ახალგაზრდებში გაჩენილი აგრესიის მიზეზად, მხოლოდ ზღაპარს ნუ გავხდით და მთელ პასუხისმგებლობას ნუ დავაკისრებთ... "კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარე", - თქვა განათლების მინისტრმა, სანდრო ჯეჯელავამ და პრაქტიკულად, უამრავი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია...
ამ თემას აგერ უკვე ერთი კვირაა, საზოგადოება განიხილავს... არის თუ არა ქართული ზღაპარი პატარებში აგრესიის გამაღვივებელი და საერთოდ, ზოგადად რა არის ის? ამ თემაზე სპეციალისტს, პროფესორ ქეთევან სიხარულიძეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგეს ვესაუბრეთ.
- როდესაც ქართული ზღაპრის პერსონაჟზე ბატონი მინისტრის მოსაზრება მოვისმინე, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მას ზოგადად ფოლკლორზე საკმაოდ ზერელე ინფორმაცია აქვს (მის ზოგად განათლებას ცხადია, არ ვეხები, ფაქტია, რომ განსწავლული ადამიანია)...
- დიახ, ნამდვილად არ იცის, რა არის ზღაპარი. ბატონ სანდროსთან, წელიწად-ნახევრის წინ, ამ თემაზე მინისტრობამდე მქონდა საუბარი, როდესაც გადაცემა "კომუნიკატორში" მომიწვიეს. მივესალმები მის ყველა სიახლეს, რომლის გატარებასაც სკოლებში აპირებს, მაგრამ ზღაპარი სხვა მოცემულობაა, მასში ცოტა ღრმადაა ჩახედვა საჭირო და როდესაც არ გვაქვს შესაბამისი კომპეტენცია, მიმაჩნია, ასეთი კატეგორიულებიც არ უნდა ვიყოთ!
ზღაპარი უნივერსალური მოვლენაა და როდესაც ქართულ ზღაპარზე ვლაპარაკობთ, მაშინ მსოფლიოს ხალხებზეც უნდა ვილაპარაკოთ, მასშტაბი უნდა გავზარდოთ... მინისტრმა არა მარტო ზღაპარი არ იცის, არ იცის ფოლკლორული შემოქმედება, რომელმაც დიდი ხნის წინ შეწყვიტა არსებობა. რაც გვაქვს, უკვე მემკვიდრეობაა. მას ვერაფერი შეცვლის, რადგანაც ქმნადობის პროცესი ფოლკლორმა დაამთავრა და მხოლოდ ანეგდოტის ჟანრით არის გამოხატული...
ამასთან, ფოლკლორს დრო სჭირდება, ის ხალხში უნდა გავიდეს, ვარიანტების სახით არსებობდეს, რომ ის ვაღიაროთ...
- მსოფლიო ხალხთა ზღაპარებზე რომ ვისაუბროთ...
- ზღაპარი ევრაზიის კონტინენტზე ძირითადად ერთგვაროვანია, განსაკუთრებით ეს ეხება ჯადოსნურ ზღპარებს, ისინი ეროვნული ნიშნით გამორჩეულები სულაც არ არის. ამიტომ, რა პრეტენზიაც წაუყენეს ქართულ ზღაპრს, ეს ევრაზიულ კონტინენტზე გავრცელებულ ყველა ზღაპარს ეხება, რადგანაც სიუჟეტები ყველგან მსგავსია.
შეიძლება დღევანდელი გადმოსახედიდან მასში ბევრი რამ მართლაც ზედმეტი ჩანს, თუნდაც სიმკაცრე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ძველ ხალხებს, რომელიც ყველა თვალსაზრისით მკაცრ პირობებში ცხოვრობდა, მაშინ პრეტენზია უკანა პლანზე გადადის...
ადამიანს ბავშვობდანვე უნერგავდნენ, საზოგადოების წევრი რომ გახდებოდა, რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა. მამკაცისთვის განსაკუთრებით სავალდებულო იყო თავისი ტერიტორიის, ტომისა და საკუთრების დაცვა შესძლებოდა. აღიარებულია, რომ ზღაპრის გმირი ყოველთვის კეთილი მიზნებისთვის იბრძოდა და ამიტომაც ჰყავდა შემწეები.
