გამიმართლა, რომ არ მაქვს "გამოუყენებელი საშვილოსნო"...
მე გამიმართლა, რომ გოგო ვარ და ბიჭი შემიყვარდა.
გამიმართლა, რომ ჩვენ სიყვარულს ოჯახი დავარქვით.
გამიმართლა, რომ არ მაქვს "გამოუყენებელი საშვილოსნო".
გამიმართლა, რომ მყავს ორი მზისთვალება გოგო და მხოლოდ იმათ ვიგერიებ, ვისაც გონია, სანამ დროა მესამე ბიჭს აუცილებლად გავაჩენ მე, "ჭკვიანი" გოგო.
"გამიმართლა", რომ არ ვარ უკანონო შვილი, აყვანილი, ჩემ მშობლებს არ აქვთ შიდსი და ჩემი ოჯახის წევრები არ არიან ნასამართლევები.
გამიმართლა, რომ იმაზე მობრეცილი ცხვირი არ მაქვს, ვიდრე მაქვს.
გამიმართლა, რომ იმაზე წითელი ლოყები არ მაქვს, ვიდრე მაქვს.
გამიმართლა, რომ იმაზე მოკლე ფეხები არ მაქვს ვიდრე მაქვს.
გამიმართლა, რომ იმაზე პატარა მკერდი არ მაქვს ვიდრე მაქვს.
გამიმართლა, რომ მომწონს საერთო საზოგადოებრივ ლოგიკას დაქვემდებარებული ჩაცმულობა.
მე გამიმართლა, რომ ჩემი ცხოვრება ემთხვევა საზოგადოებრივ ინტერესებს.
ვაი თუ ყოფილიყო სხვანაირად? რა გაუძლებდა ამდენ დამრიგებელს, შემჩვენებელს, ანათემაზე გადამცემელს, სხვის ომში ბრძენს, ჰომოფობს, სხვისი ცხოვრების გამგებელს. მეც ხომ სხვებივით დამხრავდნენ, შემჭამდნენ, "ტაბურეტკით" გამისწორდებოდნენ.
ხომ დაინტერესდებოდნენ, რას დავეთრევი იმ ბიჭთან ერთად? რატომ აღარ ვათევ ღამეს მშობლების სახლში? რატომ ვაგვიანებ შვილების გაჩენას? ხომ გადარევდნენ ჩემ ჭკვიან დედას, რად არ თხოვდებაო? არ მოყავს იმ ბიჭსო? შენ როგორ უშვებ ასე ჩაცმულს სახლიდანო? როგორ ეფერები ეგეთ შვილსო? როგორ აჩერებ მასეთს სახლშიო?
ხომ ასჯერ მაინც წამომაძახებდნენ, რომ ნაბიჭვარი ვარ, აყვანილი, ავადმყოფების, ნაციხარის, ცუდი ოჯახის შვილი.
ხომ ათასჯერ მაინც მირჩევდნენ, ჩამეცვა წესიერად, გამეკეთებინა ცხვირის ოპერაცია, წამესვა "ტონალური", ჩამედგა იმპლანტები.
ხომ მეტყოდნენ, რომ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო მიხდება და უნდა მ ო ვ ი თ მ ი ნ ო , რომ უფრო ლამაზი გამოვჩნდე. საზოგადოების თვალში.
და ვაი თუ ჩემი ჰორმონები არეულიყვნენ. ჩემი ქალური ესტროგენები მამაკაცურ ანდროგენებს დაეჩაგრა. ვაი თუ ვერ გაეგოთ ქალი ვარ თუ კაცი. ვაი თუ ვემსხვერპლე ჩემ სურვილებს, ჩემ თავისუფლებას, ჩემ გრძელ ენას.
გამოდის, გამიმართლა, როცა ჩემი პირადი კმაყოფილების ინდექსი ემთხვევა საზოგადოდ მიღებულ წესებს. გამიმართლა, რომ არ მინდება მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვა. გამიმართლა, რომ ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გოგო ვარ. ზუსტად ისეთი, სუფრაზე დღეგრძელობას რომ "იმსახურებს".
მეგი კავთუაშვილი