თუ ბავშვი კარგად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეს მის ჭკუაზე კი არა, უფროსების ყურადღების ნაკლებობაზე მიანიშნებს თუ ბავშვი კარგად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეს მის ჭკუაზე კი არა, უფროსების ყურადღების ნაკლებობაზე მიანიშნებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პატარა ბავშვის მიერ პლანშეტის ჩართვა და თამაშის ჩატვირთვა იმაზე რთული სასწავლი სულაც არაა, ვიდრე კბილების გახეხვა. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ძალიან ჭკვიანი ან კარგად განვითარებულია. პირიქით, როგორც წესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბავშვი პრაქტიკულად მიტოვებულია და სწორედ ტექნოლოგიების გარემოში იზრდება.
"ახლა ისეთი დროა, რომ ტექნოლოგიების გარეშე შორს ვერ წახვლა. რაც უფრო მალე აითვისებს ბავშვი მათ, მით უფრო წარმატებული იქნება", - თავს იმშვიდებენ მშობლები. რასაკვირველია, გაცილებით იოლია, ბავშვს მობილური ტელეფონი ან იაფფასიანი ლეპტოპი უყიდო, ვიდრე მოთმინებით მოისმინო მისი დაუსრულებელი "რატომ", ასწავლო ხატვა და ბურთის თამაში, უკითხო ზღაპრები.
არადა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვი ნებისმიერ ტექნოლოგიას ნებისმიერ ასაკში, ერთ კვირაში აითვისებს. ზღაპრებისა და თამაშების, მშობლებთან ჩახუტების და სეირნობის დრო კი სამუდამოდ გაქრება. ამიტომ ნუ იამაყებთ იმით, რომ ბავშვი თავისით რთავს კომპიუტერს, შედის ინტერნეტში და პოულობს საყვარელ თამაშებს თუ ვიდეოებს. ჯობია, გვერდზე მოისვათ და უამბოთ, რას თამაშობდით ადრე, რომელი ზღაპრები გიყვარდათ. ისე გააკეთეთ, რომ როცა გაიზრდება, თქვენთან ერთად გატარებული დრო გაიხსენოს მეტად და არა კომპიუტერთან საათობით ჯდომისას გამქრალი ბავშვობა.
სწორედ ახლახან ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ პატარების დიდი ნაწილი პირველ სიტყვას "დედას" ან "მამას" კი არა, "პლანშეტს" ამბობს (იხილეთ სტატია). ასე რომ, დასაფიქრებელი გარემოება ნამდვილად არის და სანამ მშობლები კომპიუტერებსა და რობოტებს მთლად არ ჩაუნაცვლებიათ, მეტი დრო გამონახეთ შვილებისთვის.
ასევე იხილეთ: 4 საუკეთესო საშუალება, რომ ბავშვი კომპიუტერს მოვაცილოთ