როგორ შეიქმნა უნიკალური საბავშვო მიუზიკლი საახალწლოდ ტრადიციულად, ჩვენმა ახლა უკვე 10 წლის ბიჭმა საჩუქარზე ჩაგვაფიქრა.
რა ვაჩუქოთ ბავშვს, რომელსაც ყველაფერი აქვს და ვერაფრით გააოცებ.
გადავწყვიტეთ თავად გვეკითხა მისთვის და გასაკვირი პასუხი მივიღეთ - სუპერძალა. ამას არ ველოდით. სუპერძალები არც მაღაზიაში იყიდება და ვერც ამაზონიდან გამოიწერს ადამიანი.
თანამედროვე ბავშვების ვირტუალური სამყაროსადმი უკიდეგანო ლტოლვა თავსატეხია არამარტო მშობლებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ამ თაობის სწავლა-განათლების სამსახურში დგას. ახალ- ახალმა ტექნიკურმა მიღწევებმა, კომპიუტერეულმა თამაშებმა, ირეალურ და არარეალურ სამყაროს შორის წაშლილმა ზღვარმა საგრძნობლად დაჩრდილა ჩვეულებრივი საბავშვო, გასართობ- შემეცნებითი აქტივობები. დღეს ძალიან გაგიჭირდებათ ბავშვის დაინტერესება, თუ შემეცნებით პროცესში რაიმე ტექნოლოგიას არ ჩართავთ.
შემჩნეული გექნებათ, რომ პოპულარულ კომპიუტერულ თამაშებში ბავშვები თითქმის ყველგან "ზეძალებს", "სიცოცხლეებს"" აგროვებენ. ამ ზეძალებისთვის იბრძვიან და ოცნებობენ რეალურ და ირეალურ სამყაროშიც.
მეორედ გავოცდი, როცა კომპიუტერში თავჩარგულმა გიკამ დამიძახა - დე, კარგი ადგილები საერთოდ აღარ არის, ამიღე რა ბილეთი ლურჯ ფრინველზე. შევედი საიტზე ბილეთების საყიდლად და აღმოვაჩინე, რომ ბასტი ბუბუ ჯგუფის მიერ გაკეთებულ წარმოდგენაზე ვიღებდი ბილეთს.
ბასტი ბუბუს კონცერტზე გინდა წასვლა? - გაოცებით ვკითხე გიოს, რომელმაც 6 წლის ასაკში გამოაცხადა, რომ უკვე დიდია
- ბასტი ბუბუ კი არა, ბიბიბი აკადემიის სერიალის ბავშვები თამაშობენ ლურჯ ფრინველს - სუპერძალებზეა.
მოკლედ ასეთი შესავლის შემდეგ ჩემი სამეგობრო შვილებიანად დავირაზმეთ სპექტაკლზე მოსახვედრად.საიდუმლოდ გეტყვით, ბასტიბუბუ ჩემი ბავშვობის სიყვარულია და მეც ბაჳსვური სიხარულით ველოდები ხოლმე მის საახალწლო კონცერტებს.
სანამ ფარდა გაიხსნებოდა, შემაშფოთა პატარა ბავშვების სიმრავლემ, ვიფიქრე ლურჯი ფრინველი, სუპერ ძალები და ასეთი თემები რამდენად გასაგები იქნებოდა ყველასთვის.
თუმცა, იმან რაც ვნახე სასიამოვნოდ გამაკვირვა და აღმაფრთოვანა.
მორის მეტერლინკის მისტიკური, ზეძალების მფლობელი "ლურჯი ფრინველი" ყველასთვის გასაგები და საინტერესო აღმოჩნდა, მან ადვილად მოიგო მაყურებლების გული. ყველაზე პრეტენზიული 2-დან 10 წლამდე მსმენელის საათნახევრიან სპექტაკლში მთელი გატაცებით ჩართულობამ ჩემი პირადი აღფრთოვანება გამოიწვია.
ფილარმონიის სცენა კომპიუტერული თამაშის მოედანს წარმოადგენდა. გასავლელი იყო 6 დაბრკოლება და შესაგროვებელი 6 სუპერძალა.
სცენაზე დაწყებულ კომპიუტერულ თამაშში, ჯერ ბასტი და ბუბუ შევიდნენ, შემდეგ კი მთელი დარბაზი შეიყოლეს... მათი მისია თამაშიდან ლურჯი ფრინველის "გამოყვანა" იყო, ამისთვის კი ჩვენ ყველამ 6 სუპერძალა დავაგროვეთ.
გულის თვალებით დანახვის სუპერძალა - სინათლის დედოფლის საოცარი გარდასახვის და სხვადასხვა უტყვი საგნების გაცოცხლებით დავიმსახურეთ. ბავშვებმა გაიგეს რომ თუ სიყვარულით შეხედავ გარემოს, ბევრ ისეთ რამეს დაინახავ, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდი.
ბედნიერების სუპერძალა დათვური სამსახურის მხიარულ ოფისში მივიღეთ და გავიგეთ, რომ საკუთარი ხელებით უნდა შევქმნათ ჩვენი ბედნიერება
ფიქრის სუპერძალით წარსულში დარჩენილი საყვარელი ადამიანები გავაცოცხლეთ და ამაში ფიროსმანის დროინდელი გმირები დაგვეხმარნენ
შიშების დაძლევის სუპერძალა ღამის სამაყროში მოგზაურობით დავიმსახურეთ,
დროში მოგზაურობის სუპერძალა მომავლის ქვეყანაში 3017წელს დასაბადებელ ბავშვეთან შეხვედრით დავიმსახურეთ
ბუნების სუპერძალა კი დედამიწის მთავარმა მუხამ მოგვცა.
- ასე რომ წარმოდგენის ბოლოს 6 სუპერძალით დამუხტული დარბაზი, ერთი წლის ბავშვებიდან დაწყებული ასაკოვანი ბებია-ბაბუებით დამთავრებული, ტაშს უკრავდა და მღეროდა წარმოდგენის გმირებთან ერთად.
დიდხანს გამოგვყვა უფროსებსაც და ბავშვებსაც სპექტაკლიდან მიღებული დადებითი ემოციები.
საახალწლოდ ჩვენმა შვილებმა ერთი სუპერძალის მაგივრად 6 სუპერძალა მიიღეს.
მშობლების სახელით, რომლებსაც ჩვენი შვილების ბედნიერება გვსურს, მადლობას ვუხდი ბრენდი ბასტი ბუბუს შემოქმედებით ჯგუფს იმ შესანიშნავი ნოვაციებისთვის, რომლებითაც აგერ უკვე 25 წელია გავოცებენ.
ბასტი ბუბუ არის - შესანიშნავი იდეები, რომლის გენერატორი პროდიუსერი თამარ სხვიტარიძეა, მუსიკალური მასალა, რომლის ხელმძღვანელი მაკა აროშიძეა, სცენოგრაფია და კოსტუმები, რომელიც არტ. მენეჯერი ხათუნა წულაიაა და ბასტი ბუბუს დიდი ჯგუფი - პედაგოგები, ქორეოგრაფები, მუსიკოსები, რეჟისორები, მსახიობები, კომპოზიტორები, ოპერატორები, ტექნიკოსები და ფსიქოლოგები - სწორედ ისინი დაუღალავი შრომის შედეგად ქმნიან ქართული საბავშო წარმატებულ ბრენდს - ბასტი ბუბუს.
ბასტი ბუბუ ყველას უყვარს - ეს აქსიომაა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ვინც ზრუნავს ჩვენი შვილების ბედნიერებისთვის.