"ძალიან გამხდარი ვიყავი... იმიტომ, რომ საჭმელი სულ მაკლდა... დამცინოდნენ ავადმყოფი დის გამო" - იყიდა თუ არა კონკიამ ფულით ბედნიერება? ნატალია ვოდიანოვამ ორიოდე დღის წინ 35 წლის იუბილე აღნიშნა და "გარდიანს" მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის თავის სიღარიბეზე, ქმრებსა და შვილებზე.
- სიღარიბე გაიძულებს, თავი დამცირებულად იგრძნო. გგონია, რომ რაღაც ისე არ გაქვს, განსაკუთრებით, ბავშვობაში. ხედავ სხვა ბავშვებს, ბედნიერებს და გგონია, რომ ეს ძალიან მაგარია. ოცნებობ, იყო ვიღაც სხვა... ალბათ ამ განცდების გამოც გავხდი მოდელი და ადვილად მოვირგე სხვების სამოსი და როლები, - ასე იხსენებს ნატალია ღარიბულ წარსულს, - სკოლაში, ნიჟნი ნოვგოროდში, კლასელი ბიჭები ვერ მიტანდნენ. ძალიან გამხდარი ვიყავი, რადგან პრაქტიკულად სულ მშიერი დავდიოდი. ჯოხს მეძახდნენ. დამცინოდნენ ჩემი დაიკოს ავადმყოფობის გამო (ნატალიას უმცროს დას ცერებრალური დამბლა და აუტიზმი აქვს - რედ.) და ბინძურს მეძახდნენ.
... საოცარი ინტუიცია მაქვს, რომელიც მეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. პარიზში 17 წლისა წავედი, თუმცა პრაქტიკულად იმავე დღეს გამოვიცვალე აგენტი, რომელმაც ჩასვლისთანავე გამგზავნა კლუბში, სადაც რამდენიმე მამაკაცი იყო და მივხვდი, რასაც მიპირებდა.
არაფერი არ მომხდარა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, რომ ასაკოვანი მამაკაცები იყვნენ და მე ისინი საშინლად არ მომწონდა. შემეშინდა კიდეც. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, აგენტი გამომეცვალა. მე ხომ იქ კარიერის ასაწყობად ჩავედი და არა ელიტურ მეძავად რომ ვქცეულიყავი.
რამდენიმე დღეში სააგენტო "ვივადან" დამირეკეს და მაშინვე დავთანხმდი...
...ჩემმა დამ მასწავლა სიყვარული და მოთმინება. ბავშვობაში მისთვის მხიარულება ნიშნავდა ყველაფრის აქეთ-იქით მოფანტვას, ყუთების არევას და უწესრიგობას. იჯდა ნაგვის თავზე და იცინოდა. ხანდახან, საჭმელებსაც ისროდა აქეთ-იქით და ოჯახისთვის, რომელსაც საკვები სულ აკლდა, ეს კატასტროფა იყო... მაგრამ მოთმინებას ვსწავლობდით, ვუგებდით - ის ხომ არ არის ისეთი, როგორიც ყველა.
მე ხუთი შვილი მყავს და დავრწმუნდი, რომ ბავშვების დაბადება კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.... და რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ რამეს.
ჩემს 2 წლის შვილს ძალიან არ მოსწონს, თუ ფორმაში არ ვარ. თუმცა ყველაზე მეტად უყვარს, როცა გაშლილი მაქვს თმა. თუ თმას ავიწევ, ეგრევე მეუბნება: "დედა, ძალიან ულამაზო ხარ".
საკმაოდ მკაცრი დედა ვარ, ყველაფრის უფლებას არ ვაძლევ შვილებს და ვფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა იცოდნენ, სად არის ზღვარი.
...ამბობენ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ ეს მხოლოდ მდიდრებმა იციან. როცა ღარიბი ხარ, არ გაქვს დრო მომავალზე საფიქრალად და მთავარია, იპოვო რაღაც, რომ შეჭამო.
როცა მდიდარი ხარ, გამუდმებით ფიქრობ მომავალზე, თუმცა მიზანზე რომ იყო ორიენტირებული, ძნელია, ბევრი საცდურია, დუნდები. მე ღარიბიც ვიყავი და მდიდარიც და ნამდვილად შემიძლაი ვთქვა, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი.
მე მივხვდი, რომ ბედნიერების განცდისთვის, სხვის ბედნიერებასაც უნდა შეუწყო ხელი. ამიტომ ვცდილობ, ქველმოქმედებაში ვიყო სულ ჩართული და ბევრ სხვა ადამიანს დავეხმარო უკეთ ყოფნაში.
...ჩემს ქმრებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა იგივეა, რაც ინგლისსა და საფრანგეთს შორის სხვაობა - მმართველობის ფორმა ხომ სხვადასხვაა იქ, მონარქია და რესპუბლიკა. ჩემი პირველი ქმარი, ლორდი ჯასტინ პორტმანი არ მუშაობდა, მაგრამ მოსიარულე ენციკლოპედია იყო და ძალიან შემოქმედი ადამიანი, უზარმაზარი თავისუფალი დროით.
ჩემი მეორე ქმარი, ანტუან არნო ბეჯითი და მშრომელია. პირველ ქორწინებაში პლუსი ის იყო, რომ ქმარს გაცილებით მეტი დრო ჰქონდა არდადეგებისა და უქმეებისთვის.