ჩვენ ისევ ერთად ვართ... არ ვიცი, რამდენი დამიჯერებს, რომ ვთქვა, კახი კავსაძე უთქმელი კაცია-მეთქი. ვინც იცნობს, იცის, სილაღეშიც და გაბრაზებაშიც გვარიანად ხმაურიანია. მაგრამ მაინც... ჩემი აზრით, ყველაზე მეტად უთქმელი და თავის გულში ჩატრიალებული კაცია. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, მასთან, შინ ელ გრეკოს "მაცხოვრის" უბრალო ასლი რომ ვნახე, მაგრამ იმ იაფფასიანი ანაბეჭდიდანაც კი ადამიანურ ტკივილში გამოვლილი და ზეცით განმსჭვალული ადამიანობის განცდა მოდიოდა... სწორედ ამ განცდის გამო ჰქონდა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოფენილი, საკუთარ სულსა და გრძნობაში, ხელოვნებაში გააზრებული ელ გრეკოსეული ექსპრესიული მაცხოვრის სახე. ფრთხილად ვკითხე, ელ გრეკო გიყვართ-მეთქი? ისე მიპასუხა, ერთი ვიწრო სარკმელიც არ გამომიღო საკუთარი თავისკენ:
- მიყვარს.
კიდევ ვცადე... იქნებ ერთი ფრაზით მეტი მაინც დასცდეს-მეთქი. ის კი ჩვეული ომახიანობით იხსენებდა რაღაც ძალიან ძველ ამბავს, წინ რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო ეწყო. იცინოდა, ხუმრობდა...
გავჩუმდი.
გაჩუმდა.
- ...არტისტობა არასდროს მიფიქრია. უცებ გადავწყვიტე... ვიღაცას ჰგონია, ეს არის ყველაზე მხიარული, უზრუნველყოფილი, სალაღობო პროფესია, არადა, პირიქითაა.
ყველაზე ძლიერი - ბელა...
ერთხელ, ორი სეზონი იყო, ირაკლის და ნანუკას ხილი ვერ ვაჭამე. ნანუკა 8 წლის იყო, ირაკლი - 4 წლის. დიდი გაჭირვება იყო. კიდევ კარგი, კინოში მაინც მიღებდნენ... ოჯახში ერთადერთი ბელა იყო ყველაზე მაგარი. სიხარულიც ეგ იყო და იმედის მომცემიც. ყველაზე მეტად მანადგურებდა ის, როცა ძმაკაცს დახმარება სჭირდებოდა და ვერ ვეხმარებოდი. ახლა ყოველთვის მაქვს ფული, რომ შევეწიო ვინმეს. ნეტა ადრეც მქონოდა! რომ არა ბელას სიძლიერე და გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი. მეუბნებიან, თქვენ გქონდათ გამორჩეული სიყვარულიო... ჩვენ არტისტები ვართ და ჩვენი სიყვარული ჩანდა, თორემ საქართველო სიძულვილმა კი არ შემოინახა... არტისტი თუ ცუდს ჩაიდენს, ისიც მაგრად ჩანს. ჩვენი ყველაფერი ჩანს. ჰოდა, ჩვენი სიყვარულიც ჩანდა...
ისევ ერთად, ისევ გვერდით...
ბელას ორმოცი მოახლოვდა, ვზივარ შინ. ვფიქრობ, როგორ გავაკეთო-მეთქი. უცებ კარადიდან ისეთი რამ გადმოვარდა, მიწისძვრა უნდა მომხდარიყო, ის რომ თავისით ადგილიდან დაძრულიყო. ხმამაღლა დავუძახე: ვიცი, ბელა აქ ხარ! და კიდევ დამიმტკიცე-მეთქი. მაგიდაზე ჩანგალი იდო და ბრახ - გადატრიალდა!..
ჩვენ ისევ ერთად ვართ. ხომ ნახეთ, მეცნიერებაც აქეთ მიდის. ფარაონების ხმებს იჭერენ, პარალელურ განზომილებებზე ლაპარაკობენ....