"აუცილებლად შეიყვანეთ საბავშვო ბაღში, რომ მან სწორი კომუნიკაცია ისწავლოს და..." ყოველთვის აქტუალურია კითხვები, თუ რატომ ამჯობინებენ მშობლები ერთი შვილის ყოლას? ხასიათის რა თვისებებით გამოირჩევიან დედისერთა შვილები? რა დადებით და უარყოფით შედეგებს იწვევს ოჯახში ბავშვის მარტო აღზრდა? დედისერთა ბავშვები და მათი ფსიქოლოგიური თავისებურებები არაერთხელ გამხდარა მეცნიერული კვლევის საგანი, შედეგები კი ყოველთვის განსხვავებულია. გადამეტებული მზრუნველობის შედეგად, დედისერთა ბავშვები ხშირ შემთხვევაში ჭირვეულები და მესაკუთრეები არიან. ძირითადად ვგულისხმობთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ოჯახში შეგნებულად აჩენენ ერთ შვილს და ეს არ არის დაკავშირებული სხვა პრობლემებთან.
დედისერთა შვილებზე, მათი ხასიათის თავისებურებებსა და აღზრდის მეთოდებზე ფსიქოლოგიურ-საკონსულტაციო-დიაგნოსტიკური ცენტრის „იდილიას“ ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი ბარბარე ჭკუასელი გვესაუბრება.
- როგორ ფიქრობთ, ოჯახების გარკვეული ნაწილი რატომ ამჯობინებს ერთი შვილის ყოლას?
- მშობლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრობლემურ თემად განიხილება ოჯახში ბავშვების რაოდენობა. ხშირად გვხვდება ოჯახები, რომლებსაც ერთი ან ორი შვილი ჰყავთ, შედარებით ნაკლებია მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც 3-ზე მეტი შვილი ჰყავთ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით აკეთებენ მშობლები არჩევანს, რაც გავლენას ახდენს შვილების რაოდენობაზე ოჯახში.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ოჯახის ფინანსური მხარე, რთული სამუშაო გრაფიკი და ა.შ. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე ის გარემოება, რასაც და-ძმის ინსტიტუტი შეიძლება დავარქვათ.
გარდა იმისა, რომ ზოგადად ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ოჯახური მდგომარეობა, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და-ძმის არსებობაა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.
ასევე იხილეთ: რატომ უნდა გააჩინოთ აუცილებლად მეორე შვილი
- რა დადებით და უარყოფით შედეგებს იწვევს ოჯახში ბავშვის მარტო აღზრდა?
- წარმოიდგინეთ, იბადება ბავშვი, რომლისთვისაც საწყის ეტაპზე დედასთან მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, დროთა განმავლობაში მასთან ურთიერთობა და თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამასთანავე, ის არის ოჯახის ყველა წევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ფაქტობრივად ბავშვი გარდა იმისა, რომ განვითარების რაღაც ეტაპამდე არის საკმაოდ ეგოცენტრული და ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მას უნდა, ოჯახის წევრებისგანაც იღებს იმ უპირობო გარემოებას, რაც განამტკიცებს მის ეგოცენტრულობას.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ იგივე ოჯახში იბადება მეორე ბავშვი, რომელსაც ამ ბავშვმა უნდა გაუყოს დედა, ოჯახის წევრების სიყვარული, ყურადღება, სივრცე და ყველაფერი ძვირფასი, რაც მას აქვს. ამიტომ საწყის ეტაპზე ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია. ამ ყველაფერს მოჰყვება პროტესტი და აგრესია, რომლის გამოვლენაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ნელ-ნელა ბავშვი ეგუება იმ გარემოებას, რომ ის არ არის სამყაროს ცენტრი. ბუნებრივია, ეს მისთვის მარტივი არ არის, მაგრამ ეს ეხმარება მას სოციუმთან ადაპტაციაში, რომელთან შეხებაც მას ასევე აგრძნობინებდა იმას, რომ ის არ არის ერთადერთი ბავშვი ამ სამყაროში, მაგრამ შესაძლებელია ეს მომხდარიყო უფრო მძიმედ და ტრავმულად, დედის, ახლობლების და იმ დაცული გარემოს გარეთ, რომელშიც რეალურად ბავშვმა ეს ყველაფერი გააცნობიერა.
ამის შემდეგ დგება მომდევნო ეტაპი, როცა ბავშვი შედის კონტაქტში და ნელ-ნელა ის სიამოვნებას ნახულობს დედმამიშვილთან ურთიერთობით. ეს არის ის რესურსი, რომელსაც შემდგომ ის ძალიან კარგად იყენებს ბაღში და სკოლაში სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას. დასთან ან ძმასთან ურთიერთობაში იზრდება ბავშვის გამოცდილება, ის ეუფლება სწორი კომუნიკაციის უნარებს (ბუნებრივია, მშობლის სწორი ჩართულობის ფონზე) და ნელ-ნელა სწავლობს საკუთარი თავისა და პოზიციების დაცვასაც. ეს ყველაფერი ზრდის მას პიროვნულად და ბუნებრივია, ამზადებს სოციუმთან ურთიერთობისთვის.
შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ და-ძმის არსებობა ძალიან კარგ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ადაპტაციაზე. გარდა იმისა, რომ მას ჰყავს ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახის წევრი, მისი დახმარებით ის ბევრად უფრო ადაპტურია გარემოსთან და უფრო კარგად აქვს განვითარებული კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, ვიდრე ნებისმიერ სხვა დედისერთა ბავშვს. მას შეუძლია სიყვარულის განაწილება, ჰყავს გამზიარებელი და შეუძლია გაზიარება. ეს არის ის ბონუსები, რომელიც ახლავს ოჯახში და-ძმის არსებობას.
გოდერძი შარაშია: "მესმის, ჩვენნაირ ქვეყნებს სჭირდება გამრავლება, მაგრამ სასურველია, გვყავდეს იმდენი, რამდენის მოვლის საშუალებაც გვაქვს"
- რა შეცდომებს უშვებენ დედები შვილების აღზრდაში, ხშირია, როცა არჩევენ შვილებს?
- ბუნებრივია, ოჯახში რამდენიმე ბავშვის ერთდროულად აღზრდა არ არის მარტივი და მშობელი უნდა ეცადოს, რომ ყურადღება მათ ერთნაირი რაოდენობით დაუთმოს. არ ჩაერიოს მათ კონფლიქტებში, ან თუ ჩაერევა შეეცადოს ნეიტრალური იყოს. ის თითოეული მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა ეცადოს არ შეადაროს ისინი ერთმანეთს და პატივი სცეს მათ ინდივიდუალობას.
- თუ მშობლები გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ მეორე შვილის ყოლას, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი, რომ სწორად აღზარდოს დედისერთა ბავშვი?
- შეიძლება მშობლებს ჰქონდეთ მრავალი შვილის ყოლის სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი იყოს, ამ შემთხვევაში უნდა ეცადონ, რომ დედისერთა ბავშვმა დიდი დრო გაატაროს სხვა ბავშვებთან, შეეჩვიოს მათთან ურთიერთობას. მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის და ნუ შეეცდებით მის შეცვლას, უბრალოდ დაეხმარეთ მას გამოცდილების მიღებაში. აუცილებლად შეიყვანეთ საბავშვო ბაღში, რომ მან სწორი კომუნიკაცია ისწავლოს და საკუთარ თავზე გამოსცადოს ეს ყველაფერი.
თქვენი მხრიდან სწორი ჩართულობა და უპირობო სიყვარული ჯანსაღი და ადაპტური ბავშვის ჩამოყალიბების გარანტიაა.
მერი ბლიაძე