ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს თბილისში კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა მოხდა - ახალგაზრდა გოგონა ორსულობის მე-8 თვეში მოულოდნელად გარდაიცვალა. თამარ ტ. ამ წლის დასაწყისში გაბედნიერდა და პირველ შვილს ელოდა. როგორც ამბობენ, ორსულობა ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, გართულებების გარეშე.
დაახლოებით 3 კვირის წინ მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო სეირნობის დროს - თავი ასტკივდა და გამაყუჩებელი დალია. მეორე დღეს კი დილის 5 საათზე გაიღვიძა, ცუდად ვარო და გონება დაკარგა...
სასწრაფო დახმარების ექიმებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფოდ მოხდა მისი საკეისრო კვეთა და ბავშვი გადაარჩინეს, თამარის დიაგნოზი კი მწვავე აღმოჩნდა - ანევრიზმა...
რამდენიმე ხანში ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბოლო დღეებამდე იწვა, კომატოზურ მდგომარეობაში. გუშინწინ გარდაიცვალა...
ასევე იხილეთ: აუცილებელი გამოკვლევები, რომლებიც ორსულმა უნდა ჩაიტაროს
როგორც ღუდუშაურის საავადმყოფოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო: "სხვა კლინიკაში მოხდა მისი მშობიარობა, ჩვენთან რომ მოიყვანეს, მისი მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე და კრიტიკული იყო. ოჯახს ყოველდღიურად ეძლევა ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ, მოდიან და ნახულობენ ბავშვს. ბავშვი იმყოფება ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. გადის მკურნალობას, უტარდება ყველა საჭირო პროცედურა".
იხილეთ: 5 ინფექცია, რომელიც საშიშია ორსულობის დროს
...ანევრიზმას ყველაზე ვერაგ დაავადებებს შორი მოიხსენიებენ. როგორც წესი, სანამ არ გასკდება, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მისი ერთ-ერთი სიმპტომი თავის ტკივილი და წნევის დაცემაა. გამსკდარი ანევრიზმის დროს, შედეგი ყოველთვის ფატალური არაა, თუმცა გადარჩენის შანსი 50%-ია. როდესაც ანევრიზმა სკდება, სისხლის უზარმაზარი მასა იღვრება აორტის გარშემო ქსოვილებში. პაციენტს აქვს ჰემორაგიული შოკი, უვარდება წნევა, რომლის დროსაც თრომბული მასები დროებით აჩერებს სისხლდენას. ამიტომ პაციენტის დროულ მიყვანას კლინიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხერხდეს დიაგნოზის დასმა და ჩატარდეს სასწრაფო ოპერაცია.