ულამაზესი ქალიშვილები ჰყავს, რომელთაგან ერთი ინგლისში სწავლობს საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელი ერი გულშემატკივრობდა. საოპერაციოდ ბერლინში ჩასულ პატრიარქს ამ დღეების განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია მისი ერთგული მეგობარი და ნათესავი, მისი ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი.
მეუფის შესახებ საზოგადოებისთვის არც ისე ბევრია ცნობილი და ახლა მის მიმართაც იმატა ყურადღებამ. განსაკუთრებით მას მერე, რაც პატრიარქის შესაძლო მემკვიდრეებს შორის საკმაოდ აქტიურად გაისმა მისი სახელიც. საზოგადოების ყურადღებას მეუფე დიმიტრი იმიტომაც იპყრობს, რომ პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადამიანია და მისი უახლოესი ნათესავი.
როგორც ცნობილია, ილია მეორეს (ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს), რომელიც 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა, ჰყავდა დედმამიშვილები: ძმები - თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო.
უფროსი ძმა ვიქტორი, რომელიც ბერი გიორგის სახელით მოღვაწეობდა, რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. მეუფე დიმიტრი კი ილიას ძმის შოთას შვილი გახლავთ. ერისკაცობაში ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი. დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში. ყმაწვილობიდან იგი იზრდებოდა ბიძის, იმხანად მეუფე ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მეთვალყურეობით. 1979 წელს დაამთავრა მცხეთის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. 1986 წელს დაიცვა დისერტაცია საეკლესიო ისტორიაში და დაბრუნდა საქართველოში. მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 1985 წლის 28 ივლისს დიაკვნად, 1986 წლის 12 იანვარს მღვდლად აკურთხა და განაწესა ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად. 1987-1988 წლებში მსახურობდა ალავერდის ტაძარში, 1988-1989 წლებში – თბილისის ანჩისხატის საკათოლიკოსო ტაძარში, იმავდროულად ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.
1989 წლის 13 მაისს მისი დეკანოზად ხელდასხმა მოხდა ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში. 1991 წლის 14 ოქტომბერს დაინიშნა ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორად. 1993 წლის 14 სექტემბერს დაინიშნა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1996 წლის 25 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად და მეორე დღეს, 26 ოქტომბერს ამაღლებულ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. იმავე წლის 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მცხეთის საკათედრო ტაძარში აკურთხა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 2003 წელს მეუფე დიმიტრის მიენიჭა მთავარეპისკოპოსის ხარისხი. 2006 წლის დეკემბერში ბათუმ-სხალთის ეპარქია გაიყო ბათუმ-ქობულეთისა და სხალთის ეპარქიებად. ბათუმ-ქობულეთის მღვდელმთავრად დადგინდა მთავარეპისკოპოსი დიმიტრი. 2007 წლის დეკემბერში ბათუმ-ქობულეთის ეპარქია გადაკეთდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიად, რომლის წინამძღოლად მიტროპოლიტი დიმიტრი აირჩია წმინდა სინოდმა და იმავე წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.
მეუფე დიმიტრის ჰყავს შვილებიც და უკვე - შვილიშვილებიც. მისი ულამაზესი გოგონებიდან ერთ-ერთს, ეკას, ოთხი შვილი ჰყავს და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში უკვე მრავალშვილიანი დედაა. უმცროსი გოგონა, ულამაზესი ანა, ლონდონში იღებს უმაღლეს განათლებას.