"აივნიანი ქალაქი" - ეს არის ნაწარმოები თბილისზე, რომელშიც მხატვრულადაა აღწერილი დედაქალაქის, საზოგადოების ფორმირებისას მიმდინარე საინტერესო ამბები...
"აივნიანი ქალაქი" - ეს არის ნაწარმოები თბილისზე, რომელშიც მხატვრულადაა აღწერილი დედაქალაქის, საზოგადოების ფორმირებისას მიმდინარე საინტერესო ამბები - ძველი თბილისი, პერსონაჟების ცხოვრება და თავგადასავლები. ნიკოლოზ გაბაონის ერთადერთი, შთამბეჭდავი რომანი მკითხველის თხოვნით, "გზაში" ყოველ ხუთშაბათს დაიბეჭდება. "აივნიანი ქალაქი" შეჩერებული წამია, ძველი თბილისის ის კარიბჭე, რომელსაც მარტივად შეაღებთ და გადააბიჯებთ და თვალწინ ის ფურცლები გადაიშლება, რომელსაც ვერც ერთ ძველ ფოტოზე ვერ ნახავთ იმ სახით, აქ რომაა შემორჩენილი, რადგან აქ იმ ქალაქის სულიც ტრიალებს, რომელსაც ბევრი არ იცნობს.
ნიკოლოზ გაბაონი აკადემიკოს ვალერიან გაბაშვილის - ქართული აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სკოლის ფუძემდებლის ფსევდონიმია. იგი 1911 წლის 9 აპრილს, ციმბირში დაიბადა, მეფის რუსეთის მიერ გადასახლებული პოლიტპატიმრის - ნიკოლოზ გაბაშვილის ოჯახში. რამდენიმე თვის იყო თურმე ვალერიანი, როდესაც ოჯახი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მამა კვლავ დააპატიმრეს, მეორედ დაპატიმრებისას - 1942 წელს შუა აზიაში გადაასახლეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა... მამის ცხოვრებამ, მისმა შეუპოვარმა ბრძოლამ ქვეყნის თავისუფლებისათვის, ვალერიან გაბაშვილის ცხოვრებაზე ღრმა კვალი დატოვა. მოგვიანებით მან ლიტერატურულ ფსევდონიმად მამის სახელი - ნიკოლოზი აიღო, გაბაონი კი გაბაშვილების გვარის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.
გაბაშვილი, როგორც რეპრესირებული ოჯახის შვილი, ასპირანტურიდანაც დაუთხოვიათ, მაგრამ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ძალისხმევით აღუდგენიათ. მიუხედავად დევნისა და ზეწოლისა, იგი თავისი პრინციპებისა და მამის ხსოვნის ერთგული დარჩა.
"აივნიანი ქალაქი" გაბაშვილმა ახალგაზრდობაში დაწერა. პირველ ნაწერებს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, "აბესალომ და ეთერის" ლიბრეტოს ავტორს - პეტრე მირიანაშვილს აკითხებდა. თუ ვინ იდგა ამ რომანის ავტორის ფსევდონიმის უკან, დიდხანს მისმა კოლეგა ისტორიკოსებმაც არ იცოდნენ, რასაც გაბაშვილის განსაკუთრებული მოკრძალებითა და თავმდაბლობითაც ხსნიან.
