რატომ არ დაიწვინა შვილი გულზე ირაკლი ჩოლოყაშვილმა და რა სირთულეებს შეხვდნენ ცნობილი ახალბედა მამები
შვილის დაბადება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა გარკვეულ პასუხისმგებლობასა და ღელვასთანაც დაკავშირებული. ახალბედა დედებზე არანაკლებ ღელავენ ხოლმე მამები. ამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ცნობილ ქართველს შეეძინა შვილი. საინტერესოა, ისინი როგორ უმკლავდებიან ამ პასუხისმგებლობას, რა წვლილი შეაქვთ პაწაწინას აღზრდაში და საერთოდ რას ფიქრობენ ამ საკითხზე.
ნიკა წულუკიძე: "ყველა კაცი უნდა დაესწროს ცოლის მშობიარობას"
- 30 მაისს გაჩნდა პატარა სესილია, ივნისში უნდა დაბადებულიყო, მაგრამ მაისში დაიბადა და სიმართლე გითხრა, გამიხარდა, რადგან ვარდობისთვე ლამაზი თვეა.
- სქესი წინასწარ იცოდით?
- კი, ვერ მოვითმინეთ და გავიგეთ. ძალიან მინდოდა, პირველი გოგო გვყოლოდა და ასეც მოხდა, გოგო მაინც სხვა სიხარული და სხვა სითბოა.
- სახელი ვინ შეურჩია ბავშვს?
- დედამ და მამამ, ერთად ვიზრუნეთ ორივემ.
- მშობიარობას ხომ არ დასწრებიხარ?
- კი, ბუნებრივი გზით იმშობიარა ჩემმა მეუღლემ და დავესწარი ამ პროცესს. მგონია, რომ ყველა კაცი უნდა დაესწროს ცოლის მშობიარობას, რომ გაიგოს, ეს რამხელა ხილული სასწაულია, მერე უფრო მეტად დააფასებენ მეორე ნახევრებს. ეს ისაა, რის მეათედს კი არა, მეასედსაც კი ვერ გუძლებს კაცი.
- როგორი გოგოა სესილია?
- ყველაფერზე აქვს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, ინდივიდია უკვე. ნელ-ნელა კონტაქტში შემოდის და უკვე პატარა თოჯინასავით გვყავს. დედამისი პრანჭავს, ვუწერთ რაღაცებს, ვუღებთ ფოტოებს და დიდ ამბებში ვართ. მამობა და ზოგადად, მშობლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და მიზანი ადამიანის ცხოვრებაში, რომლისთვისაც მოვდივართ ამქვეყნად.
- ჩართული ხარ ბავშვის მოვლაში?
- კი, თავიდან ბოლომდე. ყველაფერი უნდა გადადო ადამიანმა შვილისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანს ისე უნდა მოეპყრო, როგორც ეკადრება. მას შემდეგ, რაც სესილია შემოვიდა ჩვენს ოჯახში, მის გარშემო დაიწყო დედამიწამ ტრიალი და ყველას ცხოვრება შეცვალა.
ირაკლი ჩოლოყაშვილი: "თეიმურაზმა ოჯახი დაამსგავსა ოჯახს"
- 18 ივლისს დაიბადა პატარა თეიმურაზი, 3 კილო და 300 გრამი, 50 სმ. ჩემს მეუღლეს ძალიან უნდოდა ბუნებრივი გზით მშობიარობა, მაგრამ თვალზე აქვს პრობლემა და საკეისროს გაკეთება მოითხოვეს.
- საკეისრო კვეთით დაბადებულ შვილებს მამებს აწვენენ ხოლმე გულზე, თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?
- იყო შემოთავაზება, მაგრამ მე საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან მაინც მიმაჩნია, რომ ეს ქალის საქმეა. ახლანდელი გამოგონებები, არ მგონია აუცილებლად შესასრულებელი, თუმცა თუ დამარწმუნებდნენ იმაში, რომ ამის გარეშე ბავშვი უბედური გაიზრდებოდა, მაშინ რასაკვირველია, დავთანხმდებოდი და გავაკეთებდი.
- სახელზე ვინ იზრუნა?
- დიდმა პაპამ, იმით, რომ თავის შვილს, ანუ მამაჩემს დაარქვა თეიმურაზი, მე კი მის პატივსაცემად დავარქვი ჩემს შვილს ეს სახელი.
