”დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ ნებისმიერი წამოტირებისას ხელში არ ამყავს” - ერთი ქართველი დედის პროტესტი დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ, როცა დაეცემა, ვაცდი როდის წამოდგება თვითონ. დადგება დრო, როცა მე აღარ ვეყოლები სიახლოვეს და ნებისმიერი წაბორძიკებიდან დამოუკიდებლად წამოდგომა უნდა ისწავლოს და შეძლოს. არაა ამისთვის პატარა, ასე ვფიქრობ მე!
დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ, როცა დაეცემა და რამეს იტკენს, მაშინვე არ ვპანიკდები. არ მინდა გავუმყარო ვარაუდი, რომ მის თავს რაღაც მოხდა. სჯობს იცოდეს, რომ ყველაფერი დაძლევადია, და ამის სჯეროდეს კიდეც.
დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ ულუფას გამოზომილად ვაძლევ და ვცდილობ ზედმეტად არ იკვებოს. ნორმირებული და რეჟიმში ჭამა ხომ სიჯანსაღის ერთ-ერთი გზაა?! ჯანსაღი კვება, ჯანსაღი გონების პირდაპირპროპორციულიაო ამბობენ და მჯერა მე!
დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ ნებისმიერი წამოტირებისას ხელში არ ამყავს. ძლიერ ქალებს ცრემლი და წუწუნი არ სჩვევიათ. პატარაა, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ძლიერია და ჭირვეულობა არ შეშვენის. უნდა დედა? გაიღიმოს და ჩავეხუტები! დიპლომატია ამ ასაკშიც გამოსადეგია.
დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ ვაძლევ ჩემი თვალისგან მოშორებით თამაშის უფლებას. საკუთარი თავის იმედიც და რწმენაც უნდა ჰქონდეს. გაიზრდება და ისწავლის, ვერაფერი ნუგეშია. უკვე ზრდის პროცესშია და ამიტომ სწორად უნდა გაიზარდოს, რომ მერე ასევე, სწორად ისწავლოს.
დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ ვასწავლი, საქანელაზე ასასვლელ კიბეებზე ფეხი როგორ უნდა დადგას და ხელს ვუშვებ. დანარჩენს თვითონ იზამს და აკეთებს კიდეც, თან სწორად. 1.3 თვისაა, მაგრამ ვიცი, რომ მიზანდასახული და ძლიერი ქალია. მიზნისკენ ჯიუტად და სიფრთხილით მიიწევს, ვიმედოვნებ, მუდმივად გამარჯვებით დაამთავრებს. არ მინდა, მის თვალზე გულისტკენის ცრემლი ვნახო. სიხარულის, კი ბატონო, იყოს რამდენიც გინდათ!!!
და ბოლოს მე, ჩემი შვილი დიახ არ მიყვარს, ნამდვილად არ მიყვარს. უბრალოდ ვგიჟდები მასზე!!!
ქეთი გიგოლაშვილი