მას ატესტატის ნაცვლად სერთიფიკატი მისცეს გიგო შიუკაშვილი ქართველმა მაყურებელმა"იქს ფაქტორის " საშუალებით გაიცნო. მან მალევე შეძლო, როგორც მენტორების, ისე მაყურებლის სიყვარულის მოპოვება. გიგო 21 წლისაა და ბავშვობიდან აქტიურად თამაშობს სპექტაკლებში, მისი ოცნება სწორედ მსახიობობაა. როგორც გიგოს დედამ, ინგა სარჯველაძე ჩვენთან საუბარში განაცხადა, არ უფიქრია თუ გიგო სკოლის დამთავრების შემდეგაც ასე მყარად შეინარჩუნებდა გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც გიგო ითხოვს, მიეცეს ოცნების ახდენის უფლება და გახდეს მსახიობი. რამ შეუშალა მას ხელი და როგორ აგრძელებს ბრძოლას სასურველი მიზნის მისაღწევად - ამის შესახებ მისი დედა ქალბატონი ინგა მოგვიყვება.
- ძალიან დიდი ხანია რაც გიგო სცენაზე დგას. მისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახდეს მსახიობი, ეს მისი ნაწილია, მისი ცხოვრების და სულის ნაწილი. რეალურად, თუ რომელიმე მიმართულებით შეიძლება გახდეს პროფესიონალი, დასაქმდეს და ეს ყველაფერი აკეთოს წარმატებით, ხალისით, იმუშაოს, ჰქონდეს თავისი შემოსავალი, ის უნდა გახდეს მსახიობი.
- რა უშლის ხელს?
- საქმე იმაშია, რომ ტიპიური განათლების მქონე ბავშვები ამთავრებენ სკოლას, იღებენ ატესტატს. ჩვენს ქვეყანაში თეატრალური განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში. ბაკალავრზე რომ ჩააბარო, აუცილებლად უნდა გქონდეს ატესტატი. გიგო და სხვა ინტელექტუალურად შეზღუდული ადამიანები ვერ იღებენ ატესტატს, გამომდინარე იქიდან, რომ კატის გამოცდები სულ სხვა პრინციპით არის აწყობილი საქართველოში, ეს არ არის ადაპტირებული გამოცდები, არის ჩვეულებრივი, რომელიც ინტელექტის გარკვეულ დონეს საზღვრავს და მხოლოდ ამის შემდეგ გაძლევენ ატესტატს. თუ ამ გამოცდას არ აბარებ, იღებ სერტიფიკატს. სერტიფიკატით უმაღლესში ჩაბარება არ შეიძლება. რიგ ქვეყნებში (სხვათაშორის ევროპულ ქვეყნებშიც კი ახალი წამოწყებაა) სოციალური ინკლუზიისთვის უმაღლეს სასწავლებელში, ბაკალავრის დონეზე თავისულფალ მსმენლად ჰყავთ ინკლუზიური მიდგომებით შშმ ადამიანები, რადგან მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს და საზოგადოებისთვისაც. ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა აქედან ძალიან შორს არის. უფრო რეალური იქნებოდა, გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ პროფესიულ სასწავლებლებში შემოგვთავაზონ თეატრალური სასწავლებელი.
- ანუ თქვენთვის მოულოდნელი არ იყო ეს შედეგი.