- სქესი წინასწარ იცოდით?
- არ ვაპირებდით გაგებას, გვინდოდა, სიურპრიზი ყოფილიყო, მაგრამ ბოლო ექოსკოპიაზე სულმა წაგვძლია. თან იცი, რატომ მოხდა ეს? თავად ექიმებს ერთი სული აქვთ გითხრან, ერთხელ არ გაიგებ, მეორედ არ გაიგებ და მერე შენც წაგძლევს სული.
- ძმებმა თუ გაიცნეს ერთამენთი, ვგულისხმობ თქვენს უფროს შვილს და თეიმურაზს.
- კი. უფროსი დიმიტრი თავადაც პატარაა - წლის და 9 თვისაა და თავისი ამბები ვერ გაურკვევია, უბრალოდ, მინდოდა, სიმბოლური შეხვედრა მომეწყო. მოგეხსენებათ, დიმიტრი ჩემთან არ იზრდება, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ამიტომ ჯერ კიდევ ურთიერთობებს ვალაგებთ, ასეთ სიტუაციებში ხან უფროსებიც ვერ ვერკვევით და რა მოხდა, რომ ბავშვი ვერ გაერკვეს.
- ბავშვის აღზრდაში თუ ხართ ჩართული?
- ისე რა. ცოტა "ვჟონგლიორობ" თეიმურაზით. ადრე მეუბნებოდნენ შენი შვილი რომ გეყოლება იმით "იჟონგლიორეო", ახლა კი ამაზეც მეუბნებიან, არ გინდაო. თეიმურაზი ძალიან მშვიდია, დედის წიაღშიც ასეთივე იყო, რაც ჩემს მეუღლესაც ეტყობოდა.
- ბავშვის დაძინება, გამოცვლა შეგიძლიათ?
- იმის აუცილებლობა არ არის, რომ მე დავაძინო ან გამოვუცვალო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამასაც გავაკეთებ.
- ორი შვილის მამობა ზრდის ალბათ პასუხისმგებლობას...
- კი. თეიმურაზმა ოჯახი დაამსგავსა ოჯახს, ორი ადამიანი შეგვავსო და სრულყოფილად გვაგრძნობინა თავი, სიამოვნებისა და საიმაყის გრძნობით აგვავსო.
ოთო კოვზირიძე: "სხვა ემოციაა, როცა შენი შვილი გიჭირავს ხელში"
- 22 ივლისს შეგვეძინა შვილი. 3 კილო და 200 გრამი, 50 სმ დაიბადა. ბაბუაჩემის სახელი, ლუკა, ძალიან მომწონდა და ჩვენს პატარას დავარქვით. სიმართლე გითხრა, ჯერ ბოლომდე არ მაქვს გაცნობიერებული ეს ყველაფერი, რადგან სულ რამდენიმე დღეა, რაც დაიბადა, თუმცა ყოველდღიურად მიმძაფრდება შეგრძნებები.
- ფიზიოლოგიურად მოევლინა ლუკა ქვეყანას?
- კი, თვის ბოლოს ველოდებოდით, მაგრამ უპრობლემოდ, ბუნებრივი გზით მოევლინა. დასწრების სურვილი მე არ მქონდა, მაგრამ თუ ჩემი მეუღლე მოისურვებდა, მზად ვიყავი დავსწრებოდი მშობიარობას. მას არ მოუსურვებია, თან ძალიან მცირე დროში და უპრობლემოდ ჩაიარა პროცესმა.
- თუ ერთვებით შვილის მოვლაში? ხშირად კაცებს პატარა ბავშვის ხელში აყვანაც კი უჭირთ.
- კი, კი. ნელ-ნელა დავიხვეწები, მაგრამ უკვე პამპერსებზეც ვიზრუნე. ისე, ლუკა უპრეტენზიო ბავშვია, უმიზეზოდ არ ტირის. თავიდან ხელშიც ვერ ვიჭერდი, მაგრამ ჩემი შვილია და უკვე აღარ მეშინია მისი აყვანის, სხვა ემოციაა, როცა შენი შვილი გიჭირავს ხელში და მეც უშიშრად ვუდგები ამ საკითხს.
ციცი ომანიძე