განსაკუთრებით იმ მშობლებს გაუხარდებათ, რომელთა შვილებსაც შემწვარი კარტოფილი უყვართ, თუმცა... დამკვიდრებული აზრია, რომ მოხარშული კარტოფილი შემწვარზე უფრო სასარგებლოა, ხოლო კარტოფილი ფრი - ერთ-ერთი ყველაზე მავნე კერძია ამქვეყნად. ასეა თუ არა სინამდვილეში?
ეს საუკუნე ხომ მითების მსხვრევის საუკუნეა. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომ შემწვარი კარტოფილი მოხარშულზე სასარგებლოც კი შეიძლება იყოს, თუ ელემენტარული წესები იქნება დაცული მისი მომზადების დროს.
ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რათა გაერკვიათ, ბოსტნეულის მომზადების სხვადასხვა მეთოდი როგორ გავლენას ახდენს მათში პოლიფენოლების შემცველობაზე - ძლიერი ანტიოქსიდანტების, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებენ.
ექსპერიმენტის დროს კატროფილს, ხახვს, ბადრიჯანს, წიწაკას ხარშავდნენ, თუშავდნენ და წვავდნენ ზეითუნის ზეთში, მერე კი ადარებდნენ, რომელ ბოსტნეულში შენარჩუნდა ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერება.
მკვლევრებს სიურპრიზი ელოდათ: ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი იმ ბოსტნეულში შენარჩუნდა, რომლებიც ზეითუნის ზეთში შეწვეს. საქმე ისაა, რომ მოხარშვის შედეგად პოლიფენოლები და სხვა ნივთიერებები ნახარშში გადაინაცვლებს, ზეითუნის ზეთში შეწვისას კი არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ ერთიანდება იმ სასარგებლო ნივთიერებებთან, რომლებსაც თავად ეს ზეთი შეიცავს.
ამიტომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოხარშული კარტოფილი არც ისე სასარგებლოა, რადგან სასარგებლო ნივთიერებების უმთავრეს ნაწილს ხარშვისას კარგავს. აი კარტოფილი ფრი კი, ოღონდაც, ზეითუნის ზეთში მომზადებული და თანაც, არა ბევრჯერ გაცხელებულში, როგორც ეს სხვადასხვა კვებით დაწესებულებაში ხდება, ნამდვილად სასარგებლოა. ამიტომ, ხშირად მოუმზადეთ თქვენს შვილებს, ოღონდ თავადვე და სწორად, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად არ ავნებთ!