ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ბორში - ბროკოლით და ყვავილოვანი კომბოსტოთი - მშობლები

ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ბორში - ბროკოლით და ყვავილოვანი კომბოსტოთი

2017-04-06 20:00:43+04:00

გემრიელი და სასარგებლო კერძის რეცეპტი - ოჯახის ყველა წევრისთვის ბორში ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ და სასარგებლო კერძად მიიჩნევა, რადგან მასში ბევრი სასარგებლო პროდუქტია ჩართული. თუმცა კიდევ უფრო სასარგებლოა, თუ ჩვეულებრივ კომბოსტოს დაუმატებთ (ან სულაც ჩაანაცვლებთ) ყვავილოვან კომბოსტოს და ბროკოლის.

ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მკითხველი რეცეპტის საკუთარ ვარიანტს გვთავაზობს, რომლითაც მთელ ოჯახს ანაყრებს და ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ. გთავაზობთ ამ გამოცდილ რეცეპტს:

"ჩემს შვილებს არ უყვართ ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ცალკე რომ გავუკეთო, არ შეჭამენ. ათასნაირად ვცადე. ბოლოს გადავწყვიტე, ბორშში მეცადა ისე, შეფარულად, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ. ყვავილოვანი დიდ ნაჭრებად ჩავყარე და ბროკოლიც სულ ბოლოს მწვანილთან ერთად წვრილად დავჭერი. თეფშში ყვავილოვანი არ ამომიღია, ბროკოლი კი ვერ შენიშნეს და გემრიელად მიირთვეს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ უკვე მოხარშული ყვავილოვანი წვრილად გახეხოთ და ასეთ შემთხვევაშიც შეერევა სხვა პროდუქტებს და ძალიან არ გამოჩნდება.

მაშ ასე, დაგჭირდებათ:

ყვავილოვანი კომბოსტოს 5-6 საშუალო ნაჭერი

ბროკოლის 4-5 საშუალო ნაჭერი

ძალიან პატარა თავი თეთრი კომბოსტო (სურვილის შემთხვევაში)

2-3 საშუალო თავი ხახვი

2-3 საშუალო სტაფილო

3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი

1 დიდი ან 2 პატარა ჭარხალი

ნახევარი სადილის კოვზი ტომატი

2-3 საშუალო კბილი ნიორი

კამა, ოხრახუში, ქინძი და ნიახური - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

ასევე იხილეთ: რომელი კომბოსტოა ყველაზე სასარგებლო - თეთრი, ყვავილოვანი თუ ბროკოლი

მომზადება:

წვრილად დაჭრილი ხახვი და ასევე დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო ზეთში მოშუშეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი თეთრი კომბოსტო და ადუღებულ მარილიან წყალში მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო. დაასხით იმდენი წყალი, რომ კომბოსტო დაფაროს და 15-20 წუთი აცადეთ, რომ იხარშოს.

ამასობაში გახეხეთ ჭარხალი და შეგიძლიათ, ისიც ცოტა ზეთში მოშუშოთ, პატარა ტაფაზე.

ასევე მოამზადეთ ბროკოლი - მდუღარე მარილიან წყალში მოწალეთ.

კომბოსტო რომ მოიხარშება, ჩაყარეთ ქვაბში კარტოფილი და ქვაბი გაავსეთ, რამდენი წვენიც გინდათ, რომ იყოს. იხარშოს კიდევ 10 წუთი და დაამატეთ ჭარხალი და ტომატი.

10 წუთის შემდეგ ჩაუმატეთ მარილი (მე სვანურ მარილსაც ვამატებ, უკეთესი გემო აქვს), მწვანილთან და ნიორთან ერთად წვრილად დაჭრილი ბროკოლი და კიდევ 5 წუთი დატოვეთ ცეცხლზე. თავად მიხვდებით, როდის იქნება მზად.

ზოგიერთი დიასახლისი პროდუქტებს ერთად ყრის და ერთად ხარშავს, თუმცა ცოტა მოგვიანებით თუ ჩაამატებთ ჭარხალს და კარტოფილს, მეტ სასარგებლო თვისებას შეინარჩუნებს.