"ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო ვარჯიში, მუშაობა, ვიდრე დაბადების დღეებზე, ან სხვა გასართობებზე სიარული..."
ნიტა ლომიძემ საზოგადოება შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა" გამოსვლით კიდევ ერთხელ გააოცა. თეა გობეჯიშვილის და ნიკა ლომიძის ქალიშვილს მაყურებელი ეკრანიდან, თეატრიდან, ფილმებიდან "ანო და ვანოს თავგადასავლი", "ცელქი ბავშვები", "ცელქი ბავშვები-2", "ვისი სული გსურს", "ლურჯი ფრინველი" იცნობდა, თუმცა რაც მან შოუში გააკეთა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - აატირა მაყურებელი და საზოგადოების დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. გადავწყვიტეთ, ნიტას შესახებ მის ასევე ნიჭიერ და წარმატებულ დედას, მოცეკვავე და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილს გავსაუბრებოდით.
- ძალიან პატარა იყო, როცა ტანვარჯიშზე შევიყვანე, 5 წლის ასაკიდან უკვე დარბაზში იყო და შესაბამისად ამ რეჟიმს ბავშვობიდან მიეჩვია. ისე იზრდებოდა, რომ ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო ვარჯიში, მუშაობა, ვიდრე დაბადების დღეებზე, ან სხვა გასართობებზე სიარული. შაბათ-კვირასაც კი ვარჯიშობდა, აღარფერს ვამბობ სამუშაო დღეებზე, როცა ბაღის შემდეგ მიდიოდა ვარჯიშზე. პატარა ამ ატმოსფეროს კარგად მიეჩვია. მერე, უკვე 6 წლის ასაკში სკოლაში შევიდა, თავისთავად გაკვეთილების მომზადებისთვის დრო სჭირდებოდა, ვარჯიშს ხომ ცალკე დრო ჰქონდა დათმობილი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ასწრებდა. რაც უფრო იზრდებოდა, მეტის კეთების, მეტის სწავლის სურვილი უჩნდებოდა და შესაბამისად უფრო მეტი ჰქონდა მოსასწრები უფრო მცირე დროში. რეჟიმი უცვლელი იყო, მუშაობდა ყოველდღე, არ არსებობდა შაბათი და კვირა, სულ გადარბენაზე იყო. განზრახ არ შევედით კერძო სკოლაში, მივხვდით, 6 საათამდე მხოლოდ სკოლისთვის რომ დაგვეთმო დრო, ამდენს ვეღარ მოვასწრებდით, ამიტომ სწავლა საჯარო სკოლაში გადავწყვიტეთ, რის ხარჯზეც სხვადასხვა წრისთვის გვრჩებოდა დრო. სიმღერაზეც დადიოდა, ინსტრუმენტზეც გვინდოდა შესვლა, მაგრამ ამას ფიზიკურად ვეღარ მოასწრებდა. მერე და მერე ამ ჩვენს რეჟიმს დაემატა ფილმები, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ისედაც დატვირთული გრაფიკი. მაგრამ არასდროს არაფერი დამიძალებია ნიტასთვის, უბრალოდ იცოდა, რომ ვერ გააცდენდა ვერცერთ გაკვეთილს, ვარჯიშს და აზრადაც არ მოსვლია, ეთქვა, რომ სადმე არ წავიდოდა, პირიქით, სულ ვეუბნებოდი, ძალიან დაიღლები და ისევ შენს გამო, ხომ არ ჯობია ფილმზე ამ ეტაპზე უარი ვთქვათ-თქო. მაგრამ იმდენად მოსწონს ფილმში თამაში, რომ დამპირდა, არასდროს ვიტყვი დავიღალე, მეცდინეობითაც ვიმეცადინებ, არაფერს გავაცდენ და ყველაფერს მოვასწრებო და ასეც იყო - იღლებოდა თუ არ იღლებოდა, არასდროს წუწუნებდა, სიამოვნებით აკეთებდა ყველაფერს. ამ რეჟიმმა ძალიან დამოუკიდებელი და მოწესრიგებული გახადა, იცის დროის ფასი, როგორ გადაანაწილოს საქმე.
