კაცი, რომელსაც მუხლებში უვარდებოდნენ, მის გამო მატარებლებს აჩერებდნენ და მილიონიან ჰონორარებს უხდიდნენ ცნობილი ექსტრასენსი 77 წლისაა. 90-იან წლებში ამ ადამიანს ჯადოქრად მიიჩნევდნენ. მისი სატელევიზიო სეანსების დროს ტელეეკრენებთან იჯდა მილიონობით ადამიანი. მას ენდობოდნენ და მისი სჯეროდათ. შემდეგ კაშპიროვსკი სადღაც გაქრა, დადიოდა ხმები, რომ ამერიკაში გადასახლდა. ამჟამად დიდ დროს ატარებს რუსეთში, დადის გასტროლებზე. საკმაოდ შეძლებულია - ერთ-ერთი პირველი მილიონერი იყო რუსეთში. ცოლი სულ ერთხელ მოიყვანა, რომელიც 20 წელი ჰყავდა. მასთან გაუჩნდა ქალ-ვაჟი, რომლებიც კაშპიროვსკის შვილიშვილებთან ერთად, ამერიკაში ცხოვრობენ.
ჩემი ვაჟის მოტაცება უნდოდათ
- ემიგრანტი არასდროს ვყოფილვარ, მივდიოდი და მოვდიოდი, ხან უკრაინაში ვიყავი, ხან ამერიკაში, ხანაც რუსეთში. საბჭოთა კავშირის დროს პირველი ახალი რუსი ვიყავი. ჩემამდე ხმა მოვიდა, რომ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით ჩემი ვაჟის გატაცება უნდოდათ. მომიწია შვილის ქვეყნიდან გაყვანა ჯერ იტალიაში, შემდეგ - პოლონეთსა და ამერიკაში. ჩემი მეუღლე და ქალიშვილი კიევში ცხოვრობდნენ, თუმცა ჩემმა გოგონამაც ძმასთან ერთად მოინდომა ამერიკაში გამგზავრება და იქ გადავედით. თუმცა ეს არ უნდა გვექნა, ისე მოხდა, რომ ჩვენი ოჯახი გაიფანტა, გოგონა კანადაში აღმოჩნდა, ვაჟი შტატებში დარჩა.
- ასაკის მატება ალბათ არ მოგწონთ?
- სამწუხაროა, როდესაც იხედები სარკეში და იქიდან ვიღაც მახინჯი შემოგყურებს ან როდესაც ლოგინად ხარ ჩავარდნილი. მე კი ამჟამად ვერ ვხედავ დიდ სხვაობას ახლანდელ ანატოლისა და 30 წლის ანატოლის შორის.
- ახლა რითი ხართ დაკავებული?
- ახლა ირკუტსკში გაფრენას ვაპირებ, იმედი მაქვს, ცოცხალი დავბრუნდები. როდესაც თვითმფრინავში ვჯდები მესმის, უი, კაშპიროვსკი მგზავრობს ჩვენთან ერთად, ე.ი. თვითმფრინავს არაფერი მოუვაო. თითქოს ჩემზე იყოს დამოკიდებული თვითმფრინავის აფრენა-დაფრენა. რეალურად ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ გამირისკავს. მაგალითად, სასმელს საერთოდ არ ვეკარებოდი, მაგრამ ერთხელ ერთი გოგონა მომეწონა. სუფრასთან ვისხედით და დაიწყეს ჩეზე, დალევა არ შეუძლიაო. ვიფიქრე, გაჩვენებთ ახლა, რა შემიძლია და რა არა-მეთქი. ავიღე ერთი ბოთლი ლიქიორი და მთლიანად მოვიყუდე. ყველა გაოცებული მიყურებდა. სულ დავცალე. ძალიან მიკვირს, მაშინ როგორ არ გარდავიცვალე. საშინლად ვიყავი. რამდენიმე დღე სერიოზული ჰალუცინაციები მქონდა, ციებცხელება დამეწყო, თითქოს მილიონობით ჩინელი მოდიოდა ჩემს დასაჭერად. საბედნიეროდ, ჩემმა ორგანიზმმა გადაიტანა ეს სტრესი.
