ეს ამბავი ახალგაზრდა დედა მეგან ბადენს შეემთხვა. რამდენიმე ხნის წინ თავის შვილს შეამჩნია უჩვეულო მშრალი ხველა და ჰაერის უკმარისობის გამოვლინებები. ჩათვალა, რომ რაღაცამ გაუღიზიანა სასუნთქი გზები, ან ვირუსული იყო და გადაწყვიტა, დაკვირვებოდა და შემდეგ ექიმთან მიეყვანა. ერთხელაც ბავშვს რომ ძუძუს აჭმევდა, ცხვირში უცნაური წერტილები შენიშნა - ნესტოებში. მაშინვე გააქცია ბავშვი ექიმთან, თუმცა ეს სულაც არ დაუკავშირებია მის ხველასთან...
ექიმებმა ბავშვი ყურადღებით დაათვალიერეს, შემდეგ ფილტვები გაუსინჯეს, გული შეუმოწმეს და დასკვნებიც საკმაოდ მარტივად გააკეთეს...
მიზეზი ჩვეულებრივი არომატული სანთლები აღმოჩნდა, რომლებიც ძალიან უყვარს თურმე მეგანს და შინ ხშირად ანთებდა, განსაკუთრებით საღამოობით. აღმოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენდნენ ბავშვის სასუნთქ გზებზე და გარდა ამისა, სანთლის მიერ გამოცემული და დაფრქვეული ჭვარტლის ნაწილაკებიც ხვდებოდა ცხვირში და ნესტოებში ილექებოდა.
მეგანმა გადაწყვიტა, კიდევ უფრო დაწვრილებით გამოეკვლია ეს სანთლები და საგანგაშო ინფორმაცია მოიძია. პატარა სანთლებს, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს, უამრავი ზიანის მოყენება შეუძლია. ჭვარტლი ყველაზე საშიში სულაც არ ყოფილა. ამას გარდა, წვისას გამოიყოფა შხამიანი ნივთიერებებიც. და რაც ყველაზე დიდი საშინელებაა, მსგავსი პრობლემით უამრავი ბავშვი იღუპება.
ეთერზეთები, რომლებიც სანთლებშია, წვისას ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშ პროდუქტად გადაიქცევა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა ლიმონენი, ნივთიერება, რომელსაც აქტიურად იყენებენ პარფიუმერიაში. ნორმალური სახით ის სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის, თუმცა როდესაც ცხელდება 300 და მეტ გრადუს ტემპერატურაზე, ლიმონენი იშლება და ჰაერთან ურთიერთქმედებაში ახალ ნაერთებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი ფორმალდეჰიდია. გარდა ამისა, თანამედროვე კარ-ფანჯრები საკმაოდ ჰერმეტულებია და ფორმალდეჰიდი დიდხანს რჩება ბინებში.
დადასტურებულია, რომ არომატული სანთლების მუდმივი გამოყენებისას ხშირად უვლინდებათ ადამიანებს ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქული ასთმა, კანის ალერგიული რეაქციები და სხვა დაავადებები. სანთლების შემადგენლობაში ასევე შედის ხოლმე დიეთილფტალატი, რომელიც სუნის ერთგვარი გამამყარებელია. ის კი დიდი რაოდენობით გავლენას ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე და განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის.
პარაფინული სანთლების წვისას გამოიყოფა ბენზოლი და კიდევ რამდენიმე მავნე ნივთიერება, რომელთა შესუნთქვას ბრონქული ასთმისა და ფილტვების სიმსივნის გამოწვევა შეუძლია.
ასე რომ, თუ უარს ვერ ამბობთ არომატული სანთლების გამოყენებაზე, მათი დაწვის შემდეგ კარგად მაინც გაანიავეთ ოთახი. გარდა ამისა, დღის განმავლობაში 3 საათზე მეტ ხანს სანთელი არ უნდა ენთოს. ხოლო თუ პატარა ბავშვები გყავთ, სულაც დაემშვიდობეთ არომატულ სანთლებს.
ახლა მეგანი და მისი ქალიშვილი კარგად არიან და მეგანი სხვა მშობლებს აფრთხილებს.