2006 წლის შემოდგომაზე 5 წლის ელენ დესერიჩს, ვაიომინგის შტატიდან, თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ცხრა თვე გრძელდებოდა მისი უთანასწორო ბრძოლა დაავადებასთან, რომლის დასასრული თავიდანვე იყო განსაზღვრული.
და მთელი ეს ცხრა თვე, სიკვდილამდე, გოგონა, რომელმაც ის-ის იყო ისწავლა წერა-კითხვა, წერდა პატარ-პატარა ბარათებს თავისი ოჯახის წევრებისთვის. მას შესანიშნავად ესმოდა, რომ მალე გარდაიცვლებოდა და უნდოდა, რომ მისი ოჯახის წევრებს ბევრი არ ენერვიულათ.
გოგონამ ასობით ამაღელვებელი გზავნილი დაწერა, რომლებიც სხვადასხვა ადგილას დამალა - წიგნების ფურცლებში, ჩანთებში, თეთრეულში, ტანსაცმელში და ნათესავების სახლებშიც კი.
2007 წლის აგვისტოში ელენა გარდაიცვალა, თუმცა მისი მშობლები - 34 წლის კიტი და 35 წლის ბრუკი, ასევე მათი უმცროსი ქალიშვილი გრეისი - დღემდე პოულობენ შვილის გზავნილებს. როგორც წესი, ესენია ამაღელვებელი ნახატები პატარა ტექსტებით: "მიყვარხარ, დედიკო!" ან "ჩემს საყვარელ დაიკო გრეისს".
"პირველი ბარათი ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ ვიპოვეთ, - ჰყვება ბრუკ დესერიჩი, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი და ელენის დედა, - მერე კი სულ უფრო ხშირად და ხშირად ვპოულობდით. დღეს უკვე სამი დიდი კოლოფი გვაქვს შევსებული. საშობაო სათამაშოების ყუთშიც კი ვიპოვეთ".
ოჯახმა გადაწყვიტა, გააერთიანოს ელენის ჩანაწერები ერთ დიდ დღიურთან ერთად, რომელსაც მშობლები ამ მძიმე დაავადებასთან ურთულესი ბრძოლისას აწარმოებდნენ, რათა გამოსცენ წიგნი "ჩანაწერები სამოთხიდან"... მისი გაყიდვიდან შემოსულ თანხებს სიმსივნურ დაავადებებთან მებრძოლ ფონდში გადარიცხავენ.