ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი დღეს ყველასთვის ცნობილი ფიგურაა. ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე, წარსულზე ხშირად არ საუბრობს. თუმცა ალბათ საინტერესოა, როგორი იყო მისი ბავშვობა, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები და როგორ მოვიდა დღემდე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გარკვეული ხნის წინ მისცა ჟურნალ ”რეიტინგს” (იხილეთ ვრცლად).
- ირმა რატომ დაგარქვეს?
- რომ დავიბადე, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, სახელი ირმა პოპულარული იყო მომღერალ ირმა სოხაძის წყალობით. ირმა ახლა ჩემი მეგობარია. ჩემმა მშობლებმაც მისი სიყვარულის გამო დამარქვეს ეს სახელი. თუმცა ნათლობის სახელი ანა მქვია. ჩემს ძმას კი ბაბუის, მამაჩემის მამის სახელი დაარქვეს. კოტე ''ობიექტივში'' მუშაობს. სურათი ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობის დროსაა გადაღებული.
- ბავშვობა ბორჯომში გაატარეთ?
- დიახ, ეს იყო ულამაზესი და დაუვიწყარი პერიოდი. ჩვენი ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა. მყავდა ციყვები და კურდღლები. ვუვლიდი ყვავილებს. ბუნებასთან გვქონდა მე და ჩემს ძმას შეხება და ამან ორივეს ცხოვრებაზე თავისი კვალი დატოვა. სკოლაც ამ ქალაქში დავამთავრე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით დუშელი ვარ და არა ბორჯომელი, მაინც მიმაჩნია, რომ ბორჯომია ჩემი მშობლიური ქალაქი. დღესაც, როცა ძალიან მიჭირს, მაშინვე ბორჯომში გავრბივარ, მგონია, რომ იქ ჩემს ბავშვობას ვხვდები. მართალია, ყველა ჩემი ძველი ნაცნობი წამოსულია, მაგრამ ბავშვობასთან დაბრუნება კარგია.
- მეუღლე რას საქმიანობს?
- მხატვარია. მეუღლესთან, კახა კევლიშვილთან ერთად ვმუშაობდი ''პირველ არხზე''. კახა დიზაინის ჯგუფში მუშაობდა, მე პუბლიცისტიკის ჯგუფის მთავარ რედაქტორი ვიყავი. ძალიან მომეწონა, შეგვიყვარდა ერთმანეთი და შევქმენით ოჯახი. ორი შვილი გვყავს. დაჩი და ნინო. კარგი ბავშვები არიან. ნინო უფრო შემოქმედებითი ბავშვია, ხატავს და მღერის. დაჩის ძალიან უყვარს ჩოგბურთი. ორივე ჩოგბურთზე დადის. ყველაზე მეტად გული იმაზე მტკივა, რომ ჩემს შვილებთან დიდ დროს ვერ ვატარებ. მგონია, რომ მათ სითბოსა და ყურადღებას ვაკლებ და მინდა, ეს გამოვასწორო. ძნელია იყო ჟურნალისტი და კარგი დედა. იხილეთ საოჯახო ალბომი