სახლებს ვჩუქნიდი
- ამბობენ, რომ რუსეთში დიდძალი უძრავი ქონების პატრონი ხართ.
- არა. პირადად მე მოსკოვში მაქვს ბინა და სულ ეს არის. ჩემი პოპულარობის დროს ხალხი მოკრძალებულად ცხოვრობდა, მეც ხელფასი მხოლოდ 115 მანეთი მქონდა. როდესაც ტელევიზიით გამოჩენა დავიწყე, მართლა საოცრება მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ ფულის წვიმა წამოვიდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ჯერ რომ არაფერი გაქვს და უცებ 6-ნულიანი ანაზღაურებები. ალბათ, იმ დროს ბერეზოვსკი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობდა, მე კი პირველი ახალი რუსი ვიყავი.
"ნისან პატროლი" მყავდა, მანქანა კი არა, მხეცი იყო. მაშინ 28 ათასი მანეთი გადავიხადე იმ მანქანაში, სერიოზული თანხა იყო. სპეცრეისით ჩამომიყვანეს კიევში.
კიევში ძალიან დიდ პატივს მცემდნენ. ერთხელ მატარებელზე დამაგვიანდა და და გააჩერეს მატარებელი, ერთი საათი ალოდინეს, სანამ არ მივედი. ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
- მგზავრებმა რაო, არ იკითხეს, ვის ველოდებითო?
- რას ამბობთ, როდესაც მატარებელს მივუახლოვდი, ხალხი მორბოდა და მეხუტებოდა, ზოგი რას მჩუქნიდა, ზოგი რას. ერთხელ მენეჯერი მოვიდა ტაშკენტიდნა, თავისთან მეპატიჟებოდრ. ერთხელ, ორჯერ, უარი ვუთხარი, დაეცა მუხლებზე და ტირილი დაიწყო. როდესაც ჩავეძიე გაირკვა, რომ ჩემი იქ ჩაყვანისთვის წინასწარ მანქანა უჩუქებიათ.
ჩემს სეანსებზე უამრავი ხალხი დადიოდა, ერთხელ ერთ მარტოხელა დედას ბინაც კი ვაჩუქე. მაშინ ტაშკენტში იმდენი ფული გავაკეთე, არ ვიცოდი, სად წამეღო.
- მერე ბიზნესით დაკავდით, ნაგავს ამუშავებდით არა?
- მაშინ წერდნენ, კაშპიროვსკი ნაგვის მეფეაო. რა მეფე, რის მეფე, უბრალოდ ჩიკაგოში გავიცანი ხალხი, რომელთაც ეს ტექნოლოგია რუსეთში ჩამოიტანეს. პარტნიორი უნდოდათ, ქარხნის აშენებას გეგმავდნენ. თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოგვივიდა, ის კაცი გარდაიცვალა და. ერთი სიტყვით, საქმე ვერ აეწყო.
200 წელი სიცოცხლე საშინელებაა
- ფოტოებზე მშვენივრად გამოიყურებით.
- არც ისე. ბევრი სპორტული ტრავმა მაქვს, რაც თავს ხშირად მახსენებს. სერიოზულ სპორტს კარგა ხანია ჩამოვშორდი, თუმცა ფიზკულტურით სულ ვარ დაკავებული. ადამიანს სამი რამ სდევს თან მუდმივად: სიბერე, წვალება და სიკვდილი. ახლა ადამიანები თავისი სისუსტეებით ცხოვრობენ, ეს არის გართობა, ათასი სისულელე და იხოცებიან იმით, რითიც არ უნდა კვდებდნენ - გულით, ჰიპერტონიით.
- რამდენი ხანი იცოცხლებდით?
- 200 წლამდე რომ ვიცოცხლო, საშინელება იქნება. რად მინდა, თუ ირგვლივ აღარავინ მეყოლება, რად მინდა სიცოცხლე. ისე, 200 წელი რომ ვიცოცხლო და ყველა გვერდით მყავდეს, შეიძლება ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს ხომ არარეალურია.