დაიწყეთ მარტივი პროცედურებით: ახალშობილი ხშირად დააწვინეთ მუცელზე, გვერდზე ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს სწორად შედგენილი დღის რეჟიმი, ჯანსაღი კვება, თბილი ოჯახური ურთიერთობები და მშვიდი სულიერი ცხოვრებაა. მას პატარაობიდანვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. გვესაუბრება პედიატრი ივეტა ბურუსიძე.
- რა ასაკიდან უნდა ჩავაბათ ბავშვი სპორტულ ცხოვრებაში?
- ახალშობილობის პერიოდიდანვე. ის უნდა გავაკაჟოთ, შევაჩვიოთ სწორ მოძრაობებს, მასაჟს. ყოველივე ეს, გარდა ჯანსაღი ცხოვრებისა, დაავადებათა პროფილაქტიკის საწინდარიცაა. დაიწყეთ მარტივი პროცედურებით: ახალშობილი ხშირად დააწვინეთ მუცელზე, გვერდზე; საფენის გამოცვლისას რამდენიმე წუთით დატოვეთ შიშველი, რათა თავისუფლად ამოძრაოს ხელ-ფეხი და მიიღოს ჰაერის აბაზანები. სამი კვირიდან რეკომენდებულია მსუბუქი მასაჟი. თავდაპირველად ის კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა გააკეთოს დედის თანდასწრებით, მერე კი შეიძლება, დედამ თვითონვე ჩაატაროს იგივე პროცედურები. სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი კუნთები გამშლელზე აქტიურია. ამას ჰიპერტონუსი ეწოდება. ზრდასთან ერთად მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის ბავშვის ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსი. ვარჯიშისა და მასაჟის შერჩევისას სწორედ ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. სამი თვის ასაკში შეიძლება შესრულდეს ხელების პასიური მოძრაობები. კისრის კუნთები თანდათან მაგრდება, ამიტომ თავს იჩენს მდგომარეობის შეცვლის თანდაყოლილი რეფლექსი - ზურგიდან გვერდზე და მუცელზე გადაბრუნება. თუ პატარა ცდილობს მდგომარეობის შეცვლას, ვარჯიშით უნდა დავეხმაროთ. სამი თვისთვის ქრება ხოხვის ფენომენი და უკვე შეიძლება, ვარჯიშში ქვედა კიდურებიც ჩავრთოთ. ოთხი თვიდან უნდა დავიწყოთ ისეთი მოძრაობების შესრულებაც, რომლებიც პატარას უფრო აქტიური ცხოვრებისთვის მოამზადებს, დაეხმარება ცოცვის, ჯდომის, დგომის, სიარულის დაუფლებაში. ვარჯიშისა და მასაჟის დროს პატარასთან ალერსიანი საუბრით ვიწვევთ საპასუხო რეაქციას, 6 თვიდან კი ბავშვი საპასუხო ბგერებსა და სიტყვებსაც წარმოთქვამს. 4-5 თვიდან მეთოდისტმა ყოველი მოძრაობის წინ აუცილებლად უნდა მიუთითოს: "გადაბრუნდი გვერდზე", "აიღე სათამაშო", "მომეცი ხელი" და ა.შ. 4-5 თვის ასაკში იწყება ქვედა კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობის გათანაბრება, ამიტომ ვარჯიშთა კომპლექსში უნდა შევიტანოთ ქვედა კიდურების პასიური მოძრაობები - ფეხის აწევა, მონაცვლეობითი მოხრა. ვარჯიშის დროს ნუ დაივიწყებთ ხმამაღლა დათვლას: ერთი, ორი, სამი... როცა ვარჯიშები სწორად ტარდება, ბავშვს სიამოვნებს ეს, იცინის, ღუღუნებს.
- 9-დან 12 თვემდე პატარა სწავლობს დამოუკიდებლად, საყრდენის გარეშე დგომასა და სიარულს, თითის წვერებზე ჩაჯდომას. მის ყოველ მოძრაობას კავშირი აქვს ამა თუ იმ საგანთან - ცდილობს, გაიაროს და აიღოს სათამაშო, ჩაჯდეს და იატაკიდან აიღოს დაბლა დავარდნილი ბურთი... კარგად ბაძავს უფროსებს, შეუძლია დასახელებული ნივთის, თავისი სხეულის ნაწილის ჩვენება, მაგრად უჭირავს ხელში საგნები, იზრდება თითების მოძრაობის კოორდინაცია... ერთი წლიდან გამაჯანსაღებელი პროცედურები უმთავრესად საბავშვო თამაშებთან არის დაკავშირებული. რა სახის ვარჯიშებია სასურველი ამ ასაკში?
- ერთი წლიდან ბავშვი აქტიურ მოძრაობას იწყებს. მისი ფიზიკური განვითარება ჰარმონიულად რომ გაგრძელდეს, საჭიროა, ყოველდღე რამდენიმე წუთი მაინც დავუთმოთ ვარჯიშს. ძვლოვანი სისტემის დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ახალ დატვირთვებთან კუნთოვანი აპარატის შესაგუებლად ტარდება თამაშ-ვარჯიშები. სავარჯიშოდ ყველაზე მოხერხებულია სეირნობის დრო. პირველი მნიშვნელოვანი ვარჯიში კი სიარულია. თუ პატარას ჯერ კიდევ უჭირს დამოუკიდებლად სიარული, შესთავაზეთ, ატაროს თავისი სასეირნო ეტლი - უბიძგოს ხელით წინ, ან სიტყვიერად მიუთითეთ: "მოდი, მივიდეთ იმ ხესთან"... ნუ შეაჩვევთ სეირნობისას ეტლში ჯდომას. უმჯობესია, თვითონ ატაროს იგი. ასე უფრო ადვილად და სწრაფად ისწავლის სიარულსა და სირბილს. წლინახევრის პატარა უკვე დარბის, დაცემა აღარ აშინებს. სამ წლამდე ბავშვს შეგიძლიათ ასწავლოთ ხტომა. არსებობს ხტომის ორი სახეობა: სიმაღლიდან ჩამოხტომა (შიშის დასამარცხებლად პირდაპირ თქვენს ხელებში ჩამოახტუნეთ) და შედარებით დაბალი ზედაპირიდან უფრო მაღალზე შეხტომა. ხტომის შესასწავლად გამოიყენეთ კიბის საფეხურები. ეცადეთ, შინიდან გასვლისას ფეხით ჩახვიდეთ კიბეზე, შინ დაბრუნებისასაც ფეხით ახვიდეთ. ჯერ თქვენ თვითონ აჩვენეთ, როგორ ჩამოხტეს ორივე ფეხით, შემდეგ ხელი ჩასჭიდეთ და ისე ჩამოახტუნეთ. ასწავლეთ ხტუნვა ორივე და ცალ ფეხზე. როცა სიარულსა და სირბილს კარგად ისწავლის, მიაჩვიეთ სხვადასხვანაირ სიარულს - თითის წვერებზე, ქუსლებზე, ტერფის გარეთა და შიგნითა კიდეებზე. ეს სასარგელოა ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვისაც. 2-დან 3 წლამდე ასაკის პატარები სიამოვნებით ბაძავენ ცხოველებს ხმით, ქცევით, ამიტომ ვარჯიშებს დაარქვით შესაბამისი სახელები. მაგალითად, ასე:
კურდღელი - ბავშვი ხტის ორ ფეხზე, ხელები ყურებზე აქვს მიბჯენილი, ორი თითი კი კურდღლის ყურებივით აცქვეტილი;