- არა, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. ეს კანონი დღეს არ დაწერილა, დიდი ხანია, რაც არსებობს და ამის ცვლილებაზე ვიბრძვით უკვე დიდი ხანია. ჩვენ ვსაუბრობთ, გვაქვს ურთიერთობა განათლების სამონისტროსთან, რომ მოვა დრო ჩვენ დავამთავრებთ სკოლას... გიგოს გარდა არის მისი კლასელი თეკოც, რომელსაც ასევე მსახიობობა უნდა. მათ უკვე მოსინჯეს თეატრი, სცენა, ყველაფერი ეს ძალიან კარგად გამოსდით და უნდათ მსახიობობა. სკოლის დამთავრების შემდეგ თუ ისევ ასე მყარად ენდომებოდა, არ ვიცოდი, მაგრამ ამის გათვლა და გათვალისწინება შესაძლებელი იყო. ამდენი წელია უკვე ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ განათლების სამინისტროსთან, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. ძალიან კარგად მესმის ის, რომ ჩვეთან აწყობილია სისტემები ისე, რომ ატესტატს აძლევენ გარკვეული ინტელექტის მქონე ადამიანებს, იყოს ეს სისტემა, მე ამას არ ვეწინააღმდეგები და ნამდვილად არ მჭირდება პოზიტიური დისკრიმინაცია. არ ვამბობ,რომ გიგომ ზუსტად იქ ჩააბაროს, სადაც ტიპიური განვითარების ბევრად უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეს თხოვენ, მაგრამ რაღაც შესაძლებლობები ჩვენც უნდა გვქონდეს. შესაძლებელი უნდა იყოს პროფესიულ სასწავლებელში თეატრალური განათლება. რატომ არ უნდა ისწავლონ შშმ ადამიანებმა, ვისაც სურთ, რომ მსახიობები გამოვიდნენ?
- რა არის როგორც ხელისუფლების პრობლემა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში?
- ეს არის სერვისები. ერთი და იგივე შესაძლებლობის მისაღებად,ტიპიური ადამიანებისგან განსხვავებით შშმ ადამიანებს სჭირდებათ დამატებითი სერვისები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და კონვენციაც ზუსტად ამას აღიარებს. იმისთვის,რომ შშმ ადამიანებმა შეძლონ სწავლა, განათლების მიღება, გახდნენ რაღაც მიმართულებაში პროფესიონალები, იყვნენ რეალიზებულები, იმუშაონ საჭიროა დამატებითი სერვისები. სახელმწიფომ კი არ უნდა შეინახოს ეს ადამიანები, არამედ თვითონ უნდა იმუშაონ და გადასახადები ისე გადაიხადონ, როგორც სხვა იხდის. სახელმწიფო ამ მიმართულებით უნდა იხარჯებოდეს და არ იმ მიმართულებით, რომ ყოველთვიურად რაღაც გარკვეული რაოდენობის პენსიას უხდიდეს მათ. მარტო გიგოს არ აქვს ეს პრობლემა, ყველა შშმ ბავშვს რომელიც ამთავრებს სკოლას, ვერ იღებს ატესტატს, შესაბამისად თუ მას მოუნდა ხელოვნების მიმართულებით წასვლის გაგრძელება, ვერ აგრძელებს სწავლას სასურველი მიმართულებით. ასეთი შეთავაზება არ არის ცხრა კლასის ატესტატის ბაზაზე. პროფესიულ სწავლებლებში, რომლებიც შეცვალეს და ახლა გახადეს მოდულარული, ცხრა კლასის ატესტატით რომ აბარებდნენ ადამიანები, ეხლა სჭირდებათ თორმეტი კლასის ატესტატი. ფოტოგრაფიაზეც რომ ჩააბაროს ბავშვმა, თორმეტი კლასის ატესტატია საჭირო. აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ მიდგომა არის არასწორი.
- რას აპრებთ სამომავლოდ იმისთვის, რომ გიგომ ოცნება აიხდინოს?
- ჩვენ დრო, რომ არ დაგვეკარგა რამოდენიმე შემოთავაზებული პროფესიულიდან ავარჩიეთ ერთ-ერთი, ..... ჩააბარა, რომელიც 13 თვიანია და ამ 13 თვის განმავლობაში არ გავჩერდებით, ვეცდებით, რომ ეს სტანდარტი განათლების სამინისტროს შევაქმნევინოთ და რომელიმე სასწავლებელმა აიღოს. ანუ ამ ცამეტ თვიანი სწავლების მერე, აუცილებლად უნდა გაჩნდეს შანსი ,მათ გააგრძელონ სწავლა. ვნახოთ რა იქნება, არ მინდა წინასწარ რაიმე თქმა.
მერი ბლიაძე