რატომ არ "ექვემდებარებიან" ჩვილები ექიმების მოსაზრებას პედიატრების აზრით, 6 თვიდან ბავშვს მთელი ღამის მანძილზე უნდა ეძინოს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენს შვილებს ეს დასკვნა სულ არ აინტერესებთ - ძალიან ხშირად ამ მოსაზრებას არღვევენ და ღამეებსაც გვათენებინებენ..
ზოგიერთი პატარა სამი თვიდან უარს ამბობს ღამის კვებაზე და 6-საათიანი ინტერვალით მშვიდად სძინავს. ზოგიერთს კი წლამდე შემორჩება ხოლმე ღამით გაღვიძების ჩვევა. საინტერესოა, რატომ არ "ექვემდებარებიან" ჩვილები ექიმების მოსაზრებას?
საჭიროა რეჟიმი
ეცადეთ, ჩვილის ცხოვრება ორგანიზებული გახადოთ. ცხოვრების პირველ თვეს პატარა სურვილის მიხედვით ითხოვდა ჭამას და დაძინებას. მაგრამ დროის გასვლის შემდეგ დღის რეჟიმი უნდა ჩამოუყალიბოთ. ბანაობა, ჭამა და ძილი - აი, დღის განმავლობაში შესასრულებელი მთავარი პროცედურები, რომლებიც ერთსა და იმავე დროს უნდა ჩატარდეს.
შეიძლება ჩვილი უბრალოდ მიეჩვია "ძუძუზე ჩამოკიდებას" და სინამდვილეში ჭამის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება აღარ აქვს. 4 თვის შემდეგ ჭამის შუალედი დღის განმავლობაში 3-საათიანი უნდა იყოს. ეცადეთ, ჭამის დრო თავად დაარეგულიროთ. პატარა გაართეთ, ეთამაშეთ, გაასეირნეთ. გახსოვდეთ, 6 თვის შემდეგ ჭამის ხშირი მოთხოვნა მის მოწყენილობაზე მეტყველებს.
მუდმივად შია!
თუ ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში წოვის ჩვევა ჩამოუყალიბდა ესე იგი დღის განმავლობაში იგი არ ნაყრდება. გაზარდეთ საკვების რაოდენობა ძილის წინ. ზოგჯერ ბავშვი დანაყრებამდე ჩაიძინებს ხოლმე. შეაღვიძეთ და ჭამა გააგრძელებინეთ. სანამ თავად დაიძინებდეთ, გამოაღვიძეთ პატარა და აჭამეთ. ასე 2-3 საათით გაიხანგრძლივებთ ღამის ძილს.
სცადეთ ახალი რაციონი
დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში ბავშვი კვების საკმარის რაოდენობას იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებითი კალორიების აღსადგენად, ღამე დამატებით ჭამას მოითხოვს. დღის განმავლობაში ბავშვს მსუყედ აჭამეთ.
თუ ლაქტაციური კრიზი გაქვთ (პერიოდი, როცა რძე ცოტავდება, ბავშვს არ ჰყოფნის), სასურველია, რძის მოსამატებლად გაზარდოთ სითხის მიღება. ხოლო თუ თქვენი ცდის მიუხედავად, პატარას კვება მაინც არ ჰყოფნის, უმჯობესია, დამატებითი კვება მისცეთ. თუ უკვე 6 თვის ხდება, პირველი დამატებითი საკვების მისაცემად უნდა მოემზადოთ. თუ პატარა ხელოვნურ კვებაზე გყავთ, პედიატრის რჩევის მიხედვით გაუზარდეთ საკვების რაოდენობა.
ჭამის ჩვეულება
თუ თქვენი პატარა 8 კილოზე მეტს იწონის, სტაბილური ლაქტაცია გაქვთ, მაგრამ ჩვეულებისამებრ ყოველ 2-3 საათში ერთხელ იღვიძებს და ჭამას გთხოვთ, ძუძუს მიცემის შემდეგ კი მშვიდდება, მას არ შიებია, უბრალოდ, ასეთი ჩვეულება ჩამოუყალიბდა.
არიან ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დედის სითბოს. რა თქმა უნდა, პატარა შეგიძლიათ გადააჩვიოთ ღამე ჭამის მოთხოვნას, თუ ღამით მამას ან ბებიას დაუტოვებთ, მაგრამ ჩვილს ნაზი ნერვული სისტემა აქვს და ის განსაკუთრებით საჭიროებს დედასთან კონტაქტს. დაფიქრდით, შეიძლება თქვენი ძილი არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ჩვილის ფსიქოლოგიური კომფორტი. სასიხარულო ფაქტი ისაა, რომ პატარები სწრაფად იზრდებიან და ადრე თუ გვიან, ღამე გამოღვიძებით აღარ შეგაწუხებენ.
თუმცა ღამით ჭამასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები:
უკეთესი ლაქტაცია - თუ ბავშვი ღამე ჭამას გთხოვთ, ეს კარგიცაა, დღის განმავლობაში რძით უზრუნველყოფილი იქნება. საქმე იმაშია, რომ რაც უფრო მეტი იქნება ღამით წოვა, მით მეტი რძე დაუგროვდება დედას დღის განმავლობაში.
ჩვილის "პირადი ფსიქოლოგი" - ღამის კვება ბავშვს ეხმარება უკეთ გადაიტანოს დღის განმავლობაში განცდილი ფსიქოლოგიური დატვირთვა და სტრესი. გაზრდასთან ერთად პატარა შეიძლება აღარ საჭიროებდეს ღამით კვებას, მაგრამ ჭამას მოითხოვს, დედასთან კონტაქტისთვის, კომფორტისა და სიმშვიდისთვის.
თუ დედა მუშაობს - ზოგიერთი დედა მშობიარობის შემდეგ მალევე გადის სამსახურში. ღამის კვება ბავშვს აუნაზღაურებს დღის განმავლობაში თქვენთან განშორების შეგრძნებას.