ის, რომ არ უნდა მიაჩვიოთ (იღიმის) და შესაბამისად პრობლემაც არ გექნებათ. მიჩვეულის გადაჩვევა საკმაოდ ძნელია, ამიტომ თავიდანვე არ უნდა დაუშვათ, რომ ბავშვი მიეჯაჭვოს ინტერნეტს, კომპიუტერულ ტექნიკას, ეს ყველაფერი აზიანებს ნერვულ სისტემას, ურღვევს ძილიანობას, აფერხებს ბავშვის განვითარებას.
- ძილი ნერვულ სისტემაზე დიდი გავლენას ახდენს, არის დადგენილი სტანდარტი, რომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს?
- არანაირი სტანდარტი არ არსებობს, ბავშვის ორგანიზმი თვითონ გრძნობს დაღლას და იძინებს იმდენი საათით, რამდენიც სჭირდება. ალბათ გინახავთ აქტიური ბავშვები, გარკვეული დროის, თამაშისა და დაღლის შემდეგ თავს დადებენ და მიიძინებენ და ისეთებიც, ვისაც მშობლები დასაძინებლად "დაწექის" ძახილით რომ დასდევენ... გადამეტება არაფერში არ ვარგა და საჭირო არაა. სიცოცლის პირველ დღეებში ბავშვი ძირითადად იკვებება და ძინავს, შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად სიფხიზლის დრო იმატებს, ზრდასთან ერთად კი ჩამოუყალიბდება ძილის რეჟიმი, თუ უნდა, დაიძინებს დღეში ერთხელ, თუ უნდა - ორჯერ, ან თუ არ ეძინება, სულ არ დაიძინებს. ასე რომ, საშუალება მიეცით შვილებს, განვითარდნენ მათი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შესაბამისად და არა რაიმე სტანდარტების მიხედვით.
ციცი ომანიძე