სწავლითაც კარგად სწავლობს, ვერ ვიტყვი, რომ ათოსანია, მაგრამ იმის ფონზე, რომ ყოველთვის დროის დეფიციტს განიცდის, მაინც ასწრებს გაკვეთილების მომზადებას, ძალიან გონებაგახსნილია, მალე ითვისებს და ეს ეხმარება. გაკვეთილებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, თუ მასალა გამოტოვებული აქვს, ცდილობს აინაზღაუროს, როცა ამის საშუალება და დრო აქვს, მაგალითად დასვენების დღეებში. მიუხედავად ამისა, სულ გვგონია, რომ არ გვყოფნის დრო, 48 საათი რომ გვქონდეს, ბევრად უფრო ბევრ რამეს მოვასწრებდით, მივაქცევდით ყურადღებას იმასაც, რაზეც თვითონ გული სწყდება, მაგალითად სიმღერას, შევისწავლიდით ინსტრუმენტზე დაკვრას. ყველაფერს ითხოვდა, "ესეც მინდა, ისიც მინდა" - სულ ამბობდა, მაგრამ ამ 24 საათში მეტს ვერაფერს ვახერხებთ.
- თქვენ ყოველთვის დაკავებული ხართ, თქვენი საქმე გქონდათ და გაქვთ. როცა შვილი ასეთი დატვირთული და აქტიურია, მშობლისგან დიდ ყურადღებას ითხოვს, როგორ ახერხებდით და ახერხებთ, რომ თქვენი საქმის ფონზე მისი ცხოვრებით იცხოვროთ?
- ადვილი ნამდვილად არ იყო და არ არის ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება. მით უმეტეს, რომ ბავშვეს ყოველთვის სჭირდებათ ყურადღება. მე მუდმივად ჩართული და ჩახედული ვიყავი მის საქმიანობაში, უნდა მცოდნოდა, როდის ჭირდებოდა მიხმარება, რა დროს იყო საჭირო დარიგება, საუბარი. როცა ამდენ საქმეს აკეთებ, შესაძლოა გქონდეს გულისტკენაც. ეს ყველაფერი რომ მარტივად გადაეტანა ყოველთვის მის გვერდით ვიყავი, მით უმეტეს, რომ ფიზიკურად ყოველთვის ამდენს შორომოდა და შრომობს. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავისუფალი დროის უდიდესი ნაწილი მასთან გამეტარებინა, ნიკაც ძალიან ჩართულია ნიტას აღზდაში, მათ ცალკე იდილია აქვთ, ხანდახან ჩემგან დამალულადაც კი აქვთ საიდუმლოები, იმიტომ, რომ მე გაციელებით მკაცრი ვარ, ვიდრე ნიკა. ის ყოველთვის, ყველაფერში ნიტას მხარეზეა, ამართლებს, ხანდახან არის მომენტი, როცა საყვედური უფრო სჭირდება ბავშვს, ვიდრე მოფერება, მაგრამ ნიკას ეჩვენება, რომ ნიტა ყველაფერში მართალია, ცოტა დაბრმავებული მამაა. ერთიც და მეორეც დაფრინავენ, ამიტომ მე მიწევს ხოლმე მათი მიწაზე "დასმა".
- როგორც ვხვდები, ნიტა ყოველთვის სწავლით, ვარჯიშითაა დაკავებული, ეს კარგია, მაგრამ ბავშვში გულისწყვეტას ხომ არ იწვევს ის, რომ როგორც აღნიშნეთ, ხანდახან ვერ დადის დაბადების დღეებზე, სხვა გასართობებზე?
