გოდერძი შარაშია შვილის აღზრდაზე, მამობაზე და მრავალშვილიანობაზე ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას ერთი შვილი - 13 წლის ანდრია ჰყავს. ვინც გამარჯობა უთხრა, ყველა იმას ეკითხება, მეორეს არ აპირებთო? გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი.. მართალია, ბოლოსთვის მოვიტოვე ეს ფრიად "საჭირბოროტო" საკითხი, მაგრამ მეც მათ რიგებში ჩავეწერე, ვინც თავს უფლებას აძლევს, ერთშვილიან ოჯახს მომავლის გეგმები გაუმხილონ. ესეც ქართული მენტალობის "ბრალია" ალბათ. გოდერძის შვილზე და აღზრდის მისეულ მიდგომებზე ვესაუბრეთ.
- 30 წლის გახლდით, ანდრია რომ დაიბადა. მართალია, გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ როცა შენს მუცლადმყოფ შვილს ელაპარაკები, გრძნობ, უვლი მეუღლეს, ეს ყველაფერი მეტნაკლებად გამზადებს შემდეგი ეტაპისთვის. თუმცა, როცა უკვე პატარა იბადება და ხედავ შენს ნაყოფს, წამიერად ხდება შეყვარება. დაბადებიდან დღემდე, ყველაფერში რაც მას ეხება, აქტიურად ვარ ჩართული. ბუნებრივია, დედა უფრო მეტ დროს ატარებს შვილთან და მისი როლი უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მეც თავისუფლად შემეძლო გამეკეთებინა ის, რასაც უკეთებდა ჩემი მეუღლე, მაგალითად არ გამჭირვებია არც პამპერსის გამოცვლა, არც საჭმლის, ფაფის მომზადება და ა.შ.
- ახლა 13 წლისაა და გარდატეხის ასაკი ეწყება...
- კი. ეწყება და ვუმარტავთ ყველაფერს. ვამზადებთ ნელ-ნელა ყველა შემდგომი პროცესისთვის. ვთქვათ, თუ ახლა ფეხზე ან თუნდაც მკლავზე თმამ იმატა, ვუხსნით, ეს ყველაფერი ნორმალურია, გარდატეხის, მოწიფულობის ასაკს ახლავს თან, რომ შემდგომში ხმის ტემბრიც შეეცვლება და ა.შ. თვითონ თუ რამე კითხვა უჩნდება ნებისმიერ თემაზე, ჯერ იმას მეკითხება, შენ მამა ამ საკითხზე როდის გელაპარაკაო. თავდაპირველად იმით ინტერესდება არის თუ არა იმ კონკრეტულ თემაზე საუბრის დრო და შემდეგ ვწყვეტთ, ვისუბროთ ვრცლად, თუ ჯერ ადრეა.
- ხასიათში თუ შეეტყო სირთულე?
- არა, ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ იგრძნობა, როგორიც იყო, ისეთივე ბავშვური დარჩა. უბრალოდ ვიზუალურად ცვლილებებს ხედავს საკუთარ თავში და ეს მოსწონს.
- რა ეტაპზე იგრძენით მშობლობის სირთულე და რა საკითხში?
- ვერ ვიტყვი, რომ სირთულე ვიგრძენით, იმიტომ, რომ ყველა საკითხში ფეხდაფეხ მოვყვებით მის ზრდა-განვითარებას. არიან ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ბებიასთან, მხოლოდ შაბათ-კვირას ხვდებიან მშობლებს, ჩვენ ასეთი მომენტი არ გვქონია, სულ ფეხდაფეხ მივყვებით ანდრიას, ყურადღებას არ ვადუნებთ არანაირ საკითხში. ეს იქნება ექიმებთან გეგმიური ვიზიტი, სწავლა, გამაჯანსაღებელი პროცედურები თუ სხვა. შედეგად მას არც ერთ ეტაპზე არათუ ჩამორჩენა, ყოველთვის განვითარების წინსწრება აქვს.
- ვხვდები, რომ შვილთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ თქვენ როგორც მშობელს თუ გაქვთ თქვენი "მოთხოვნები" ანდრიას მიმართ?
