რას გვირჩევს დიზაინერი, რომლის შეკერილი სამოსიც სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს ხათუნა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული დიზაინერია. მართალია, გარკვეული - ობიექტური მიზეზების გამო ამ ეტაპზე საკუთარი ბუტიკი აღარ აქვს და სახლში მუშაობს, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს მის პოპულარობას. მის მიერ შეკერილ საქმიან, საბანკეტო თუ საპატარძლო კაბებს ხშირად აზიარებენ ფეისბუქზე და უამრავი მოწონებაც ხვდება ხოლმე წილად. ხათუნამ გვიამბო, როგორ ქმნის თავის კაბებს, რა ხიბლავთ უფრო ქართველ პატარძლებს და რა არის უფრო მოდური დღეს თბილისში?
- ოჯახის ნებასურვლის თანახმად, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა ხატვა და დიზაინერობა ბავშვობიდან მიტაცებდა. პირველი კურსის დამთავრებისთანავე მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი სამყარო, საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი თავს. ვსწავლობდი, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა. ოჯახის წევრებმაც ჩემ შემყურე, გააცნობიერეს, რომ არ იყო იქ ჩემი ადგილი, აღარ შემეწინააღმდეგნენ და მეც დავიწყე ოცნების ასრულებისკენ სვლა... მალე აღმოვჩნდი სამხატვრო აკადემიაში, რომელზეც ადრე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო. ჩემი სპეციალობა გახლდათ ტანსაცმლის დიზაინი ტრიკოტაჟის განხრით. 1999 წელს დავამთავრე, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო სადიპლომო მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ დავიცავი. სამაგიეროდ, ამასობაში, ამ წლების განმავლობაში იმდენი ნამუშევარი დამიგროვდა, სულ საკუთარი, არც ისე მცირე ნაშრომით დავიცავი დიპლომი.
- ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში თქვენი შეკერილი კაბები, რომლებიც დახვეწილობით გამოირჩევა, ორიგინალობით და რაც მთავარია, უხდებათ ხოლმე მათ, ვისაც აცვია...
- განსაკუთრებული საიდუმლო არ მაქვს, უბრალოდ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დამკვეთს ყველა კაპრიზი და მოთხოვნილება დავუკმაყოფილო. მივყვები სილუეტს, ყველა ხაზს, ყველა დეტალს განვიხილავ მათთან ერთად, რომ საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩნენ და ჩემ მიერ შექმნილ სამოსში თავი ბედნიერად იგრძნონ... მიწევს ასლების კეთებაც, მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების, ესეც მათი სურვილით. თუმცა რასაკვირველია, უფრო თავისუფლად და თამამად ვმუშაობ, როცა ჩემი დიზაინით ვკერავ.
- რით მოწონთ უფრო თქვენი სამოსი – თარგია განსაკუთრებული, ხარისხზე მუშაობთ, ქალის ფორმებს ითვალისწინებთ თუ ეს ყველაფერი ერთად?
- ამბობენ, რომ განსაკუთრებული თარგი გაქვსო. რაღაც ჩემეული ფორმულები გამოვიგონე, რაც ხელიდან და გონებიდან მოდის და შეიძლება, ვერც ავხსნა. ხარისხიც თავსთავად. პატარა ხარვეზსაც კი, რასაც ასიდან ერთი შეამჩნევს, ჩემს თავს არ ვპატიობ და აუცილებლად ვასწორებ. ქალის ფორმებსაც ვითვალისწინებ და ყველაფერს ერთად. იდეალური შედეგისთვის ეს აუცილებელია.
- საიდან იღებთ იდეებს, გარდა იმისა, რომ ფანტაზიას უხმობთ – მოდას ითვალისწინებთ, ხელოვნებიდან იღებთ შთაგონებას თუ...
