"მამა ძალიან მკაცრად მზრდიდა, - რა მსახიობი და მომღერალი?" - ლუნას ნამდვილი ცხოვრება ცნობილმა სერიალმა მოულოდნელად დიდი პოპულარობა მოუტანა და მისთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა ისე, რომ კარგად ვერც გაუგია რა ხდება მის თავს... ადამიანები სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებიან, ქუჩაში აჩერებენ და კომპლიმენტებს ეუბნებიან, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დიდ სითბოს, სიყვარულს გრძნობს...
"სადაც უნდა შევიდე, მაღაზია იქნება, აფთიაქი, ნებისმიერი დაწესებულება, - ყველგან ოვაციებით და აღტაცებით მხვდებიან... სიყვარულს მიხსნის: მოხუცი, ახალგაზრდა, სტუდენტი, მეორეკლასელი... იმ დღეს ხანშიშესულმა კაცმა გამაჩერა, ჯოხზე დაყრდნობილი ძლივს მოდიოდა, ხელზე მაკოცა, გადამეხვია და მითხრა: შვილო, მე და ჩემი მეუღლე სიამოვნებით გიყურებთო", - ამბობს ქეთი ხუციშვილი, იგივე ლუნა მაზიაშვილი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები," რომელმაც კასპელი ქალის როლის საუკეთესო თამაშით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
"თან, სულ კურიოზებშიც ვარ, თუმცა ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში ასეთ კომენტარებსაც ვკითხულობ: "რაც უნდა ჩააცვა ამ ლუნას, "ვიდზე" მოიყვანო, "ნაშურად" გამოაწყო, ისევ ისეთი კასპელი იქნება". ასეთი შეფასება უფრო მახარებს, მადლობა მათ ავტორებს, ყველაზე კარგი კომპლიმენტებია, ე.ი. ადამიანებს რაღაც დავაჯერე, რეალური პერსონაჟი წარმოვუდგინე...
უცნაურია, მაგრამ როდესაც ადამიანები მხვდებიან, გაოცებულები მეკითხებიან, - კილოს, იმ სახასიათო ხმისა და ტემბრის გარეშე ლაპარაკი შეგიძლია? ლუნას მეძახიან და არ ვაპროტესტებ. ამ სახელმა იმხელა რაღაც მომიტანა, ის კი არა, ძალიან შემიყვარდა, უკვე ბრენდივით არის. დამიძახონ, რა მოხდა!" - გვეუბნება ქეთი.
- მოკლედ, უეცრად რაღაც დიდი "ტალღის" წინაშე აღმოჩნდი...
- კი, ასეა. არადა, ამ დროს, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, რითაც შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავს ვავნო. ჰოდა, ახლა ემოციების ფონზე, ამ "ტალღას" ვეგუები. თავიდან მიჭირდა, ლამის დეპრესია დამემართა, ვეღარ გადავხარშე, რა ხდებოდა ჩემს თავს და კიდევაც ვთქვი, გზაში ვარ და ჩემს პოპულარობას ვეწევი-მეთქი. მერე ნელ-ნელა გავითავისე, რომ ეს ყველაფერი მეტ პასუხისმგებლობას მავალებს და ამ დროს ერთადერთი, რასაც ჩემს თავს ვუსურვებ, სიმშვიდეა. მინდა, რომ შინაგანად მშვიდად ვიგრძნო თავი, რომ ყველაფერი დავაბალანსო, როდესაც წყნარად არ ვარ, ვერაფერს ვაკეთებ და აღვიქვამ.
- მსახიობობა შენთვის ფარული ოცნებაც არასდროს ყოფილა?
- პირდაპირ ვამბობ, მეოცნებე არ ვარ, მიწაზე სულ მყარად ვიდექი ხოლმე და ძალიან რეალური რაღაცები მიზიდავდა. მსახიობობა ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი რამ იყო, რომ ამაზე ფიქრი ფუჭად, დროის უაზრო ხარჯვად მიმაჩნდა, რადგანაც ვიცოდი, მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე ვერ გავხდებოდი და ამაზე ფიქრს ოცნებად არ ვიხდიდი.
- ოჯახმა, გარემომ ხომ არ შეგზღუდა და გათქმევინა ამაზე უარი?
- მამა ძალიან მკაცრად მზრდიდა, - რა მსახიობი და მომღერალი? - ეს ის საქმე არ არის, რითაც ცხოვრებას შეძლებ, - ამბობდა. თუმცა მოსწონდა, რომ ვმღეროდი. საერთოდ, მუსიკალური ოჯახი ვართ. დედაჩემი, რაც თავი მახსოვს, ფორტეპიანოზე, გიტარაზე უკრავდა, მღეროდა, სიმღერებს ხმებში ვშლიდით. დედას ეს ყველაფერი ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, არადა, თვითნასწავლი მუსიკოსი ეთქმის, პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტია. მოკლედ, ჩვენი მუსიკა, სიმღერა ოჯახს არ სცდებოდა და სახლში სტუმრები და სუფრები არ ილეოდა. ისე, მამასაც აბსოლუტური სმენა აქვს, შესანიშნავი ბანია. სხვათა შორის, მისი ხმა და ტემბრი მაქვს... მოკლედ, მამაჩემი მიჩვეული იყო, რომ სახლში უნდა მეკეთებინა ეს საქმე და არა სცენაზე, ამიტომაც, ხომ ვამბობ, მსახიობობაზე აღარ მიფიქრია. არადა, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ, საბოლოოდ მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა... თუმცა ეს უკვე მერე და მერე მოვიდა, სანამ დამოუკიდებლობას მივაღწევდი, მანამდე ამას მამაჩემის ფაქტორის გამო ვერ ვბედავდი.
- შენს მსახიობობას როგორ შეხვდა?
- მის ახლანდელ მდგომარეობას არც ვიცი, რა ჰქვია, - გაბადრული, ბედნიერი და ამაყი დადის. სადაც მიდის, სულ ჩემზე ელაპარაკებიან და უკვე იმას ამბობს, რომ თურმე შვილს არ უნდა დაუშალო არაფერი, ის პროფესია უნდა აირჩიოს, რაც უნდა... განაგრძეთ კითხვა