სიმპტომები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგეპაროთ - გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები რა იწვევს მუცლის ტკივილს ბავშვებში? რა საშიშროების მატარებელია მუცლის ტკივილი და რა განგაშის სიგნალებს იძლევა? როდის უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება მსგავს ტკივილებზე და როდის მიმართოს ექიმს? ამ და სხვა შეკითხვებზე, პედიატრიული პრივატ კლინიკის გასტროენტეროლოგი, ნათია ცირდავა გვესაუბრება.
- ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. მუცლის ტკივილით გამოვლინდება მუცლის ღრუს გასტროენტეროლოგიური და არაგასტროენტეროლოგიური პათოლოგიები, ექსტრააბდომინური, მათ შორის ინფექციური დაავადებები, ზოგჯერ სისტემური დაავადებებიც კი.
მუცლის ტკივილი შესაძლებელია იყოს მწვავე და ქრონიკული. მუცლის ტკივილს მწვავე ეწოდება, თუ ის გრძელდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში (არაუმეტეს 7 დღისა) და მნიშვნელოვნად აისახება ბავშვისთვის ჩვეულ ფიზიკურ აქტივობაზე. თუ ტკივილი გრძელდება 6 საათზე მეტხანს, დიდი ალბათობით ის გამოწვეულია მწვავე ქირურგიული პათოლოგიით.
მუცლის ქრონიკული ტკივილის ქვეშ იგულისხმება მუცლის ტკივილის სამი და მეტი ეპიზოდი უკანასკნელი სამი თვის მანძილზე, რომელიც ზღუდავს ბავშვის ფიზიკურ აქტივობას. უხშირესად ქრონიკული მუცლის ტკივილი ფუნქციური ხასიათია, ანუ რაიმე ორგანული პათოლოგია არ უდევს საფუძვლად.
რაც შეეხება მუცლის ტკივილის მიზეზებს, საკმაოდ მრავალფეროვანია. მწვავე ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, შეხორცებითი გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, აპენდიციტი, ობსტრუქცია უცხო სხეულით, სიმსივნით, ფეკალომით, ჰელმინთებით, ინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი (ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული), პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, პეპტიური დაავადება, ა.შ). ექსტრააბდომინური დაავადებებიდან მუცლის ტკივილი ხშირად ახლავს მენინგიტი, პნევმონია, სტრეპტოკოკული ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, მეტაბოლური დარღვევები (დიაბეტური კეტოაციდოზი).
ქრონიკული მუცლის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის უხშირესია ყაბზობა, პარაზიტული ინფექციები, საკვების აუტანლობა (მაგ. ლაქტოზის აუტანლობა), გასტროეზოფაგური რეფლუქსი, Helicobacter pylori ინფექცია, ცელიაკია, პეპტიური წყლული, გასტრიტი, დუოდენიტი, ჰეპატიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, ქრონიკული პანკრეატიტი, ფუნქციური დისპეფსია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ფუნქციური აბდომინური სინდრომი, აბდომინური შაკიკი, აეროფაგია.
- რა საშიშროების მატარებელია მუცლის ტკივილი და რა განგაშის სიგნალებს იძლევა?
- მუცლის მწვავე ტკივილი შესაძლებელია პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობით იყოს გამოწვეული, ამიტომ ყველა შემთხვევაში საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას.
დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს ტკივილის ტიპს (მუდმივი, ეპიზოდური, შეტევითი); ხასიათს (ყრუ, მჭრელი, მჩხვლეტავი, მფეთქავი); დაწყების დროს, ხანგრძლივობასა და ინტენსივობას; ბავშვის ზოგად მდგომარეობას, ტკივილის დაწყების მიზეზს და ასევე მუცლის ტკივილთან ასოცირებულ სიმპტომებს. მაგ: ცხელებას, ღებინებას, გულისრევას, დიარეას.
მწვავე მუცლის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები ე.წ. "განგაშის ნიშნები":
მოულოდნელი, მწვავე მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობა ყოველ საათში იმატებს და რომელსაც ახლავს:
მუცლის პროგრესული შებერვა; შეუპოვარი ღებინება (ზოგჯერ ნაღვლის ან ფეკალური მასების მინარევით); შოკის ნიშნები; ცხელება; ორთოსტატიული ჰიპოტენზია; პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები: დეფანსი (კუნთების ლოკალური რიგიდობა), ლოკალური მტკივნეულობა, ბლუმბერგის ნიშანი; ოლიგურია; შესაძლებელია იყოს ნაწლავთა მოქმედების ან გაზების გამოყოფის შეფერხება, ნაწლავთა გაძლიერებული ყურყური ან პერისტალტიკის გაქრობა, დიარეა; მოგვიანებით ცვლილებები სისხლის ანალიზში - ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრა, აჩქარებული ედსი.
- როდის უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება მსგავს ტკივილებზე და როდის მიმართოს ექიმს?
- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მწვავე მუცლის ტკივილი შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობით იყოს გამოწვეული, ამიტომ ყველა შემთხვევაში საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას.
რაც შეეხება ქრონიკულ, მორეციდივე მუცლის ტკივილის, მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე (თუ მუცლის ტკივილი ზღუდავს ბავშვის ფიზიკურ აქტივობას), მოქმედებს თუ არა გუნება-განწყობაზე, ასევე მუცლის ტკივილთან ასოცირებულ სიმპტომებზე (გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, შებერილობა და ა.შ.), თუ იწვევს უმადობას და ა.შ. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმ-სპეციალისტს.
ბავშვთა გასტროენტეროლოგს აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება:
* მწვავე და ქრონიკული მუცლის ტკივილი;
* წამოქაფება, რეფლუქსი;
* ღებინება;
* შეკრულობა;
* ქრონიკული ან მწვავე დიარეა;
* კვების პრობლემება;
* წონის პრობლემები ( სიმსუქნე, სიგამხდერე);
* ლაქტოზის აუტანლობა;
* სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან;
* საკვების აუტანლობა ან ალერგია;
* მოკლე ნაწლავის სინდრომი;
* ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
* ღვიძლის პრობლემები.
სალომე გორგოშიძე