რაც შეეხება სასჯელის სისასტიკეს, არა მგონია, იმაზე მეტ აგრესიას იწვევდეს, ვიდრე ის მულტფილმები და კომპიუტერულ თამაშები, რომელსაც ახლა ბავშვები უყურებენ. მოკლედ, ახალგაზრდებში გაჩენილი აგრესიის მიზეზად, მხოლოდ ზღაპარს ნუ გავხდით და მთელ პასუხისმგებლობას ნუ დავაკისრებთ...
- როგორც მინისტრმა ბრძანა, "კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარე"...
- ამის შესახებ ერთხელ უკვე დავწერე და გავიმეორებ, რადგან ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული შენიშვნა მაქვს: მეზღაპრე კომბლეს მეცხვარეს არ უწოდებს და მაინცდამაინც ეკონომისტის თვალით ნუ შეხედავს ბატონი მინისტრი ამას, რომ 2 ცხვარი ჰყავს და ამიტომ ცუდი მეცხვარეა. მეტსაც გეტყვით, ის არ არის საერთოდ მეცხვარე, კომბლის მთლელია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს... დიახ,
გასათვალისწინებელია, რომ მწყემსი არ არის და ამიტომაცაა, რომ 2-ზე მეტი ცხვარი არ ჰყავს. ზღაპარს მისი ცხვრების რაოდენობა არ აინტერსებს, მთავრია, რომ კომბლის მოხმარებელია ანუ მეომარი, ფაქტობრივად, მტაცებლებს ებრძვის... ხოლო მის მიმართ წაყენებული პრეტენზიით რა გამოდის, - მტაცებელს საკადრისი პასუხი არ უნდა გავცეთ?!
- ზღაპარს დიდაქტიკური მნიშვნელობა ცხადია, აქვს...
- ზღაპრები საზოგადოების წევრებისთვის ყოველთვის დიდაქტიკური, ჭკუის მასწავლებელი და გარკვეული ცოდნითაა სავსე; ადრინდელ ადამიანები განათლებას ხომ ზეპირგადმოცემით, ზღაპრებით იღებდნენ და ამიტომ ეს ჟანრი თავისი წარმოშობით შეიძლება არც იყოს საბავშვო რადგანაც, მაშინდელი საზოგადოებისთვის მას საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა. ხოლო როცა მოიმატა განათლების წყარომ, საზოგადოებამ მეტი ცოდნა შეიძნა, ზრაპარმა საბავშვო რეპერტუარში გადაინაცვლა...
- კომბლეს კომბალს რომ დავუბრუნდეთ... კომბალს მისთვის ფოლკლორისტები როგორ ხსნით, რა დატვირთვა აქვს?
- კომბალი მისთვის მნიშვნელოვანი საგანია, ჯერ ერთი თადაცვის იარაღია, რომელიც შემდგომ ბელადების ატრიბუტადაც იქცა და საერთოდ კი კომბალი კვერთხის წინარე სახე გახლავთ. ამიტომ კომბლე უბრალო კაცი არ არის და მას აგრესორსა და მოძალადეს არაფრით დავარქმევდი. რატომ არის მოძალადე, როცა თავის საკუთრებას იცავს. ერთადერთი ბრიყვი მგელისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი ის ფორმულა, რითაც ცხვრები სხვა მტაცებლებს პასუხობდნენ, რომლებიც შემდგომ უკან იხევდნენ. მგელმა რადგანაც გაბედა, ამიტომაც მიიღო.
ზღაპარზე თავდასხმა უკვე იმაზე ცუდ შედეგს მოგვცემს, ვიდრე ბატონ ალექსანდრეს წარმოუდგენია. გამოდის, რომ ტრადიციის ამოძირკვისკენ მიდის საქმე. არ წავუკითხოთ, არ გავცნოთ პატარებს ის, რაც მათია, რაც ხალხს სიბრძნედ მიუჩნევია? ფოლკლორი ხომ როგორც ხალხის სიბრძნე ასე იშიფრება?! ხალხი მისთვის მიუღებელს საგანძურში არავითარ შემთხვევაში არ გააჩერებდა. თაობიდან თაობას მხოლოდ იმას გადასცემდა, რა მისთვის ძვირფასი იყო. განაგრძეთ კითხვა