- ისიც აბსოლუტური გაგებით ეკიდება ჩვენს პრეტენზიებს და ჩვენც - მის მოქმედებებს. ზოგჯერ ვეუბნები, ეს რომ გააკეთე, ბავშვურია, არადა გუშინწინ ვიფიქრე, რომ ცოტა დიდი იყავი-მეთქი. მაგრამ სულ გვპასუხობს, იცით, მე ბავშვი ვარ ჯერო. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არაფერს ვაძალებთ, ყოველ საღამოს, მე ან დედა აუცილებლად ვიბარებთ გაკვეთილებს. მართალია, ისეთ სკოლაში დადის, სადაც მომდევნო დღის გაკვეთილებნასწავლი ბრუნდება სახლში, მაგრამ მან იცის, რომ მე უნდა ვიცოდე, რა საგანს გადის ყოველდღიურად, რა დონეზეა მისი ცოდნა ამა თუ იმ საგანში და ა.შ. სანამ სახლში მივალ, ვურეკავ, ხომ გახსოვს, გაკვეთილები უნდა ჩამაბარო დაძინებამდე-თქო. ვუხსნი, მერე პრეტნეზია რომ არ გქონდეს იმაზე, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ გაგაკონტროლეთ და ამის გამო დაგდა რაიმე არასასურველი შედეგი, ჯობია დღეს ისე მოვიქცეთ, როგორც ვიქცევით-თქო. დიახ, ჩვენ ვმეგობრობთ და მას შეუძლია დამიძახოს ძმა, შესაძლოა, მეც მივმართო ასე, დიდებივით ვსაუბრობთ ამა თუ იმ თემაზე, ჩვენ მეგობრები ვართ, მაგრამ ამასთანავე მას ახსოვს, რომ მასზე გაცილებით დიდი ვარ და მამა ვარ, ეს კი ბადებს უფროსის მიმართ პატივისცემას, დედასთან ურთიერთობისას - ქალის მიმართ პატივისცემას. ჩვენი ასეთი ურთიერთობით მასში იბადება ჩემი ასაკის ადამიანებისადმი პატივისცემის დამოკიდებულება, ის ისე მოექცევა ჩემი ასაკის ადამიანს, როგორც მექცევა მე. ეს უფროს-უმცროსის ცნება, რაც ასე პრობლემურია, არ მინდა, ეშლებოდეს და ასე ვცდილობთ დავალაგოთ ეს საკითხი. ჩვენს ამ ურთიერთობაში მგონია, რომ ყველაფერი ერთიანდება, მორალი, ზნეობა, წესი და ა.შ.
- დედისერთობა იგრძნობა მის ქმედებაში, ხასიათში?
- სხვათა შორის, არა. ხომ ამბობენ, რომ დედისერთები არიან ეგოისტები, ითხოვენ და არ გასცემენ. ანდრია ასე არ არის, პირიქით, შეუძლია, საუკეთესო ნივთი აჩუქოს სხვას. მაგალითად, მოვა და გვთხოვს, შეგიძლიათ, მომცეთ ფული, რომ ვიღაც სხვას ჰამბურგერი ვუყიდო? შეუძლია იდარდოს იმაზე, რომ ყველა ბავშვს ერთნაირად არ აცვია, არ აქვს ერთნაირი საჭმელი, ვიღაცას არ ჰყავს მამა და ა.შ. შედარებით პატარას სოფელში დასასვენებლად რომ ვუშვებით, მეზობლის ბიჭისთვის, რომელსაც მამა არ ჰყავდ,ა სათამაშოები მიჰქონდა, იყიდდა ორ სხვადასხვა ფერის ბურთს, ორ მანქანას, ერთი მისთვის რომ მიეცა და მეორე თავისთვის დაეტოვებინა. არ უნდოდა, მასთან მიმართებაში უპირატესობა ეგრძნო, პირიქით, მოსწონდა, რომ თაბარად იქნებოდნენ ყველაფერში, თან იმ ბავშვს რომ მამა არ ჰყავდა, ეს ანერვიულებდა ძალიან და ამიტომ აკეთებდა ამ ყველაფერს.
- მეორე შვილზე არ გიფიქრიათ?
- (იცინის) ესაა მუდმივი შეკითხვა: გამარჯობა, როგორ ბრძანდებით და შემდეგი კითხვა უკვე ეგ არის – მეორეს არ აპირებთ? ამ საკითხს მე ცოტა სხვაგვარად ვუყურებ. მესმის, ჩვენნაირ ქვეყნებს სჭირდება გამრავლება, რაც უფრო დიდია შობადობა კარგია, მაგრამ სასურველია, გვყავდეს იმდენი, რამდენის მოვლის საშუალებაც გვაქვს. ადამიანი რომ დაიბადება, აქვს უფლება ჰქონდეს ყველაფერი არსებობისთვის. რაც უფრო სოციალურად შეჭირვებულია ადამიანი, მეტი შვილი ჰყავს, მდიდრებს - უფრო ცოტა, ეს ცნობილი ამბავია. მახარებს მრავალშვილიანი ოჯახები, შვილები სიმდიდრეა. მაგრამ მათ სჭირდებათ მოვლა, განათლება, მინიმუმ სამედიცინო მომსახურების მიღება, სხვა დეტალებზე რომ არ ვისაუბროთ და სამზარეულოს დონეზე არ დავიდეთ. განთლება არის უმთავრესი, ადამიანმა უნდა მიიღოს კარგი განათლება, რადგან სწორედ განათლებულმა საზოგადოებამ უნდა შექმნას ქვეყნის მომავალი... ასე რომ, მე ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად ვუყურებ...
ციცი ომანიძე