"აივნიანმა ქალაქმა", XIX ს-ის ძველი თბილისისთვის ნიშანდობლივი კოლორიტითა და მრავალრიცხოვანი, მათ შორის ისტორიული პერსონაჟებით, მაშინდელი მაღალი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
მარიკა დარჩია, "პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორი:
- "პალიტრაში" გადაცემა გვქონდა, რომელშიც ქუჩების ისტორიებზე ვსაუბრობდით და მსმენელსაც ჰქონდა ჩვენთან დაკავშირების საშუალება. ჰოდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ამ წიგნის შესახებ მოგვითხრო. ნიკოლოზ გაბაონის სახელი პირველად მაშინ გავიგე. დავინტერესდი, წიგნი მოვიძიე და წავიკითხე. შესანიშნავად იკითხება! ეტყობა, რომ ძალიან გონიერი, განათლებული და სწავლული კაცის დაწერილია. აღწერილია, თბილისში როგორ ვითარდება მეწარმეობა, ვაჭრობა, პროდუქციის გაცვლა-გამოცვლა, პირველი მოდა - ახალი მაღაზიები ჩნდება... მთავარი გმირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადის, მოგზაურობს, რაღაცები ჩამოაქვს, თბილისში სიახლეებს ამკვიდრებს და ძალიან მალე, ზუსტად ისეთივე სამოსის მორგება დაიწყეს ქალბატონებმა, როგორსაც პარიზში იცვამდნენ. ამ ყველაფერს ავტორი ძალიან მხატვრულად და შემეცნებითად გვიამბობს. ნაწარმოები ემოციურია და თან, მასში ბევრი დოკუმენტური მასალაა. მთავარი გმირი თავისი ცხოვრების მშენებელი, მშრომელი ადამიანია, რომელიც ნულიდან იწყებს ყველაფერს, კარგი ხედვა აქვს. სახლსაც სრულიად ახალ უბანში - მთაწმინდაზე აშენებს, რომელიც შემდეგ ხდება პრესტიჟული. ვკითხულობთ, თუ როგორ ხდებოდა ამ უბნების გაშენება, სავაჭრო წერტილების მოწყობა და ა.შ. ნადიმებია ლამაზად აღწერილი. ასევე, არა მხოლოდ ქართული, ფრანგული კერძების მომზადების ხელოვნებაზეცაა საუბარი. საუცხოოდაა აღწერილი: სახლები, ნივთები, ავეჯი, პირველი ფორტეპიანოები (რაც მაშინ ფუფუნება იყო), ჭაღები, ძვირფასი ქსოვილები, სამკაულები, სამოსი და ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა იმიჯი. ნაწარმოებში საუბარია თეატრებსა და ოპერაზეც, კულტურულ ცივილიზაციაზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ "აივნიანი ქალაქის" მთავარი გმირი არაქართველია და მას ფირუზა ჰქვია. მოგეხსენებათ, თბილისი ეთნიკურად ჭრელი ქალაქი იყო და ესეც ჩვენი ისტორიაა. მოკლედ, მრავალმხრივ საინტერესო რომანია ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, როგორ ვითარდებოდა ის ქალაქი, რომელიც გვიყვარს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაწარმოებში დეტექტიური ელემენტებიცაა და "აივნიანი ქალაქის" მიხედვით, კარგი ფილმის გადაღებაც შეიძლება და მიკვირს, აქამდე რატომ არავინ დაინტერესდა. ეს რომანი ძველი თბილისის ქუჩებში დაგაბრუნებთ...
ნაწყვეტი რომანიდან:
"იმ დროს ერევნის მოედანზე და სოლოლაკში სახლის ადგილები ჩალის ფასად იყიდებოდა. ქართველ თავადებს არაფრად უღირდათ ავანაანთ ხევის ღრანტეები და კოჯრის ძველ კართან გაშენებული მეფის ბაღები. ისინი ზამთრობით (ზაფხულსა და შმეოდგომას სოფლებში ატარებდნენ) ორბელიანების უბანში, მადათოვის მოედანთან და ანჩისხატის უბნის მახლობლად ცხოვრობდნენ, ვაჭრებისა და ხელოსნებისგან განცალკევებით... არც გრიგოლ ზანდაროვს დასჯდომია ძვირად მიწის დიდი ნაკვეთის ყიდვა მეფის ყოფილ ბაღებში..."
"XIX საუკუნის 40-იან წლებში თბილისმა ევროპული იერი მიიღო. სოლოლაკმა და გარეთუბანმა უკან მოიტოვა ანჩისხატის უბანი, თათრის მოედანი, მეტეხი, აბანოების რიგები, ხარფუხის აღმართ-დაღმართები და ნარიყალა. ძველი ქალაქი, თავისი პატარა და აივნიანი სახლებით სადღაც ქვემოთ, მტკვარზე მიკრული აღმოჩნდა, ხოლო ახალი ქალაქი ახალ უბნებში ღონივრად შლიდა მხრებს, ფართოვდებოდადა მშვენდებოდა..."
