4 თებერვალს სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" საქველმოქმედო აქცია გაიმართა. 4 თებერვალს სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის მიზანი იყო, 3 წლის ანა მეხაშიშვილის დახმარება, რომელიც გასტროშიზისის დიაგნოზით დაიბადა.
დაავადება, რომელიც ანას აქვს, საკმაოდ იშვიათია - გოგონა გამოვარდნილი მუცლის ღრუს ორგანოებით დაიბადა. 2 დღის იყო, როცა პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა 3 წლის ანა საზღვარგარეთ 2 ურთულეს ოპერაციას საჭიროებს.
აქციის ფარგლებში ყველა მსურველს ჰქონდა საშუალება შეეძინა ჟურნალის საქველმოქმედო ნომერი, რომლის რეალიზაციიდან შემოსული თანხაც სრულად გადაირიცხება ანას დასახმარებლად. "თბილისი მოლში" იდგა პროექტ #ქველმოქმედებამარტივია-ს სიმბოლური ხე, რომელზეც ყველა, ვინც კი ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" შეიძინა, ფერად ღილებს ამაგრებდა. ღონისძიების დროს ხეზე ბევრი ღილი დამაგრდა, რაც ნიშნავს, რომ ანას გადასარჩენად კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდა.
აქციის დროს განსაკუთრებით აქტიურობდნენ პატარები-საქველმეოქმედო ხეზე ფერად ღილებს ამაგრებდნენ და ინტერესით უსმენდნენ მუსიკალურ ბენდს Good Company, რომელიც ჟურნალ "ოჯახის მკურნალთან" ერთად სიამოვნებით ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში პატარა ანას გადასარჩენად. აღნიშნული ბენდი ხშირად ერთვება საქველმოქმედო ღონისძიებებში და თავისი ძალებით - მუსიკით ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
"თბილისი მოლში" მოსული ადამიანები, როდესაც იგებდნენ, რომ ჟურნალის რეალიზაციიდან შემოსული თანხა პატარა ანას გამოჯანმრთელებაში დაეხმარებოდა, ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ჟურნალს ყიდულობდნენ.
პროექტი #ქველმოქმედებამარტივია 2016 წლის ოქტომბრის თვიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვიდა ჟურნალის 5 საქველმოქმედო ნომერი, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდა საქველმოქმედო მიზნებს.
პროქტის მისია მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების დახმარებაა. თებერვლისა და მარტის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ჩაერიცხება ფონდს "სიკეთის კვალი", რომლის ბენეფიციარიც არის ანა მეხაშიშვილი.
"პირველ ეტაპზე ჟურნალების რეალიზაციიდან შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადაერიცხა. ამ თანხით ლეიკემიით დააავადებული სამი ბავშვის მკურნალობა ნაწილობრივ დავაფინანსეთ. პროექტის მეორე ეტაპზე კი ვეხმარებით ფონდს "სიკეთის კვალი" და მოვუწოდებთ ყველას, რომ მიიღოს მონაწილეობა და იყოს ქველმოქმედი," - ამბობს ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" ბრენდ მენეჯერი ანა პივოვაროვა.
#ქველმოქმედებამარტივია ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციისა და "პალიტრა მედია ჰოლდინგის" ერთობლივი პროექტია. ჩვენ გვინდა, ქველმოქმედება ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად ვაქციოთ!
#ქველმოქმედებამარტივია
გთხოვთ, დარეკოთ - 0 901 700 177
ზარის ღირებულება 1 ლარი
ბანკის რეკვიზიტები:
"საქართველოს ბანკი": BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE10BG0000000667885400
"თიბისი ბანკი": TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE34TB7319436080100002
მიმღები: ფონდი "სიკეთის კვალი"