ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება... ჩვენი რუბრიკის დღევანდელი რესპონდენტი მოცეკვავე თეა დარჩიაა. თეა ოთხი შვილის დედაა, ბოლო დეკრეტისას პენსიაზე გავიდა. ამბობს, რომ ცეკვისთვის თავის დანებება ძალიან რთულია, მაგრამ შვილები და სტუდიაში მუშაობა დანაკლისის კომპენსაციას ახდენს. მოცეკვავემ თავისი სიყვარულის ამბავი გაგვიზიარა.
- მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი.
ისე გავაჩინე ოთხი შვილი, სამშობიაროში წასვლამდე არ სჯეროდა, რომ ორსულად ვიყავი. ბოლოს 45 წუთში ვიმშობიარე. სამშობიაროში მიმიყვანა და მანქანის გადასაყენებლად წავიდა, უკან რომ შემობრუნდა, მიულოცეს, ბიჭი გყავთო. გადაირია! 24 წელია, შოკში მყავს (იცინის).
- მცირე ასაკში შეუღლდით...
- ოჯახის შექმნა ვიჩქარეთ, იმიტომ, რომ ამერიკაში ორი თვით ერთად უნდა წავსულიყავით. ორივე ტრადიციული ოჯახიდან ვართ, ანგარიში გავუწიეთ მშობლებს, ანსამბლსა და ქალბატონ ნინო რამიშვილს, ბუმბერაზ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონდა დაუკანონებელი და გაუმართლებელი ურთიერთობები.
ავსტრალიის შემდეგ ორი კვირით კვიპროსსა და ისრაელში წავედით. სწორედ იქ დავრწმუნდით, რომ ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარდა. ისრაელში საქორწინო ბეჭდები ვიყიდეთ, გოლგოთიდან დაწყებული ჯვრის მონასტრით დამთავრებული ყველა წმინდა ადგილას დავდეთ. ჩვენი აზრით, ვაკურთხეთ და გავიკეთეთ. მამაჩემი აეროპორტში დაგვხვდა. მახსოვს, ხელები ავწიეთ და ვაჩვენეთ, რომ ბეჭდები გვეკეთა. მამა მიხვდა, რომ შეუღლება გადაწყვეტილი გვქონდა.
ჩამოსვლიდან ერთ კვირაში ამერიკაში უნდა გავფრენილიყავით. გუჯას ვუთხარი, ან ჯვარი უნდა დავიწეროთ, ან რომელიმე ჩვენგანი მოგზაურობაში ვერ წავა-მეთქი. დავიწერეთ ჯვარი. მაშინ რომ მეფიქრა, მე და გუჯა ერთი სისხლი და ხორცი ვხდებით-მეთქი, გამიჭირდებოდა ნაბიჯის გადადგმა. მეორე დღეს ნიუ-იორკში გავემგზავრეთ. ჩვენი სასტუმრო ბროდვეიზე იყო. მივედით. გამოაცხადეს, ვინ ვისთან ერთად იქნებოდა ნომერში. პირველი მოგზაურობა იყო, როცა ბიჭთან ერთად დამასახელეს. მაშინ მივხვდი, რა გავაკეთე.
- ცოლ-ქმარმა სიყვარული როგორ უნდა შეინარჩუნოს?
- ბევრი შვილი უნდა გააჩინოს. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!
გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს.
- ოთხი შვილის ფონზე რომანტიკა შეიძლება არსებობდეს?
- ძალიან რომანტიკული ვარ, მაგრამ ჩემი ქმარი ისე დავქანცე, რომ აღარაფერი სურს სიმშვიდის გარდა. ბავშვების ჯანმრთელობა და მინიმალური საკვები, წიწიბურა იქნება ეს თუ ჰერკულესი, ჩვენთვის უდიდესი რომანტიკაა. იხილეთ სრულად