რა არ უნდა გააკეთოთ კლიმაქსის დროს და როგორ უნდა შეხვდეთ ამ პერიოდს... რა არის კლიმაქსი, რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში, რა სიმპტომები ახასიათებს კლიმაქტერულ პერიოდს, როგორ უნდა შეიმსუბუქოთ ეს ეტაპი, რა უნდა მიირთვათ, რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოთ და როგორ უნდა დაძლიოთ ეს კრიზისი - ამ თემაზე ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ლიკა ნადარეიშვილი გვესაუბრება.
- რა არის კლიმაქსი?
- კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს კიბის საფეხურს. კლიმაქსი ორგანიზმის დაბერების ბუნებრივი პროცესია. ამ დროს ქვეითდება საკვერცხეების ფუნქცია, ხდება მათი განლევა და შესაბამისად მცირდება საკვერცხეების მიერ სასქესო ჰორმონების - ესტროგენების და პროგესტერონის გამოყოფა. კლიმაქსის სიმპტომებია - გაძლიერებული ოფლიანობა, ალები სახეზე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, წნევის ცვალებადობა, დაღლილობა, გაღიზიანება, ხასიათის ცვალებადობა, დეპრესია, ტირილი, შფოთვის შეგრძნება, სისხლდენა სასქესო ორგანოდან, კანი ხდება გამომშრალი, ჩნდება ნაოჭები, იწყება თმის ცვენა, შარდის შეუკავებლობა, ქავილი, გარეთა სასქესო ორგანოს წვის შეგრძნება. ვითარდება ოსტეოპოროზი, რომელიც მოტეხილობების რისკს აძლიერებს. ასევე ხშირია სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და მასთან დაკავშირებული გართულებები (გულის იშემიური დაავადებები, ტვინის იშემია და ა.შ.).
კლიმაქსია დაბერების ბუნებრივი პროცესია და მას ვერ გავექცევით. ეს პერიოდი ქალის ორგანიზმში დაახლოებით 47-54 წლის ასაკიდან დგება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ჩივილი, ოფლიანობა, დღეში 20-25-ჯერ ალების შეგრძნება სახეზე ან კისრის მიდამოში, გაღიზიანება, დეპრესიული მდგომარეობა, უძილობა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები, ეს გახლავთ კლიმაქტერული სინდრომის სიმპტომოკომპლექსი, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. ქალმა უნდა მიმართოს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, შესაბამისი მკურნალობის დანიშვნით და სწორი მკურნალობით ამ პროცესის გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს.
- ყველა ქალის ცხოვრებაში ეს პერიოდი სხვადასხვა ასაკში მოდის, ვის ეწყება კლიმაქსი უფრო ადრე?
- თუ გენეტიკურად, დედას ადრე დაეწყო კლიმაქსი, შესაძლოა შვილსაც ადრე დაეწყოს. მწეველ ქალბატონებს კი 2 წლით ადრე ეწყებათ კლიმაქსი, ვიდრე არამწეველებს.
- როგორი უნდა იყოს ქალის კვების რაციონი კლიმაქტერულ პერიოდში?
- 40 წლის ასაკში ქალმა უკვე უნდა მიიღოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ E ვიტამინს - თხილი, ხილი, ბოსტნეული. საჭიროა შეზღუდოთ ნახშირწყლების, მარილის, შებოლილი პროდუქტების, შემწვარი, ცხიმიანი და დაკონსერვებული საკვების მიღება.
შეგიძლიათ მიირთვათ ხაჭო, სტაფილო, ქლიავი, პომიდორი, ფორთოხალი, მარწყვი, კომბოსტო, ფერადი ნესვი, ყურძენი, გარგარი, ავოკადო, სოიოს პროდუქტები, ზეითუნი, ლობიო, თევზი, ბროკოლი - ამ პროდუქტებში შედის ნატურალური ესტროგენები. ყავა შეცვალეთ მწვანე ჩაით, მას ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს და მდიდარია მინერალებით.
- რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს, როგორ უნდა შეხვდნენ მათ ცხოვრებაში ახალ ეტაპს?
- პირველ რიგში, ზემოთ ჩამოთვილი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს. საჭიროა ჩატარდეს გინეკოლოგიური ექოსკოპია, კოლპოსკოპია და მკერდის ექოსკოპია. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ატარეთ თავისუფალი, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან ამოიღეთ ალკოჰოლი, ყავა. კარგია ცურვა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, აერობიკა, სუნთქვითი ვარჯიშები. საძინებელში ფანჯარა ღია დატოვეთ და ისე დაიძინეთ. ეცადეთ არ მოწიოთ სიგარეტი. თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ექიმის დანიშნულებით მიიღეთ C, B, Mg, K ვიტამინები, რომელთა დეფიციტსაც ამ დროს ქალის ორგანიზმი განიცდის.
- შესაძლებელია თუ არა კლიმატქერულ ასაკში დაორსულება?
- კლიმაქსის დროს ორსულობა შეიძლება მოხდეს 50 წლის ქლბატონებში, რომელთაც 12 თვის წინ შეუწყდათ მენსტრუაცია. სტატისტიკურად 12 თვის შემდეგ ორსულობა არ მოხდება, თუმცა გამორიცხული არაფერია. სალომე გორგოშიძე