თბილისელი ქალი, რომელიც გაყინულ მგზავრებს უფასოდ დაატარებს მანქანით - ამბავი ჩვენი რეალობიდან - მშობლები

თბილისელი ქალი, რომელიც გაყინულ მგზავრებს უფასოდ დაატარებს მანქანით - ამბავი ჩვენი რეალობიდან

2016-12-20 04:54:03+04:00

"ხომ არ მოდიხართ, წაგიყვანთ უ-ფა-სოდ, დინამო-წერეთელი-დიდუბე-დიღომი..." რა არ გადაგხდება შენს ქალაქში

ვდგავართ. ყინავს. მარშრუტკა არ ჩანს.

- ხომ არ მოდიხართ, წაგიყვანთ უ-ფა-სოდ, დინამო-წერეთელი-დიდუბე-დიღომი, - ხმამაღლა იძახის დედაჩემის ტოლი ქალი.

- მიდი, გოგო, ხომ მიდიხარ, - მეუბნება მეგობარი და მეც ვჯდები მძღოლის უკან.

- ერთი კვირაა კბილის ექიმთან დავდივარ, ასე მიმყავს ხალხი. დგანან ყინვისგან გაძუძგულები, მარა კი არ მისხდებიან. რატომ უნდა ვიმგზავრო მარტო დიღმამდე?! გაჩვენო ახლა როგორ ეშინიათ ადამიანის? დინამო-წერეთელი-დიდუბე უ-ფა-სოდ წაგიყვანთ, უ-ფა-სოდ! - გადაყო თავი ქალმა.

გასუსულები დგანან გაჩერებაზე.

- აა, ხომ გითხარი! ვგავარ საშიშს? - მეკითხება გაკვირვებული ქალი, თავზე ბერეტით.

"სად ჩავჯექი, რა მინდოდა, ვინაა?" - ვფიქრობ მე.

სადღაც მეხუთე გაჩერებასთან ქალი ჩაგვიჯდა.

- ნინო მქვია, ქალბატონო. რა კარგია, რომ არ შეგეშინდათ. დღეს უკვე ათი მადლობა მაქვს. მადლობა რა არის, მაგრამ კარგი აურით მავსებს. ეშინიათ ამ ქალაქში ადამიანის..

- ან უკვირთ... -ამატებს ასაკოვანი ქალი.

- მხოლოდ ამ გოგომ გაბედა,-ამბობს მძღოლი.

- მე გიცანით. მაღაზია მქონდა და ნაყინი მოგქონდა ჩემთან... ციური, აბა, გაიხსენე, ციური!

- ციურიი! მიცანი, ხო? - მომიბრუნდა, - მე ვარ პირველი დისტრიბუტორი ქალი, პირველი! დღეს მერამდენე ნაცნობს გადავეყარე....

ერთი-სამი გაჩერების შემდეგ ნაზიკო ჩაგვიჯდა. ნუნუ მასწავლებლის შვილი ხარ, გიცანიო... მერე გურამ მასწავლებელი გაიხსენეს, მერე დირექტორი, რომელმაც გურამ მასწავლებელი გააგდო და კი ჩაძაღლდა ამის გამო.

- ახლა დასუფთავებაში ვმუშაობ. შემთხვევით გადავაწყდი მის საფლავს. როგორ უხაროდა, მძლეოსნობაზე რომ დავდიოდი.ეგ იყო მამა, ყველას მამა, - ამბობს ჩვენი მძღოლი. - მაგის სიყვარულით ახლა მის შვილს ვეფერები...

- გაჩვენოთ ახლა, როგორ ეშინიათ ადამიანის? ხომ ასე სცივათ, არავინ ჩაჯდება მანქანაში. - და დაიწყო, - დიდუბე-დიღომი, ერთი კაცი, უ-ფა-სოდ, უ-ფა-სოდ!... აი,ხომ გითხარი, ნაზიკო!

მე ჩამოვედი. იმათ გააგრძელეს გზა. მეთერთმეტე მადლობა ვიყავი.

ნინო ეტყოდა იმ ქალებს: მიკვირს, ამ გოგოს არ ეშინია ადამიანების.

მაიკო ქსოვრელი