ქეთი ადეიშვილი, მკითხველი:
- "აივნიანი ქალაქი" 2-3 წლის წინ წავიკითხე, რეკომენდაცია დედამ გამიწია, რომელიც მეუბნებოდა, რომ წლების წინ, ეს ნაწარმოები ჟურნალ "ცისკარში" იბეჭდებოდა და თვიდან თვემდე ველოდებოდითო. მაშინ დიდად არ დავინტერესდი, მერე ჩემმა მეგობარმა - ირმა იანტბელიძემაც მირჩია, კულინარიაზეცაა საუბარიო და ამით უფრო დავინტერესდი. წიგნი 500 გვერდზე მეტია და დღე-ნახევარში წავიკითხე, ვერ მოვწყდი, ისეთი საინტერესო იყო. თბილისი აბსოლუტურად თავიდან გავიცანი. ის თბილისი, რომელიც მე დღეს მიყვარს, სწორედ გაბაონისა და გრიშაშვილის დამსახურებაა. მანამდე მხოლოდ კინტოების ქალაქად წარმომედგინა, სადაც შალახოს ცეკვის მეტს არაფერს აკეთებდნენ. ყველას ვურჩევ, "აივნიანი ქალაქი" წაიკითხოს, იმ რეალურ თბილისს გაიცნობენ, რომელიც აუცილებლად შეუყვარდებათ. ამის შემდეგ უფრო მეტად დავინტერესდი თბილისის ეთნოგრაფიით, ძველი ფოტოებით, სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველაფერს ვათვალიერებდი.
- რა ამბებია მოთხრობილი ამ ნაწარმოებში?
- XIX საუკუნის შუა პერიოდზეა საუბარი, როცა ბატონყმობა მიდის და ახალი საზოგადოება ყალიბდება, ამ თემაზე დაწერილი სხვა ამხელა რომანი არც წამიკითხავს. თანაც კარგი ენითაა დაწერილი და ერთი კაცის ისტორიაა აღწერილი, რომელიც ერთ-ერთ ბატონთან მოჯამაგირედ იყო, მან მის საცოლესთან პირველი ღამის უფლებით ისარგებლა, ეს ბიჭი გაიქცა და ერთმა ქალაქელმა ტიპმა - ფირუზამ შეიკედლა. ამის შემდეგ, ბატონი ზანდაროვის ცხოვრებაში აღმავლობის ხანა იწყება. მაშინ გვარზე ოვის დამატება კარგ ტონად ითვლებოდა და საბოლოოდ, ეს ტიპი მილიონერი გახდა. რაღაც-რაღაცებში "წაიმონტეკრისტოებს" კიდეც, შურს იძიებს და ა.შ. დანარჩენი ჯობია, მკითხველმა თავად წაიკითხოს. ამ წიგნის მთავარ ღირებულებად მიმაჩნია ის, რომ დეტალურად არის აღწერილი თბილისის ყოველი კუთხე, უბანი. პერსონაჟებიც შესანიშნავადაა ჩამოყალიბებული, აბსოლუტურად უარყოფითი ან აბსოლუტურად დადებითი გმირი აქ არ არსებობს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი პლუსებითა და მინუსებით. გარდა იმისა, რომ მთელი თბილისი კარგადაა აღწერილი, ისეთ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც სხვა მწერლებთან ვერ შევხვდებით. მაგალითად, კონსტანტინე გამსახურდია ხომ ძალიან დიდი მწერალია, ლამაზი ენა აქვს, მაგრამ ასეთ წვრილმანებს ის არ უღრმავდება. ხასიათი და ყოფა იმდენად კარგადაა აღწერილი, რომ კითხვისას თვალწინ გიდგება, რა ხდებოდა მაშინდელ თბილისში, სად როგორი ხელოსანი იდგა, ვინ რას აკეთებდა, ყველა ფენა - მათხოვრით დაწყებული, მეფისნაცვლით დამთავრებული; სხვადასხვა ოჯახის სხვადასხვა სიტუაცია; ოპერა, თბილისური საზოგადოება. სიუჟეტი ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად ვითარდება, როგორც ზოგიერთ სერიალშია და საბოლოო ჯამში ერთად იყრის თავს. მოკლედ, კარგი რომანია და მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული მაქვს, ჟურნალ "გზაში" დაბეჭდვისასაც, ხელმეორედ სიამოვნებით გადავავლებ ხოლმე თვალს.