"ასე იცის: რომ ვდგავარ, მომივა და მომეყრდნობა, ხე ვარ, თუ კედელი?!" სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. პირველ რიგში კი, მისი ოჯახის წევრებს და ერთგულ მეგობრებს. ასეთთ შორის ალბათ ყველას კახი კავსაძე გაახსენდება. ეს ორი ადამიანი წლები მეგობრობდნენ, თანამშრომლობდნენ, ნათესაობდნენ და ერთ მთლიანობადაც აღიქმებოდნენ ხშირად. ფეისბუქგვერდზე "დრო მიდის, კადრები კი რჩება", გივის პანაშვიდიდან გამოსული ატირებული კახი კავსაძის ფოტო გავრცელდა. კომენტარებში მათმა გულშემატკივრებმა კახის რამდენიმე ცნობილი სახუმარო ციტატა გაიხსენეს, რომლებიც გივის უკავშირდებოდა და ერთხმად აღნიშნეს, რომ "კახი დაობლდა".
კახი კავსაძე:
"- ასე იცის: რომ ვდგავარ, მომივა და მომეყრდნობა, ხე ვარ, თუ კედელი?! აბა, ერთი, გავბედო და გავიწიო, წავა და ხალხს დაუძახებს, - კახის მივეყრდენი და წამაქცია, მაგან არც მეგობრობა იცის და არც არაფერიო... ხალხი კი ყოველთვის ბერიკას ემხრობა. მაგიჟებს, როგორ ახერხებს ხალხის მოსყიდვას... "
"მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, ხომ გაგიგიათ? ვინ არის გივი ბერიკაშვილი? ჩემი მახრჩობელაა!.. ყველაფერში მედავება, ყველაფერს მისწორებს... რომ ვიტყვი რამეზე, ლამაზიაო, ამბობს, მახინჯიაო, ვუმტკიცებ ესა და ეს კოსტიუმი მე უფრო მიხდება-მეთქი, არა, მე მეტად ვიხდენო..."
კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი ჯერ კიდევ კინოში გახდნენ კოლეგები. "ღვინის ქურდები", "სიყვარული ყველას უნდა", "სამოთხის გვრიტები"... ჰქონდათ თანამშრომლობა თეატრში და ასევე ფილარმონიის სცენაზე - წლები ერთად უძღვებოდნენ "იუმორინას"... გივის გარეშე კახი მართლაც ძნელი წარმოსადგენია.
კახი კავსაძე: "რომ არა ბელას გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი"