საოცრებათა შორის სასწაულზე უფრო მეტად სასწაული ამბავი მოხდა!!! "საოცრებათა შორის სასწაულზე უფრო მეტად სასწაული ამბავი მოხდა !!! დიდი ამბების შემდეგ მოვიპოვეთ საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის - Red Nose Day საქართველოში ჩატარების ლიცენზია. დავიწყებთ 24 მარტს და გაგრძელდება 24 აპრილამდე. ჩვენ ყველა ერთად ვიყიდით, გავყიდით, გავიკეთებთ წითელ ცხვირებს, ვიცინებთ და რაც ყველაფერზე მთავარია - შეგროვებული ფულით ზაფხულში ვიყიდით მიწას თბილისში და ავაშენებთ შენობას, სადაც სულ იქნება საჭმელი და ტანსაცმელი უფასოდ. ყველა ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, ყველა ერთად ვიზამთ ამას. რა გიჟივით მიხარია, ნეტავ იცოდეთ. 24 მარტიდან ყველას წითელი ცხვირი გვეკეთება იმისთვის, რომ შიმშილი და სიცივე მოვსპოთ," - წერდა აკა სინჯიკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.
საქართველოში აღნიშნული კამპანია უკვე დაწყებულია.
"ბიბლუსი" არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მხარში დაგვიდგა. კარგად მიხვდნენ კამპანიის კონცეფციას და ამისთვის მადლობლები ვართ. თანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა წითელი ცხვირების საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში გაგზავნაც. ამ კამპანიის მიზანია, პოზიტიური განწყობით დავეხმაროთ ადამიანებს. ბიბლუსის მსგავსად, სხვა კომპანიების ჩართულობით კიდევ უფრო წავახალისებთ საზოგადოებას, რომ კამპანიაში მონაწილეობა მიიღონ," - ამბობს პიარ საკონსულტაციო კომპანიის Key Communications დამფუძნებელი თეონა ბაღდავაზე, რომელიც Red Nose Day კამპანიის ორგანიზატორია.
"ბიბლუსის" კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ წითელი ცხვირების გაყიდვით არ შემოიფარგლება. 10 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით ბიბლუსი გალერეაში დაიდგმება Smart Photos GIFme აპარატი. მისული სტუმრები ცხვირების ყიდვას, უფასოდ ფოტოებისა და გიფების გადაღებას და შემდეგ სოციალურ ქსელებში ატვირთვას და მეგობრების გამოწვევას შეძლებენ.
"ჩვენ ამ კამპანიაში სამი ბრენდით ვმონაწილეობთ. GIFme აპარატი ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე განთავსდება და მსურველებს უფასოდ შეეძლებათ ფოტოებისა და გიფების გადაღება. მაგალითად, 5 დღის განმავლობაში მოთავსებული იქნება "ბიბლუსი გალერეაში", სხვა დღეებში კი - სხვადასხვა ადგილებზე. ამ ერთი თვის განმავლობაში Smart Photos ჯიხურებში თითოეული ფოტოს გადაღებიდან შემოსული თანხიდან 1 ლარი ამ ფონდში გადაირიცხება - ამბობს Smart Photos-ს დამფუძნებელი ალექსანდრე დოლიძე.
Red Nose Day ანუ წითელი ცხვირების დღე სათავეს 1988 წლიდან იღებს. შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა, 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც ბავშვების დასახმარებლად 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა.
მოგვიანებით ამ კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანია და სხვა. უამრავი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას, იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეხმარება ბავშვებს.
როგორც წესი, წითელი ცხვირების კამპანიაში უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობს. მათ შორის არიან ემა უოტსონი, ჯულია რობერტსი, ელენ დეჯენერესი, კეიტი პერი, ადელი, ენ ჰეთეუეი და მრავალი სხვა, რომლებიც ყოველწლიურად უერთდებიან კამპანიას.
წითელი ცხვირების კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება საქართველოში. ასე, რომ გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი.