ხუთი მთავარი წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, როცა საყვარელი შვილის სპორტულ სექციაში ჩაწერას აპირებთ მიიღეთ სპეციალისტების რჩევები, როგორ მივაღწიოთ, რომ ბავშვი იქ სიხარულით დადიოდეს და არა ძალდატანებით. სწორად რომ აირჩიოთ ბავშვისთვის სპორტის სახეობა, რამდენიმე მთავარი მომენტი უნდა გაითვალისწინოთ.
1. ბავშვის წონა. პრაქტიკა უჩვენებს, რომ წონიან ბავშვებს განსაკუთრებით აქტიურად ექაჩებიან სპორტულ სექციებში. ამაში არაფერია უჩვეულო. მაგრამ გაითვაოლისწინეთ, რომ ტანსრულ ბავშვებს ყველა სახეობის სპორტი არ შეეფერებათ – რასაკვირველია, თუ კარგი შედეგების მიღწევა გინდათ და არა უბრალოდ გართობა. მაგალითად, მშობლები პუტკუნა ბავშვს საფეხბურთო სექციაში წერენ. ჰგონიათ, რომ იქ გუნდურ მუშაობას მიეჩვევა და თან გახდება. მაგრამ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა: არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთში პირველ რიგში მთავარია სისწრაფე და მოხერხება. უეჭველია, რომ ბავშვისთვის სპორტის ეს სახეობა დაუსრულებელ დამცირებად გადაიქცევა. პუტკუნა ბავშვებისთვის საუკეთესოა ცურვა, საბრძოლო ხელოვნება, მძლეოსნობა, რაგბი.
2. სიმაღლე და სისწრაფე. მაღალი ბავშვები სპორტის ბევრ გუნდურ სახეობაში უყვართ – კალათბურთში, ფრენბურთში. ბევრი მწვრთნელი თვალებს ხუჭავს იმაზეც, თუ ბავშვი ნელია და მოძრაობის კოორდინაციაც საშუალო აქვს, თუ თავით წვდება კალათას. ტანვარჯიშზე კი აწოწილი ბავშვები ნაკლებ მოსწონთ, უპერსპექტივოებად მიიჩნევენ. მათ არტისტული მოქნილი და ნაზი ბავშვები მოსწონთ. ასევე მნიშვნელოვანია სისწრაფე –თვისება, რომლის განვითარებაც არ შეიძლება, თუ გენებში არ არის ჩადებული. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სისწრაფის მომატება ვარჯიშების მეშვეობით მხოლოდ 10%-ით შეიძლება. სპორტის იმ სახეობებში, სადაც სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს (ფეხბურთი, ჰოკეი), არ ღირს ნელი ბავშვის მიყვანა. ვინ იცის, იქნებ ის ჭადრაკშია მომავალი ჩემპიონი.
3. სამედიცინო უკუჩვენება. ექიმები გვირჩევენ, სანამ ბავშვს სპორტის რომელიმე სახეობაზე მიიყვანთ, ექიმთან გაიაროთ კონლუსტაცია და აუცილებლად აიღოთ ჯანმრთელობის ცნობა. აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ, რამდენად გამძლე აქვს გული, ძვლები, მყესები, სახსრები, სისხლის მიმოქცევა. ხომ არ აქვს ბრტყელტერფიანობა, პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებით. ყველა ვერ უძლებს დიდ დატვირთვებს. ხანდახან სპორტულ სექციაზე შეყვანის შემდეგ იჩენს ხოლმე პრობლემები თავს და დაავადების პროვოცირებაც ხდება. ამიტომ ჯობს, მშობელმა მანამდე იზრუნოს ამაზე და ზუსტად იცოდეს, სამედიცინო თვალსაზრისით შეეფერება თუ არა მის შვილს ესა თუ ის სპორტის სახეობა.
4. ტემპერამენტი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციურობა და ენერგიულობა. ხშირად მშობლები ცდილობენ ბავშვის სპორტზე შეყვანას, რომ მისი ენერგია სწორი კურსით მიმართონ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გახსოვდეთ: ემოციური, კონტაქტური ბავშვები ძალიან ძნელად ეგუებიან ინდივიდუალურ სპორტის სახეობებს, იმას, რასაც სჭირდება ბევრი ფიქრი, კონცენტრირება. ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, მონოტონური მოსაწყენი ფიზიკური ვარჯიშები მათთვის ნამდვილი კოშმარია. გუნდურ თამაშებთან გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. კონტაქტური და ენერგიული ბავშვები იქ ნამდვილად მოახდენენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას.
5. სექციის სიშორე. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, დრო, რომელსაც ხარჯავთ სექციამდე მისასვლელად, ერთ-ერთი საკვანძო მომენტია. დიდხანს თუ მგზავრობთ, ამ დროს ჯერ თვითონ იღლებით, მერე – ბავშვიც. დაღლილობა მასაც შეაძულებს სპორტს და თქვენც. ამის გამო ბევრი ტოვებს სპორტს და მშობელიც, დაღლილი აქეთ-იქით სიარულით, მარტივად ეთანხმება. არადა, ძალუან ცუდია, როცა ვარჯიში წყდება, ბავშვს უმყარდება რწმენა, რომ "სპორტი არ არის მნიშვნელოვანი, მის გარეშეც იცხოვრებს". ეს მერე მარტო სპორტს კი არ შეეხება, სხვა რამეებსაც, რომლებსაც იოლად მიატოვებს, თუ დაიღლება. სექციამდე მისვლას 40-50 წუთზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს.
თუ გინდათ, რომ ბავშვი სპორტული, მხიარული, დაკავებული და მოტივირებული იყოს, სწორად შეარჩიეთ სპორტის სახეობა.