"მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ" ახლახან მომღერალმა - ბერა ივანიშვილმა გულშემატკივრები ახალი კლიპის პრეზენტაციაზე ერთ-ერთი კინოთეატრის დარბაზში მიიწვია. ბერას თაყვანისმცემლებს შორის ვის არ ნახავდით: ბავშვებს, მოზარდებს, მოზრდილებს, ხანში შესულებს... ჟურნალმა "გზამ" მომღერალთან გასაუბრება შეძლო, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიტდან:
- როდის უნდა მოიყვანოთ ცოლი და ხართ თუ არა შეყვარებული?
- ამ შეკითხვას საკუთარ თავს მეც ვუსვამ ხოლმე... ჯერჯერობით, საქმეზე ვარ შეყვარებული. მთელ ჩემს დროს საქმეს ვუთმობ, რადგან ისეთ ასაკში ვარ და ჩემი კარიერა ისეთ ეტაპზეა, რომ ახლა თუ არ დავიხარჯე, მაქსიმუმი ახლა თუ არ გავაკეთე, მერე ამას მთელი ცხოვრება ვინანებ...
"პოდიუმებზე სიარულს არ ვაპირებ"
- მოდელი არ ვარ, ქართველი კაცი გახლავარ (იცინის). არსებობს სამოდელო სააგენტოები, რომლებიც მომღერლებს, მსახიობებს "აიყვანენ" და მოდის სამყაროში "აპიარებენ". ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოდიუმზე სიარულს ვაპირებ. "ნექსთ მოდელთან" ვთანამშრომლობდი, ახლა სააგენტოს შეცვლას ვაპირებ. ჯერ კონტრაქტზე ხელიც არ მომიწერია და წესით, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ გიმხელთ (იცინის)... დღესდღეობით, "ფეშენი" და მუსიკა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ეს აუცილებელი ფაქტორია...
უმცროსი და-ძმა
- ჩემი უმცროსი ძმა რამხელაც უნდა გაიზარდოს, ის ჩემთვის ყოველთვის "პატარა, თეთრი დათვი" იქნება (იღიმის)... ჩემს დას რაც შეეხება, ის ძალიან კარგად მღერის. ფაქტობრივად, მუსიკალურად ჩემს ხელში გაიზარდა. არა მარტო მღერის, წერს კიდეც -სიმღერის სტრუქტურით ბავშვობიდან ინტერესდებოდა...
ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მოწოდება
- საქართველოს საკალათბურთო სამყაროში აქტიურად ჩართული ვარ. მოგეხსენებათ, "ენბიეის" "ოლ სთარის" შესარჩევი ტური დაიწყო, რომელშიც ჩვენი და პირადად ჩემი მეგობარი -ზაზა ფაჩულია მონაწილეობს. კალათბურთის გულშემატკივრებისგან ბევრი წერილი მომდის, რომ ზაზასთვის ხმის მიცემის კამპანიაში ჩავერთო, რადგან ყველას ახსოვს, შარშან ჩემმა გულშემატკივრებმა ზაზასთვის ხმების რა რაოდენობა შეაგროვეს. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ სოციალურ ქსელში, დღეში თითო "პოსტი" გამოაქვეყნოთ -#NBAvote Zaza Pachulia. (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 12 იანვრის ნომერში)
ეთო ყორღანაშვილი