პანგასიუსი სავსეა ქიმიკატებით, ბაქტერიებითა და მძიმე მეტალებით თევზის სახეობა პანგასიუსი ქართული ბაზრისთვის კარგად არის ნაცნობი. თუმცა შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ეს თევზი სავსეა ქიმიკატებით, ბაქტერიებითა და მძიმე მეტალებით. თევზის ხორცი შეიცავს დარიშხანის გარკვეულ რაოდენობას და უამრავ ტოქსიკურ და საშიშ დანამატს.
საქმე ისაა, რომ როგორც მრავალი უცხოური წყარო იუწყება, პანგასიუსს ვიეტნამში, მდინარე მეკონგში ამრავლებენ. მეკონგი კი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ მიიჩნევა. ამ მდინარეში ჩაედინება ქიმიური ქარხნების ნარჩენები და კანალიზაციის მილები. არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები კი პანგასიუსს გენმოდიფიცირებული კორმითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით კვებავენ.
თევზის გასაყინადაც მწარმოებლები მეკონგის წყალს იყენებენ. ლიფსიტების ზრდის ტემპი რომ 4-ჯერ გაზარდონ, ჩინეთიდან სპეციალურ ჰორმონებს ყიდულობენ, რომელიც მდედრების ორგანიზმში შეჰყავთ. ხარისხის მაკონტროლებელი ევროპული ორგანოები ამ ჰორმონების კვლევის მიზნით გადაცემას ითხოვენ, თუმცა მწარმოებლები მის გადაცემაზე უარს ამბობენ.
მეცნიერების ცნობით, პანგასიუსის მოხმარება თირკმელების დაზიანებას, სისხლის დაავადებებს და შინაგანი ორგანოების დეგრადაციას იწვევს.
პანგასიუსის წარმოება უიაფესია, ამიტომ ამ პროდუქტს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ მოსახლეობაში ასაღებენ. მათ შორის საქართველოც აღმოჩნდა. მარკეტებში მყიდველს ძირითადად, ფილეს სახით სთავაზობდნენ. როგორც გავარკვიეთ, პანგასიუსი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი იყო, თუმცა ბოლო დროს გავრცელებულმა ხმებმა მისი მავნებლობის შესახებ მომხმარებლამდეც მიაღწია, ამიტომ მაღაზიები თავს არიდებენ ამ პროდუქტის მიღებას. როგორც დისტრიბუტორებისგან შევიტყვეთ, მათთვის ამ თევზის გაყიდვა არავის აუკრძალავს. დღესაც აქვთ მაცივრებში და ისევ სთავაზობენ სავაჭრო ქსელებს, თუმცა აღარ საღდება.
იგივე დისტრიბუტორების თქმით, ეს ვითარებაა თბილისში, თუმცა რეგიონებში შეიძლება ისევ წარმატებით იყიდებოდეს. ან ისეთ სავაჭრო ან კვების ობიექტებში, რომლებიც ხარისხზე ყურადღებას არ ამახვილებენ. ყოველ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ ეს თევზი საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მოერიდეთ ამ დასახელებას, ხოლო კვების ობიექტებში, რომლებიც საიმედოდ არ გამოიყურება, თევზს საერთოდ ნუ შეჭამთ.
P.S. სტატიას მომხმარებელი.გე-ც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათაც შეამოწმეს აღნიშნული თევზი, ერთ-ერთი მომხმარებლის თხოვნით. "2014 წლის 18 დეკემბერს თბილისის ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ პანგასისუსი ფილე გაყინული და პანგასიუსის სტეიკი (ნაჭრები) გაყინული. ორივე პროდუქტი თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და ჩაბარდა ლაბორატორიას პროდუქტში ქიმიური დაბინძურების შესამოწმებლად. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორივე პროდუქტში: პანგასიუსის ფილე და პანგასიუსის სტეიკი მძიმე მეტალების, რიგი პესტიციდების და რადიაქტიული ელემენტების შემცველობა დაშვებული ნორმის ფარგლებშია". თუმცა იმავე საიტზე ისიც არის განმარტებული, რომ გამოკვლევა ვერ ჩატარდა პოლიქლორირებულ ბიფენილებთან დაკავშირებით, რაც ასევე საშიში ნივთიერებაა: "რაც შეეხება პოლიქლორირებულ ბიფენილებს, დღესდღეობით თევზის ხორცში მათ შემცველობას საქართველოში არსებული არც ერთი ლაბორატორია არ ზომავს. ჩვენ მომავალში შეძლებისდაგვარად შევეცდებით ეს პარამეტრი დამატებით გავზომოთ".
ასევე უცხოენოვანი სტატიები თემაზე: fithacker.ru, econet.ru, inserbia.info, oddvinvedo.wordpress.com