ბავშვები დაიწვნენ, დედამ კი მოასწრო სახლიდან გამოსვლა და თავს უშველა რუსეთში კიდევ ერთი საზარელი შემთხვევა მოხდა. სამი ბავშვი დაიწვა სახლში, მთვრალმა დედამ კი მოასწრო სახლიდან გამოსვლა და თავს უშველა.
37 წლის ნატალია თავის მეგობარ მამაკაცთან ერთად ხელის მოწერას აღნიშნავდა. სახლში ამ დროს მათი სამი შვილი იყო – 3 წლის ვიტია, 2 წლის ნატაშა და სამი თვის კატია. საღამოს კაცი სამსახურში წავიდა, ქალმა კი სმა გააგრძელა – ამჯერად, მეგობარ ქალთან ერთად.
ღამის ორ საათზე ნატალიამ მეზობელთან მიირბინა: "ჩქარა, სახანძრო გამოიძახე, ვიწვით!"
როგორც მეზობელი იხსენებს, ნატალიაც მთვრალი იყო და მისი მეგობარი ქალიც. ისინი მაშინვე გარეთ გამოვარდნილან, არც უფიქრიათ, ბავშვები გამოეყვანათ. როცა უკან მიბრუნდნენ და ისევ სცადეს სახლში შესვლა, ბავშვების ხსნა უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა - სახანძროს მოსვლის დროს არც ერთი ბავშვი აღარ იყო ცოცხალი... დედას, რომელიც შვილების ხსნას ცდილობდა, 30-პროცენტიანი დამწვრობა აქვს, რეანიმაციაში უგონოდ წევს.
- არც მივაკითხავ და არც ვაპატიებ ოდესმე, - ტირის ქმარი და უმცროსი შვილის სათამაშოს იხუტებს გულში, - შეეშინდა და თავს უშველა, ბავშვები კი გაწირა...
ხანძრის მიზეზი არ არის დადგენილი. სავარაუდოდ, ბავშვების დედას სიგარეტი დარჩა ანთებული.
- ასეთი ჩვევა ჰქონდა, არ უნდოდა, ბავშვებს ესუნთქათ კვამლი და ღუმელში უშვებდა ბოლს. შეიძლება, ჩაეძინა მთვრალს და სიგარეტი დარჩა, - ჰყვება ნატალიას დედა და როცა ეკიტხებიან, რომ გაიღვიძა, რატომ გამოიქცა თვითონ მეზობლებისკენ და ბავშვები არ გამოიყვანა, დედას ერთი პასუხი აქვს, - უბრალოდ შეეშინდა, შოკში იყო...
ძიებამ კი დაადგინა, რომ ნატალიას უფროსი ვაჟიც ჰყავდა პირველი ქორწინებიდან – 16 წლის, რომელიც მასთან არ ცხოვრობდა. ციხეშიც მჯდარა ბავშვთან სასტიკი მოპყრობისთვის – ის და მისი პირველი ქმარი გამუდმებით ურტყამდნენ შვილს. მერე სერგეი გაიცნო, სოფლელი, მშრომელი კაცი, რომელთანაც სამი შვილი გააჩინა. პრობლემები ამ ბავშვებთანაც იყო, ხშირად სვამდნენ და შვილებს ყურადღებას არ აქცევდნენ. რამდენიმე თვე ჩამოართვეს კიდეც შვილები, მაგრამ ზუსტად ერთი თვის წინ დაიბრუნეს – იფიცებოდნენ, აღარ დავლევთო. სოციალურმა მუშაკებმაც დაუჯერეს...