ბავშვი თვეში ერთხელ გაზომეთ და გრაფიკი შეადგინეთ სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენი წლების განმავლობაში. დაბადებიდან ერთ წელიწადში ბავშვი 20-25 სანტიმეტრს იმატებს.
სიმაღლის ასაკობრივი ცხრილები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები გვთავაზობენ, აბსოლუტურად ზუსტი არ არის. თუმცა, როგორც ორიენტირი, ყოველთვის მხედველობაში უნდა იქონიოთ.
ბავშვი თვეში ერთხელ გაზომეთ და გრაფიკი შეადგინეთ. თუ ზრდის შეფერხება დააფიქსირეთ, ექიმს მიმართეთ - ეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემის ბრალი იყოს.
დაბადებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში ბავშვი თვეში 2-4 სანტიმეტრით იზრდება. შემდეგ ტემპი ოდნავ ეცემა. ბავშვი თანმიმდევრობით კი არა, ნახტომებით იზრდება. რამდენიმე კვირა შეიძლება ერთი სიმაღლე შეინარჩუნოს და შემდეგ დღე-ღამის განმავლობაში მთელი სანტიმეტრით გაიზარდოს.
ყველა ბავშვი თავისი ინდივიდუალური გრაფიკით იზრდება. ხშირმა ავადმყოფობამ შეიძლება შეაფერხოს ზრდა. თუმცა ნუ ინერვიულებთ - პატარა გამოჯანმრთელდება და დაკარგულს აინაზღაურებს. ზრდის შეჩერების მიზეზი შეიძლება კუჭ-ნაწლავის დაავადებებიც გახდეს.
თუ ბავშვი ძალიან პატარა დაიბადა და შემდეგ დაჩქარებული ტემპებით იზრდება, შეიძლება ოდნავ ნაადრევად გაჩნდა ან დედა დაბალი ჰყავს და მამა ძალიან მაღალი.
თუ ექიმი ბავშვის ზრდის პროცესში რაიმეს საეჭვოს შენიშნავს, შეიძლება ენდოკრინოლოგთან გაგაგზავნოთ. ამ დროს სპეციალისტებს სწორ დიაგნოსტირებაში თქვენს მიერ შედგენილი გრაფიკები ძალიან დაეხმარებათ. საჭიროების შემთხვევაში ექიმი მოგთხოვთ სისხლის ანალიზს ზრდის ჰორმონზე, შეამოწმებს ფარისებურ ჯირკვალს და ძვლების რენტგენოგრამას გადაიღებს. ყველა ამ გამოკვლევის ჩატარება ერთი წლის შემდეგ არის შესაძლებელი. თუ ზრდის ჰორმონის სიმცირე დაფიქსირდა, შესაძლოა ამ ჰორმონის ინიექცია დაუნიშნონ.
შეგიძლიათ, იხილოთ 1-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვის წონისა და სიმაღლის ნორმები და შეადაროთ.