- 21-ე საუკუნეში იდეების აღება არ არის რთული. მთავარია, გემოვნება ჰქონდეს ადამიანს და ხედვა. კლიენტისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები მოდიან, ყველას თავისი ხედვები და მოთხოვნები აქვს და ამ დროსაც ჩემთვის საინტერესო ბევრი რამ ყალიბდება. ინტერნეტიც თავისთავად ბევრს აკეთებს, სიახლეების გაგებაში გვეხმარება და ა.შ. ტენდენციებსაც ვითვალისწინებ, სეზონის ხიბლს და ა.შ. თუმცა ჩემთვის ინდივიდუალიზმი მთავარია, ყველა ადამიანის სხეული და გემოვნება უფრო მეტს მკარნახობს, ვიდრე ტენდენციები.
- თუ შეგიძლიათ, რაღაც პატარა რჩევები მისცეთ სხვადასხვა კონფიგურაციის ქალებს – გამხდრებს, საშუალოებს, პუტკუნებს, ასევე დაბლებსა და მაღლებს...
- რჩევის მიცემა რთულია, განსაკუთრებით - ზოგადი რჩევების. ახალს ვერაფერს ვიტყვი. რაც ადამიანს გამორჩეულად კარგი აქვს, იმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ყოველთვის. ხაზი არ უნდა გაუსვას იმას, რაც თავადაც არ მოსწონს. როცა ამას ცოტათი ჩააქრობ, მიმალავ, შენც კომფორტულად იგრძნობ თავს.
- ვიცი, რომ თქვენთვისაც იკერავთ სამოსს და თქვენი შვილისთვისაც. როდის გრჩებათ ამის დრო და რამდენად კმაყოფილია თქვენი გოგონა, როგორც კლიენტი?
- ჩემთვისაც ვიკერავ, ვეღარც წარმომიდგენია, ნაყიდი სამოსი როგორ უნდა ვატარო. ჩემს გოგონასაც ვუკერავ, რასაკვირველია, და სიმართლე გითხრათ, ის ყველაზე რთული კლიენტია და ყველაფერი უნდა შევუთანხმო, იმდენად პრეტენზიულია.
- ძირითადად რა მოთხოვნები აქვთ კლიენტებს – მთავარია, რომ იყოს სამოსი მოდური თუ მათ უხდებოდეთ?
- კლიენტების ძირითადი მოთხოვნაა, მათ უხდებოდეთ. ამაში მიმართლებს – მხოლოდ ტენდენციებე არ არიან ორიენტირებული და იციან, რა უხდებათ. ისეთი ხალხი აღმოჩნდა ჩემ გარშემო და ისეთებთან ვმუშაობ, არ მიწევს მათთან მტკიცება, რა უხდებათ და რა არ უხდებათ. ეს მეხმარება. მოდას აუცილებლად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ მათზე უნდა იყოს ყველაფერი მორგებული.
- რა ფერებს ანიჭებენ ქართველები უპირატესობას, ისევ შავია უნივერსალური?
- შავის ტენდენციამ მეტნაკლებად გადაირია. უნივერსალურია, მაგრამ ფერებიც აქტიურად წამოვიდა. ბანკეტებზეც ადრე უფრო აქტიურად იკერავდნენ შავს, ახლა ბოლო დროს, ფერადზე გადავიდნენ. ვერც ვიხსენებ, შავი საბანკეტო კაბა ბოლოს როდის შევკერე. მიხარია, რომ გაფერადდა სამყარო.
- საქორწილოდ ქმნით ასევე მშვენიერ კაბებს. საქორწილო მოდაში რა შეიცვალა და რას გთხოვენ ხოლმე პატარძლები?
- ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო სამუშაო საქორწილო კაბაა. ისეთი ფენომენია, ვერ გადმოგცემთ, რომ მეც ამ ადამიანებთან ერთად ამ ბედნიერების მონაწილე ვარ. განსაკუთრებული სიყვარულით ვეკიდები, მგონია, რომ ჩემს შეკერილ კაბაზე ამ ადამიანის მომავალიც არის თითქოს დამოკიდებული და დიდი რუდუნებით ვკერავ. ვერ გადმოგცემთ, ეს ჩემთვის რამხელა რიტუალია.