- გული არ სწყდება, იმიტომ რომ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება დატვირთული რეჟიმით ცხოვრობს და იცის, რომ ასე უნდა იყოს, სხვანიარად მისთვის წარმოუდგენელია. არასდროს დაუსვამს კითხვა, ხო არ გავაცდინოთ ვარჯიში და დაბადების დღეზე წავიდეთო, რადგან ეს მის ცხოვრებაში არასდროს მომხდარა. თუ ვასწრებთ, დავდივართ სხვადასხვა ადგილას, თუ არ ხერხდება, ესეც გასაგებია მისთვის. ამ გადაღებებით, ფილმებით, სპექტაკლით იმდენად გახარებულია და იმდენად ივსება ხოლმე ამ ყველაფრით, რომ ვერ ვიტყვი, ნიტას ბედნიერი ბავშვობა არ აქვს-მეთქი.
- ნიტას მსახიობობაც მოსწონს, ცეკვითაც არაჩვეულებრივად ცეკვავს, რომელი გზით უნდა წასვლა?
- საბოლოო ჯამში რას და როგორ აირჩევს, თავისი გადასაწყვეტია, მაგრამ დღესდღეობით რომ გითხრათ, მკვეთრად გამოხატული გადახრა აქვს რომლიმე სფეროსკენ, არ ვიქნები მართალი. თანაბრად უყვრას ცეკვა და მსახიობობა. ტანვარჯიშიც ძალიან უყვარდა, უბრალოდ ამ ეტაპზე ჯობდა ბალეტისკენ გადმოვხრილიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერზე უარი უნდა გვეთქვა და გამხდარიყო სპორტსმენი, მთელი დღეები გაეტარებინა დარბაზში და სხვა არაფერი ეკეთებინა. ფიზიკურად არ დარჩებოდა სხვა რამისთვის დრო. თვითონ ძალიან დასწყდა გული, ღამე ეღვიძებოდა, ტიროდა, ითხოვდა, მიმიყვანეთ დარბაზშიო, დიდი დრო გაატარა და ძალიან უყვარს თავისი მასწავლებელი ბელა კობალაძე. თუმცა გადაიარა ამ პერიოდმა და ახლა ბალეტიც ძალიან უყვარს, აქაც არაჩვეულებრივი პედაგოგი ჰყავს, მეტიც, ერთ-ერთი საუკეთესოა მისი პედაგოგი მთელ საქართველოში. ცეკვის სხვა მიმართულებებიც ძალიან მოსწონს, ზოგადად უყვარს ცეკვა და სიამოვნებას იღებს რეპეტიციებისგან.
იხილეთ ნიტას საოცარი ცეკვა, რომელმაც ჟიურის წევრები აატირა
- ნიტას საეტლევიზიო გამოსვლას შოუში "შენ შეგიძლია ცეკვა" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რა მოლოდინი აქვს შემდეგში?
- იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს, ერთი-ორი დღე შოკირებული ვიყავი, ნამდვილად არ ველოდი, თუ ამხელა ამბავი მოჰყვებოდა ნიტას გამოსვლას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანებს იმ თბილი სიტყვებისთვის, რასაც არ იშურებდნენ ნიტასთვის. ერთია, რაღაც რომ მოგეწონება და მეორეა ის, რომ ამას ასე თბილად გამოხატავ. ამ კომენტარების და წერილების გულგრილად კითხვა შეუძლებელი იყო, იმდენად ავივსე ემოციებით, მეტირებოდა ასეთ გამოხმაურებაზე. რაც შეეხება მოლოდინს, პირველ რიგში ჩვენი მიზანია, მაყურებელს იმედი არ გავუცრუოთ და იმაზე ნაკლები ნომერი არ ვანახოთ, რაც პირველ შოუზე. სცენიდან რომ დაბრუნდა ნიტა, მეუბნებოდა ნეტავ კიდევ შეიძლებოდეს გავიდე და ვიცეკვოო, დაფრინავდა სიხარულით. ამხელა გამოხმაურების შემდეგ მეორედ მაყურებლის წინაშე წარდგომა დიდი პასუხისმგებლობაა, ამას ვგრძნობთ და ნიტაც ეცდება, რომ თავისი მაქსიმუმი გააკეთოს.
ციცი ომანიძე