შეიცვალა ბევრი რამ. ადრე უფრო ითხოვდნენ ფუშფუშა, დიდ კაბებს. ბოლო წლებში კი, ჩემს ნამუშევრებსაც რომ გადავხედავ, სხეულზე მომდგარი კაბები უფრო აქტუალური გახდა, უფრო ღია ზურგით. ადამიანებმა თავის მოვლაც მეტად ისწავლეს და უმთავრესად ლამაზი გოგონები მოდიან, მოვლილი სხეულით და მოსწონთ ხოლმე, რომ აქცენტს აკეთებენ თავიანთ სხეულზე. გამოკვეთილი აქვთ უფრო ტანიც. მეც მომწონს ეს დახვეწილობა.
- ალბათ ყოველთვის ყველაფერი მარტივად და ისე არ მიდის, როგორც წინასწარ გეგმავთ, გქონიათ საგანგებო შემთხვევები, რომელსაც ახლა ღიმილით იხსენებთ?
- არ ვიცი, რამდენად სასაცილოა, ორი ასეთი შემთხვევა მქონდა. ორივე ჩემს პატარა ქალბატონს უკავშირდება, ახლა კი მეცინება, მაგრამ ვერ გეტყვით, რა გადავიტანე. საპატარძლო კაბას ვკერავდი. კორსეტი მოგეხსენებათ, ორი ფენისგან შედგება. შიდა შეკერილი მქონდა, გარეთა – დაჭრილი, გამზადებული და დაწყობილი. გავაკეთე ერთი ფენა და მივბრუნდი მეორეს მისამაგრებლად. ჩემს ჭკვიან გოგოს აუღია ეს გამოჭრილი კორსეტი და თავისი ძაღლისთვის შეუკერია მოსასხამი... ლამის მოვკვდი, მომიწია უკვე შეკერილი კორსეტის დაშლა და მეორე ასლის გაკეთება... მეორე შემთხვევა იყო, მანეკენზე მქონდა ჩამოცმული კაბა და ქვემოდან მთელ სიგრძეზე შემოუჭრია. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ რა ქსოვილისგანაც ვკერავდი ამ კაბას, ბოლო თოფი ჰქონდათ და ძალიანაც რომ მდომოდა, ვეღარ ვიყიდდი ახალ ნაჭერს... ჩემს ბედად კლიენტს ისედაც გრძელი მოუვიდა ის კაბა და რაც ჰქონდა შეჭრილი, ისიც შესაკეცი აღმოჩნდა.
- როგორც ვიცი, მამაკაცების სამოსზე ნაკლებად მუშაობთ, მაგრამ მეუღლეს თუ უკერავთ?
- ადრე უფრო ვუკერავდი, აბსოლუტურად ყველაფერს, ჯინსის შარვლებიც შემიკერავს მისთვის და საკონცერტო სამოსიც (ხათუნას მეუღლე მომღერალი ჯაბა მესტვირიშვილია - ავტ.), ახლა უფრო ნაკლებად ვიცლი მისი სამოსისთვის.
- ბანკეტების სეზონზე განსაკუთრებით ხარ დატვირთული. სხვადასხვა სეზონს რომ გადავავლოთ თვალი და წლევანდელს შევადაროთ, ახლა რა არის უფრო აქტუალური "საბანკეტო მოდაში" და რის შეკერვას ითხოვენ მეტად?
- წელს განსაკუთრებულად მოდურია დატვირთული, ბზინვარე, ბრჭყვიალა, მდიდრული კაბები. თუ ხელით არის ნამუშევარი, ბისერებით, ქვებით და ა.შ. - კიდევ უკეთესი. სიგრძე უფრო გრძელია წელს აქტუალური და სხვა წლებთან შედარებით, გოგონები შარვლებსაც ირჩევენ საბანკეტო სამოსისთვის და არა მხოლოდ კაბას. ზემოდანვე გაშვებულ, ფართე შარვლებს იკერავენ.
ზოგადად კი შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლებში საქორწილო და საღამოს კაბების მოდაზე ყველაზე დიდი გავლენა მაინც ელი სააბმა მოახდინა და მასობრივად უფრო ელი სააბის დიზაინის კაბებზე აკეთებენ აქცენტს.
ციცი ომანიძე